ფორს-მაჟორის ცნების მისადაგება ეპიდემიოლოგიურ ვითარებასთან247 2022.03.13
ფორს-მაჟორის ცნების მისადაგება ეპიდემიოლოგიურ ვითარებასთან

რას წარმოადგენს დაუძლეველი ძალა ანუ Force Majeure? საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ვერ შევხვდებით ფორსმაჟორის დეფინიციას, თუმცა ის უმეტეს შემთხვევებში ითვლება პატივსადებ მიზეზად, მაგალითად, ფორსმაჟორულ ვითარებაში გრძელვადიან ურთიერთობაზე უარის თქმა დაწესებული ვადის დაუცველად შეუძლია ხელშეკრულების ნებისმიერ მხარეს (სსკ. 399.1), ტურისტული მომსახურების ხელშეკრულების დადების შემდგომ ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისგან თავისუფლდება მოგზაურობის მომწყობი, თუ დაუძლეველი ძალაა ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი (სსკ. 662.3 “ბ“), ასევე პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება გადამზიდველი, თუკი ზიანი დაუძლეველმა ძალამ გამოიწვია (სსკ. 669.2). ამასთან, ცხადია, ვითარების დაუძლეველ ძალად კვალიფიკაციისთვის აუცილებელია გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილება. უპირველეს ყოვლისა იგი მხარეთა ნებისგან დამოუკიდებელი, განსაკუთრებული, ობიექტურად არსებული, გადაულახავი გარემოება უნდა იყოს, რომლის არსებობაც, თავის მხრივ, მოვალეს ვალდებულების ჯეროვნად შესრულების საშუალებას არ აძლევს, რაც, მოგეხსენებათ, წარმოადგენს ვალდებულებითი ურთიერთობის ქვაკუთხედს-ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას (სსკ. 361.2).

„ფორს მაჟორის“ კლასიკურ შემთხვევებს წარმოადგენს ბუნებრივი კატასტროფები, გაფიცვები, ომი და ა.შ.  მეტი სიცხადისთვის, გერმანიის კანონში საგზაო მოძრაობის შესახებ აღნიშნულია, რომ საგზაო უბედური შემთხვევისთვის (Verkehrsunfall) პასუხისმგებლობა გამორიცხულია, თუ იგი დაუძლეველმა ძალამ გამოიწვია (§ 7 Abs. 2 StVG), ფედერალური სასამართლო კი დაუძლეველ ძალას განმარტავს როგორც გარეგან მოვლენას, რომელიც არაპროგნოზირებადია ადამიანური გაგებისა და გამოცდილების გათვალისწინებით, არ შეიძლება მისი თავიდან აცილება, თუნდაც უდიდესი სიფრთხილე გამოჩენის შემთხვევაშიც კი. 

საინტერესოა, შეიძლება თუ არა პანდემია მივიჩნიოთ დაუძლეველ ძალად ანუ ფორსმაჟორად. 

სარეკომენდაციო ხასიათის ჩანაწერს ვხვდებით საქართველოს სამრეწველო პალატის ვებ გვერდზე არსებულ ფორს-მაჟორის განმარტებაში-„ფორს-მაჟორული გარემოებები წარმოადგენენ ისეთ საგანგებო და შეუქცევად გარემოებებს, როგორიც არის სტიქიური უბედურებები, საომარი მოქმედებები, ხელისუფლების მიერ გამოცემული ნორმატიული აქტები, ხანძარი, წყალდიდობა, მიწისძვრა, ქარიშხალი, ეპიდემია, გაფიცვა, სამხედრო მოქმედებები, საქონლის ექსპორტ-იმპორტის აკრძალვა და სხვა. 

რეალურად, პანდემია- ეპიდემია გავრცელებული ვრცელ რეგიონში ან მთელ მსოფლიოში, თავისი არსით, ნამდვილად წარმოადგენს ისეთ მოვლენას, რომელიც მხარეთა მიერ წინასწარ განჭვრეტის შესაძლებლობას არ იძლევა და მათი კონტროლის ფარგლებსაც სცდება, თუმცა ვალდებულების შეუსრულებლობა ამავდროულად აუცილებლად უნდა იყოს პირდაპირ კავშირში კოვიდ-19-ის პანდემიით გამოწვეულ გარემოებებთან- ეს გარემოებები უნდა იყოს- condicio sine qua non, მაშასადამე, მიზეზობრივი კავშირი აუცილებლად უნდა არსებობდეს ფორსმაჟორულ გარემოებასა და ვალდებულების შეუსრულებლობას შორის. 

მორიგი მნიშვნელოვანი მახასიათებელი გახლავთ მხარის კონტროლს დაუქვემდებარებელი სიტუაცია, რომელიც ნამდვილად გააჩნია კოვიდ-19-ის მიერ გამოწვეულ პანდემიას, მან ნამდვილად შექმნა საკმაოდ უჩვეულო, ზოგადად კონტროლს რთულად დაქვემდებარებადი ვითარება, რაც თავის მხრივ, აისახება კიდეც მოვალის მიერ ვალდებულების შესრულებაზე, თუმცა აქ მთავარია, რომ მხარის ნებისგან დამოუკიდებლად იქნას წარმოშობილი შექმნილი ხელისშემშლელი გარემოება.

და მესამე ყურადსაღები ნიშანი გახლავთ ის, თუ რამდენად შეუძლებელი იყო გონივრულობის ფარგლებში გარემოების დადგომის გათვალისწინება და შესაბამისად, მისი თავიდან აცილება. ფორს-მაჟორად ვერ ჩავთვლით გარემოებას, გლობალურობის მიუხედავად, თუ ხელშეკრულების დადებისას პირს ობიექტურად შეეძლო, რომ აღნიშნული გაეთვალისწინებინა, მაგალითად, სადავოა საკითხი, ჩაითვლება თუ არა ფორს-მაჟორად ვითარება, როცა პირი არ დაიცავს „ჯანმოს“ ან თუნდაც სახელმწიფოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს COVID19-თან დაკავშირებით და შედეგად ვერ შეასრულებს დაკისრებულ ვალდებულებას.

თუმცა აუცილებელია დაისვას შეკითხვა, ჩაითვლება თუ არა დღესაც კი პანდემია ფორს-მაჟორულ ვითარებად, როცა სამყარო ადაპტირდა ახალ რეგულაციებზე, საკმაოდ პროგნოზირებადიც გახდა გარემოებები, რომლებიც შესაძლოა სამომავლოდ განვითარდეს და მხარეებმაც უნდა გამოიჩინონ გონუვრულობა ხელშეკრულების დადებისას. ვნახოთ გერმანიის BGH-ის პრეცენდენტული სამართალი როგორ განიხილავს აღნიშნულს, კერძოდ, პანდემიის პირველი რამდენიმე კვირის შემდეგ დაკავშირებული კარანტინისა და „ჩაკეტვის“ დროს თუ დაიდება ვთქვათ მიწოდების ხელშეკრულება, რაც ცხადია ფიქსირებულ დროებს ითვალისწინებს მიწოდების და შემდგომ ჰიგიენის წესების მოთხოვნით საჭირო გახდება მცირე ძალით განხორციელდეს მიწოდება, შესაბამისად, უფრო ნელა ან საერთოდ შეფერხდეს, აღნიშნული ვითარება ძნელად დაექვემდებარება ფორსმაჟორად მის შერაცხვას. ან თუნდაც, თუ ხელშეკრულება დაიდო პირობითად 2020 წლის აგვისტოში და მიწოდება 2021 წლის თებერვლისთვის დაფიქსირდა, ცხადია, პანდემია აღარ წარმოადგენდა უცხო, უცნობ მოვლენას და კონტრაქტის გაფორმების დროს კარგად იყო ცნობილი აღნიშნულზე, შესაბამისად, ძალაში დარჩება უმნიშვნელოვანესი პრინციპი-pacta sunt servanda. 

აქვე უნდა ვახსენოთ გერმანული პრაქტიკა, აუგსბურგის რაიონულმა სასამართლომ ფილტვების დაავადება SARS, როგორც ეპიდემია, მიიჩნია დაუძლეველ ძალად, რის გამოც ვერ შეასრულა მოვალემ ჯეროვნად თავისი ვალდებულება , თუმცა კვლავ, ჩვენ შემთხვევას რომ დავუბრუნდეთ, კოვიდ 19-ის პანდემიის ხანგრძლივობიდან გამომდინარე, ვერ მივცემთ მას, როგორც დაუძლეველ ძალას განუსაზღვრელ ვადას და ხელშეკრულებაში აუცილებლად უნდა მიექცეს ყურადღება დათქმას და მის ინტერპრეტირებას.

თუ დაფიქსირდა, რომ დაუძლეველი ძალა გახლავთ სწორედ ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზი, ცხადია, რამდენიმე სცენარით შეიძლება განვითარდეს მოვლენები. პირველი, როცა კარგავს შესრულებისადმი ინტერესს კრედიტორი, სამოქალაქო კოდექსი ასეთ დროს შესაძლებელს ხდის ხელშეკრულებიდან გასვლას, აქ შეგვიძლია მოვიყვანოთ სსკ-ი 405.2 მუხლის დანაწესი, „ბ“ ქვეპუნქტი, როცა დამატებითი ვადის დაწესება ან გაფრთხილება აუციელებელი არ გახლავთ, თუ კრედიტორმა ურთიერთობის გაგრძელება ხელშეკრულებით  დროულ შესრულებას დაუკავშირა, მაშასადამე, ჩვენს კონკრეტულ შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის გარეშე შეუძლია ხელშეკრულებიდან გასვლა, რამეთუ დაუძლეველი ძალა არც ერთი და არც მეორე მხარის მიერ გათვალისწინებადი არ ყოფილა, არ გამომდინარეობდა ინდივიდუალური ბრალიდან და სწორედ ამიტომ ლოგიკურია, რომ ზიანის ანაზღაურებას ვერ მოვთხოვთ მოვალეს. 

თუმცა, შესაძლოა, კრედიტორმა არ დაკარგოს ინტერესი შესრულებისადმი, ამ დროს განსაზღვრულია კონკრეტული ვადა, კერძოდ, ფორსმაჟორული გარემოების არსებობის ვადით (Temporary Force Majeure ), რომლის გასვლის შემდეგაც მოუწევს მოვალეს შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება (suspended performance ), მეორადი ვალდებულებისგან ანუ ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლოს ან ჯარიმის დაკისრება შესაძლოა გათავისუფლდეს პირი. 

და მესამე-შეცვლილ გარემოებებთან ხელშეკრულების პირობების მისადაგება, რაც საკმაოდ მოსახერხებელი ალტერნატივა გახლავთ მხარეებისთვის, რაზეც ქვემოთ უფრო ვრცლად ვისაუბრებ.

რაც შეეხება მოვალის პასუხისმგებლობას, აქაც ორი ვარიანტი იკვეთება: პირველი-ხელშეკრულება ითვალისწინებს მოვალის პასუხისმგებლობას, შეატყობინოს განსაზღვრული წესისა და ვადების დაცვით ფორსმაჟორულ გარემოებასთან დაკავშირებით, რათა გათავისუფლდეს პასუხისმგებლობისგან და მეორე- აღნიშნული დათქმა არ გახლავთ ხელშეკრულებით გათვალისწინებული. ასეთ დროს მოვალის ინტერესებშივე შედის იმოქმედოს კეთილსინდისიერად, დროულად შეატყობინოს კრედიტორს ფორსმაჟორული გარემოების შესახებ წერილობით. 

სასესხო და საკრედიტო ვალდებულებებზე სწორედ მოყვანილი ორი შემთხვევა ვრცელდება, თუმცა ძირითადად, სტანდარტულ სესხის ხელშეკრულებაში აუცილებლად გათვალისწინებულია დაუძლეველი ძალის ცნება და დათქმულ დროს შეტყობინებით პირს გადაუვადდება შესრულება დაუძლეველი ძალის დასრულებამდე, მაგრამ თუ ასეთ ჩანაწერს ვერ ვხვდებით ხელშეკრულებაში, ზოგადი მიდგომა და სსკ-ის 398-ე მუხლი, ანუ შეცვლილ გარემოებებთან მისადაგება. 

პანდემიის პირობების გათვალისწინებით მიღებული პრაქტიკა გახლავთ კომერციული ბანკების მხრიდან შეღავათების გაკეთება, როგორც ბევრმა ბანკმა დააწესა სამთვიანი გადავადება სასესხო ვალდებულებების შესრულება იურიდიული პირებისთვის. 

პირობა, რომელიც საქართველოს სამოსამართლო პრაქტიკიდან გამომდინარე აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული გახლავთ ის, რომ ყოველი ფორსმაჟორული გარემოების დამოწმება მხოლოდ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ უნდა განახორციელოს, მთელი რიგი ქვეყვების პრაქტიკისა. 

მაშასადამე, კოვიდ-19-ით გამოწვეული პანდემია თავისი არსით ნამდვილად გახლავთ ფორსმაჟორული ვითარება, თუმცა ეს მხოლოდ ვირუსის გავრცელების საწყის ეტაპებზე, რამეთუ დღესდღეისობით საკმაოდ ადაპტირებული გახლავთ საზოგადოება არსებულ ვითარებასთან და პანდემია აღარ წარმოადგენს მხარეთათვის უჩვეულო, მოულოდნელ გარემოებას, რომლის გათვალისწინებაც შეუძლებელი იქნება ხელშეკრულების დადების პროცესში. ამიტომაც აუცილებელია თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურად იქნას განხილული, ფორს-მაჟორზე მითითება მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა მოხდეს, როდესაც პანდემიის ვითარებაში რაიმე ახალი, მხარეთა კონტროლს მიღმა არსებული შემთხვევა აღმოცენდება-გამოწვეული პანდემიით, რომელსაც პირდაპირი, მჭიდრო კავშირი ექნება ვალდებულების შესრულების შეუძლებლობასთან, სხვა არაპრედიქტაბელურ შემთხვევებში, მხარე ვერ მიუთითებს კოვიდ19-ის პანდემიაზე, როგორც დაუძლეველ ძალაზე.

 

ბიბლიოგრაფია:

  1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  2. გერმანიის სამოქალაქო კოდექსი

  3. სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მესამე, ვალდებულებითი სამართლის ზოგადი ნაწილი

  4. სტატია „ფორს-მაჟორის და ,,Hardship“- ის ცნება უნიფიცირებულ სახელშეკრულებო ნორმებში და მათი ანალოგი ქართულ სამართალში“ ავტორები: ოთარ ხუციშვილი, მარიანა სისვაძე, მარი ტოხოსაშვილი

  5. სადისერტაციო ნაშრომი „შეცვლილი გარემოებების გავლენა ვალდებულების შესრულებასა და მხარეთა შესაძლო მეორად მოთხოვნებზე“ ნათია ჩიტაშვილი 

  6.   საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, „covid 19-ის გავლენა სამართლებრივ ურთიერთობებზე“.

  7. Force Majeure and Hardship under the UNIDROIT Principles of International Commercial Contract, Joseph M. Perillo, 2020

სასამართლო გადაწყვეტილებები: 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა, საქმე №ას-619-591-2016

უზენაესის გადაწყვეტილება - საქმე №ას-1118-1065-2013, 2 ივნისი, 2014

ფედერალური სასამართლოს განაჩენი 30.5.1974 – III ZR 190/71 


 

ავტორი: ნანული შაკინოვი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი


საიტი პასუხს არ აგებს აღნიშნულ სტატიაზე, მასში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტესა და გამოყენებული ლიტერატურის ან საავტორო უფლებების დაცულობის საკითხზე

სხვა სიახლეები
16 მაი

ცილისწამების დეკრიმინალიზაციის მნიშვნელობა

10 მაი

სამართლისა და პოლიტიკის გამიჯვნა კონსტიტუციური მართლმსაჯულების განხორციელებისას

04 მაი

არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების პრიორიტეტულობის პრინციპის მნიშვნელობა იუვენალურ იუსტიციაში

04 მაი

ბავშვები ოჯახში ძალადობის პირისპირ

13 მარ

სამართლის ნორმის ინტერპრეტაცია

13 მარ

მორალური ზიანი და კომპენსაციის პრობლემა სამართალში

13 მარ

სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები ქართული სამართლის ისტორიის მიხედვით

13 მარ

სასჯელის არსი და მიზნები საქართველოში

13 მარ

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზა - საჭირო ცვლილებები კონსტიტუციაში

13 მარ

მფლობელის მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფცია