ხალხთა თვითგამორკვევის უფლება და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების ტრანსფორმაცია თანამედროვე საერთაშორისო სამართალში  944 2022.03.07
ხალხთა თვითგამორკვევის უფლება და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების ტრანსფორმაცია თანამედროვე საერთაშორისო სამართალში

შესავალი

მსოფლიო ომებმა და მე-20 საუკუნეში მიმდინარე მოვლენებმა დიდი გავლენა იქონია საერთაშორისო სამართლის ჩამოყალიბებაზე. ამ პერიოდში დაარსდა გაერო (1945წ.), განისაზღვრა  ძირითადი პრინციპები. მათი ნაწილი 1970 წელს (7 პრინციპი) და ნაწილიც 1975 წელს (3 პრინციპი) მიიღეს. სწორედ უკანასკნელთა რიცხვს განეკუთვნება ტერიტორიული მთლიანობის პრინციპი, თვითგამორკვევის უფლება კი 1970 წლის დეკლარაციის პირმშოა. 

გაეროს დაფუძნება და მისი მიზნების განსაზღვრა დიდწილად იყო ნაკარნახევი  განვლილი „ომის საშინელი შედეგებით“, რომელთაც დაანახეს მსოფლიოს დაუცველობა პატარა სახელმწიფოებისა ძლევამოსილი აგრესორის წინააღმდეგ და უბიძგეს შეექმნა უფრო ქმედითი მექნიზმები თავდაცვისათვის. დღეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გარდა სახელმწიფოთა სუვერენული თავისუფლების სადარაჯოზე დგას არაერთი უნივერსალური, რეგიონალური, ზოგადი თუ სპეციალიზებული საერთაშორისო ორგანიზაცია. მიუხედავად ამგვარი წინგადადგმული ნაბიჯებისა, კვლავ გამოწვევად რჩება ისეთი პრინციპების ურთიერთმიმართება, როგორიცაა: თვითგამორკვევის უფლება და ტერიტორიული მთლიანობა.  უკანასკნელი განამტკიცებს საერთაშორისო სამართალში საყოველთაოდ აღიარებულ შეხედულებას, რომ ქვეყნის ტერიტორიის ხელყოფა დაუშვებელია, ნებისმიერი აქტი, რომელიც ლახავს საზღვრებს ეწინააღმდეგება დამკვიდრებულ მართლწესრიგს და, მაშასადამე, ანიჭებს დაზარალებულს უფლებას გამოიყენოს მის ხელთ არსებული საშუალებები ამგვარი ქმედების აღსაკვეთად. არანაკლებ მნიშვნელოვანია  ხალხთა თანასწორუფლებიანობისა და თვითგამორკვევის პრინციპი. იგი მოიაზრებს პოლიტიკური სტატუსის დამოუკიდებლად განსაზღვრის შესაძლებლობას (სხვა სახელმწიფოსთან შეერთების, მისგან გამოყოფისა თუ ნებისმიერი სხვა საშუალებით). შეიძლება ითქვას, რომ ზემოხსენებულნი ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან. სამართლის პრინციპების კოლიზიისას კი თითოეული ინარჩუნებს სავალდებულოობას, უნდა მოხდეს მხოლოდ მათი აწონ-დაწონა და ერთ-ერთისთვის შედარებითი უპირატესობის მინიჭება. იბადება კითხვა: რომელი პრინციპია უპირატესი თანამედროვე საერთაშორისო სამართლისთვის? როგორია მათი განვითარების საერთო ტენდენცია? რაზე მეტყველებს სახელმწიფოთა პრაქტიკა? 

ზემოხსენებულ კითხვებზე პასუხის გასაცემად წინამდებარე ნაშრომი მოკლედ მიმოიხილავს ამ პრინციპებთან დაკავშირებით არსებულ შეხედულებებს, პრეცედენტებსა და საერთაშორისო დოკუმენტებს, რათა გამოიკვეთოს  რეალობის მახასიათებლები, დადგინდეს რას ანიჭებს მეტ მნიშვნელობას დღევანდელი საზოგადოება. 

 

  1. ტერიტორიული მთლიანობისა და ხალხთა თვითგამორკვევის პრინციპები თანამედროვე საერთაშორისო სამართალში

 

უპირველეს ყოვლისა, საჭიროა მოკლედ მიმოვიხილოთ თითოეული პრინციპის განვითარება. ტერიტორიული მთლიანობის პრინციპი გამოიყო ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ჰელსინკის თათბირზე 1975 წელს. იგი განამტკიცებს საერთაშორისო სამართალში საყოველთაოდ აღიარებულ შეხედულებას, რომ ქვეყნის ტერიტორიის ხელყოფა დაუშვებელია. ასახულია გაეროს წესდებაშიც, რომლის თანახმად „წევრმა ქვეყნებმა თავი უნდა შეიკავონ ძალისა და მუქარის გამოყენებისაგან ნებისმიერი სახელმწიფოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის წინააღმდეგ“. მართლაც, საყოველთაოდაა ცნობილი, რომ ადგილობრივი ხელისუფალი გვევლინება უზენაეს განმკარგველად ტერიტორიისა, შესაბამისად, იურისდიქციის შემზღუდველი აქტი მართლსაწინააღმდეგოა. ამ ზოგადი წესიდან გამონაკლისი დაშვებულია, თუ საზღვრების შეკვეცა ხდება თვითგამორკვევის უფლების რეალიზაციის საფუძველზე. ზემოაღნიშნული ცხადყოფს ამ პრინციპის მნიშვნელობას და აუცილებელს ხდის მის განმარტებას. იგი მოიაზრებს ხალხის უფლებას „თავისუფლად განსაზღვროს თავისი პოლიტიკური სტატუსი და მიაღწიოს ეკონომიკურ, კულტურულ, სოციალურ დამოუკიდებლობას.“

იურიდიულ დოკუმენტებში თვითგამორკვევის უფლების პირველი განმარტება გაეროს პაქტებში გვხვდება, გამყარებულია წესდებაშიც და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს პატივი სცენ მას. თვითგამორკვევის პრინციპის კანონიერება დაადასტურა მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომაც, მეტიც, დასავლეთ ტიმორის საქმეზე განაცხადა, რომ ეს უკანასკნელი „თანამედროვე საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრინციპია“ და ატარებს erga omnes ხასიათს. ამ უფლების საყოველთაო აღიარებას ხაზს უსვამს მისი განმტკიცება არა მხოლოდ საერთაშორისო, არამედ რეგიონალურ დონეზე არსებული დოკუმენტებითაც, გვხვდება ადამიანისა და ხალხთა უფლებების აფრიკულ ქარტიაში, რომელიც გვამცნობს: „ყველა ხალხს უნდა ჰქონდეს არსებობის უფლება. მათ უნდა ჰქონდეთ უდავო და შეულახავი უფლება თვითგამორკვევისა“. 

ყოველივე ზემოაღნიშნული ცხადყოფს როგორც ტერიტორიული მთლიანობის, ისე თვითგამორკვევის უფლების მნიშვნელობას. თუმცა მათი არსი ურთიერთსაპირისპიროა, ვინაიდან უკანასკნელმა შეიძლება თავდაპირველის შელახვა განაპირობოს, ჯერაც არაა სრულად განსაზღვრული ვინ შეიძლება იყოს ამ უფლების განმახორციელებელი სუბიექტი. ეს კი გვიბიძგებს მოკლედ მიმოვიხილოთ არსებული სახელმწიფოთა პრაქტიკა თუ მეცნიერთა შეხედულებები.


 

ა)თვითგამორკვევის უფლების განხორციელების საერთაშორისო სამართლებრივი ასპექტები


 

თვითგამორკვევის უფლების მნიშვნელობა და თანამედროვე მსოფლიოში სწორედ ამ უფლების განხორციელების შედეგად განვითარებული მოვლენები გვიბიძგებს დავადგინოთ, ვინ გვევლინება ამ პრინციპის ხორცშემსხმელად. 

უპირველეს ყოვლისა, უნდა აღნიშნოს, რომ საუკუნეთა წინ თვითგამორკვევის უფლებით სარგებლობდნენ მხოლოდ ამა თუ იმ კოლონიაში წარმოდგენილი ხალხები, რომელთაც ჰქონდათ უფლება გამოყოფოდნენ არსებულ გაერთიანებას. დღეს მსგავსი პრობლემა აღარ არსებობს და წინა პლანზეა წამოწეული სუბიექტის დადგენის პრობლემა. საჭიროა კვლავ გავიხსენოთ გენერალური ასამბლეის განცხადება, რომ თვითგამორკვევა არის „ხალხთა უფლება“. მაშასადამე, საჭიროა გაირკვეს რას მოიცავს ზემოხსენებული ცნება. თუ მას ფართოდ განვმარტავთ, ყველა ერს ექნება თვითგამორკვევის უფლება, ხოლო თუ გავიაზრებთ სოციალურ-პოლიტიკური კუთხით არაერთი საერთაშორისო სამართლებრივი დათქმის გადახედვა მოგვიწევს. თანამედროვე საერთაშორისო სამართალი ვერ სცემს პასუხს ისეთ მნიშვნელოვან კითხვებს, როგორიცაა: რას მოიაზრებს ხალხი? აქვს თუ არა ეთნიკურ უმცირესობას თვითგამორკვევის უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა? ეს უკნასკნელი განსაკუთრებით საინტერესოა, თუ გავითვალისწინებთ, რომ საერთაშორისო ინსტრუმენტები, რომლებიც შეეხება უმცირესობათა დაცვას, მოიაზრებს არა მათ კოლექტიურ უფლებებს, არამედ მხოლოდ ინდივიდუალურს. გარკვეულწილად განსხვავებულია ვითარება თუ უმცირესობა ამავდროულად შეესაბამება ეთნიკურ ჯგუფს. არსებული პრაქტიკა და საერთაშორისო სამართლებრივი ნორმები გვაძლევს უფლებას დავასკვნათ, რომ აღნიშნული თანხვედრის არსებობისას გათვალისწინებულია თვითგამორკვევის უფლებით სარგებლობა და შედეგად გამოყოფაც.

მიუხედავად ამისა, საბოლოოდ არაა დადგენილი როდის შეიძლება მიეცეს ამ პრინციპის გამომყენებელს სეცესიის საშუალება. დაუდგენელია, ერი, რომელიც გადაწყვეტს უფლებით სარგებლობას რომელი პრინციპით უნდა ხელმძღვანელობდეს_ თვითგამორკვევისა თუ ტერიტორიული მთლიანობის. იურიდიულ ლიტერატურაში არსებული შეხედულებები ორად იყოფა.  ერთი მხრივ, თუ გავიხსენებთ რატნერის აზრს, იუგოსლავიისა და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ თვითგამორკვევის უფლებამ წამოიწია წინა პლანზე; მეორე მხრივ, როგორც კასესი ამტკიცებს, „თანამედროვე დიპლომატიურ პრაქტიკაში გამოყოფას ან გარეშე თვითგამოხატვას არ მოეპოვება მყარი მხარდაჭერა“. ეს საზრისი ირეკლავს უკანასკნელ პერიოდში განვითარებულ მოვლენებს. სახელმწიფოები არ არიან მზად დათმონ ტერიტორიული მთლიანობა თვითგამორკვევის პრინციპის ხორცშესასხმელად. შეიძლება ითქვას, რომ ისინი ყოველთვის არ აყენებენ პირველ ადგილზე უმცირესობებს და უმრავლესობის კეთილდღეობას სწირავენ მათ ინტერესს. ნიშნავს ეს, რომ მათი ქმედებანი მორალურად გაუმართლებელია? რა თქმა უნდა, არა! სახელმწიფოში, სადაც უზრუნველყოფილია მოქალაქეთა შორის სრული პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სხვა სახის თანასწორუფლებიანობა თვითგამორკვევის უფლების განხორციელების ლეგიტიმური მიზეზები არც არსებობს. თანამედროვე საერთაშორისო სამართალი არ უჭერს მხარს დემოკრატიული სახელმწიფოსაგან სეცესიის მცდელობებს. 

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ თვითგამორკვევის უფლების განასახორციელებლად არსებული დათქმები არაერთგვაროვანია და სახეს იცვლის შემთხვევათა შესაბამისად. მიუხედავად საკითხის აქტუალობისა, დღემდე არ არსებობს კონვენცია, ქარტია თუ ნებისმიერი სხვა სახის საერთაშორისო დოკუმენტი, რომელიც ჩამოაყალიბებდა ერთიან მიდგომას, თავიდან აარიდებდა მსოფლიოს შემდგომ გართულებებს. შეიძლება დავეთანხმოთ ვ. გრამატიკასს, რომელიც საუბრობს opinio juris-ის ნაკლებობის შესახებ, რაც პრობლემას ქმნის საკითხის გადაწყვეტის პროცესში.


 

ბ) თვითგამორკვევის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებული პრეცედენტების მოკლე მიმოხილვა

 

„სახელმწიფოთა საერთაშორისო თანამეგობრობა კვლავ დგას სისხლიანი შიდასახელმწიფოებრივი კონფლიქტების წინაშე. ერთ-ერთ ყველაზე საშიშ გამოწვევად რჩება ეროვნულ უმცირესობათა მცდელობა, გამოეყონ სახელმწიფოებს... ჩნდება კითხვა: მართლა ანიჭებს თანამედროვე საერთაშორისო სამართალი ეროვნულ უმცირესობებს გამოყოფის უფლებას?“ ამ კითხვაზე პასუხის საპოვნელად საჭიროა მიმოვიხილოთ პრობლემისადმი არსებული მიდგომა. ამ მხრივ, თვალსაჩინო მაგალითია კოსოვოს პრეცედენტი, რომელმაც დამოუკიდებლობა 2008 წლის 17 თებერვალს გამოაცხადა, მაგრამ დღემდე სახელმწიფოთა აზრი ორად იყოფა მის აღიარებასთან დაკავშირებით. მიუხედავად ამისა, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო საკონსულტაციო დასკვნაში საკითხის ვიწრო განმარტებით შემოიფარგლება და განაცხადებს, რომ კოსოვოს მიერ თვითგამორკვევის უფლების გამოყენება თუ დამოუკიდებლობის გამოცხადება არ ეწინააღმდეგებოდა საერთაშორისო სამართალს. დღესაც კოსოვო რჩება იმ იშვიათ გამონაკლისად, რომელმაც შეძლო ზემოაღნიშნული პრინციპის გამოყენება და გარკვეულწილად მიაღწია მიზანს. იმავეს ვერ ვიტყვით სხვა მსგავს შემთხვევებზე. შეიძლება გავიხსენოთ სომალის ჩრდილოეთ ნაწილის გამოყოფა და დამოუკიდებლობის გამოცხადება 1991 წლის 17 მაისს. სეცესია დაგმო აფრიკის კავშირმა, ნიშანდობლივია, რომ ის არ უღიარებია არცერთ სახელმწიფოს ან საერთაშორისო ორგანიზაციას (გამონაკლისად შეიძლება მივიჩნიოთ გაერთიანებული სამეფოსა და თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ურთიერთობა). განსაკუთრებულ შემთხვევას წარმოადგენს მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის გამოცხადებაც. ეს უკანასკნელი აზერბაიჯანის მიერ საბჭოთა კავშირიდან გამოყოფის პარალელურად მოხდა. სიტუაცია მალევე დაიძაბა, დაიწყო შეტაკებები, რომლებიც მალევე ომში გადაიზარდა. საბოლოოდ, სეპარატისტებმა დაიკავეს ტერიტორია სომხეთის დახმარებით, 1994 წელს გაფორმებულმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამ „დატოვა კიდევ ერთი „გაყინული“ კონფლიქტი კავკასიაში“. თუმცა ბოლო დროს განვითარებულმა პროცესებმა შეცვალა რეგიონში არსებული მდგომარეობა: აზერბაიჯანმა მიიღო ტერიტორიები, ხოლო ლაჩინში რუსი სამშვიდობოები განლაგდნენ. 

ვსაუბრობთ რა თვითგამორკევევის უფლების რეალიზაციაზე არ შეიძლება დავივიწყოთ საქართველოში განვითარებული მოვლენები. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადება სწორედ ამ პრინციპის საფარველქვეშ მოხდა. ისმის კითხვა შეიძლება მათი ქმედებანი მივიჩნიოთ თვითგამორკვევის უფლების ლეგიტიმურ გამოვლინებად თუ საქმე გვაქვს აგრესიულ სეპარატიზმთან? შეიძლება თუ არა საერთაშორისო საზოგადოებამ ცნოს ეს ერთეულები სუვერენულ სახელმწიფოებად კოსოვოს მსგავსად? ზემოაღნიშნულ კითხვებზე პასუხის გასაცემად საჭიროა მიმოვიხილოთ ის არგუმენტები, რომლებზეც ყურადღებას ამახვილებდნენ სეპარატისტები. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ თვითგამორკვევისა და შემდგომ სეცესიის უფლება შეიძლება მიენიჭოს არა ნებისმიერ ერს, არამედ მხოლოდ ისეთს, რომელსაც ავიწროვებს  სახელმწიფოში მცხოვრები უმრავლესობა. აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში მცხოვრებნი არასდროს ყოფილან დისკრიმინაციის მსხვერპლნი, რაზეც მეტყველებს შემდეგი ფაქტები:       1) სწავლება მიმდინარეობდა აფხაზურ და ოსურ ენებზე, 2) როგორც აფხაზები, ისე ოსები ჩართულნი იყვნენ აღმასრულებელი, საკანონმდებლო თუ სასამართლო ხელისუფლების განხორციელებაში,  3) ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლებს ჰქონდათ საშუალება შეესწავლათ საკუთარი კულტურა, ენა, ადათ-წესები. მოვლენათა ეს მოკლე შეჯამებაც ცალსახას ხდის დისკრიმინაციის არარსებობას. სეპარატისტთათვის ერთ-ერთი ძირითადი დასაყრდენი იყო ქართველთა მიერ ოსების გენოციდის მოწყობა, რაც მისცემდა ეროვნულ უმცირესობას სეცესიის მოთხოვნის უფლებას. აღნიშნული არგუმენტი უარყო საქართველოში კონფლიქტთან დაკავშირებული ფაქტების დამდგენმა დამოუკიდებელმა საერთაშორისო მისიამ და მოხსენებაში განაცხადა: „შესაბამისი სამრთლებრივი ნორმების ჭრილში ფაქტების ზედმიწევნითი გაანალიზებით მისია ადგენს, რომ საქართველოს მხრიდან 2008 წლის აგვისტოში ჩადენილი გენოციდის დანაშაული არ დგინდება არც სამართლით და არც ფაქტობრივი მტკიცებულებებით“. 

და ბოლოს, ხშირად ადარებენ ერთმანეთს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს კოსოვოს პრეცედენტს, მიზანი ამ შემთხვევაშიც ერთადერთია_ სახელმწიფოსაგან გამოყოფისა და დამოუკიდებლობის გამოცხადების გამართლება. საჭიროა, ზემოაღნიშნულთა ასპექტების შედარება; უპირველეს ყოვლისა, უნდა  აღინიშნოს, რომ კოსოვოელი ალბანელები, ოსები და აფხაზები წარმოადგენენ ეროვნულ უმცირესობებს. გარდა ამისა, ალბანელები და ოსები არიან მშობელი ხალხის ნაწილი, რომელიც სახელმწიფოს საზღვრებს  მიღმა სახლობს, აგრეთვე ორივეს ჩამოერთვა ავტონომიის სტატუსი კონფლიქტის შემდეგ. ძირითადად ამ მსგავსებებს უსვამენ ხაზს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში განვითარებული პროცესების გასამართლებლად, რის ნათელ მაგალითად გვევლინება ვ. პუტინის განცხადება, რომელიც აუცილებლად მიიჩნევს ამ შემთხვევების მიმართ მსგავსი პრაქტიკის მისადაგებას. აქვე უნდა გამოიყოს ის მთავარი ფაქტორი, რომელიც განაპირობებს შედეგების განსხვავებას: საქართველოში სეპარატისტთა ქმედებები არ იყო ნაკარნახევი მათ მიმართ გატარებული დისკრიმინაციული პოლიტიკით, რაც აშკარა იყო კოსოვოს შემთხვევაში. სწორედ ეს გახდა წყალგამყოფი ზემოაღნიშნული პრეცედენტებისა, ვინაიდან თანამედროვე საერთაშორისო სამართალი აღიარებს მას მხოლოდ უმცირესობათა ეთნიკური იდენტურობის დაცვის უკიდურესი აუცილებლობისას გამოსაყენებელ საშუალებად. როგორც კონდოლიზა რაისი აღნიშნავს: „კოსოვოში დაფიქსირებულ ფაქტორთა უჩვეულო ერთიანობა_ იუგოსლავიის დაშლის კონტექსტი, ეთნიკური წმენდა და დანაშაულნი სამოქალაქო პირების წინააღმდეგ, გაეროს ადმინისტრაციის გახანგრძლივებული პერიოდი არაა აღმოჩენილი, კოსოვოს გარდა, არსად, რაც აქცევს მას განსაკუთრებულ შემთხვევად. კოსოვო არ შეიძლება მივიჩნიოთ მსოფლიოში არსებული არცერთი სხვა შემთხვევის მიმართ პრეცედენტად“.


 

  1. დასკვნა

 

საერთაშორისო სამართალი განვითარების ხანგრძლივი გზის გავლის შედეგად გვევლინება სახელმწიფოთა თანასწორუფლებიანობაზე დამყარებულ სისტემად, რომლის ნორმები დგინდება და აღსრულდება სწორედ მთავარი სუბიექტების, ქვეყნების, მიერ. გარდა სავალდებულო ქცევის წესებისა, არსებობს პრინციპები. ისინი საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტია და მოქმედებენ ნებისმიერ შემთხვევაში. სწორედ ეს განაპირობებს ტერიტორიულ მთლიანობასა და თვითგამორკვევის უფლებას შორის სხვაობის აღმოფხვრის სირთულეს. ზემოთ წარმოჩენილი მაგალითებიც ნათელს ხდის, რომ ამ საშუალებისთვის მიმართვა ხშირად არ იძლევა სასურველ შედეგს. სახელმწიფო და თავისუფლებისთვის მებრძოლი ერი აღმოჩნდებიან კონფლიქტის შუაგულში, რომლის განმუხტვის საშუალებები წინასწარ არაა დადგენილი სამართლებრივი სისტემით. 

შეიძლება ითქვას, რომ ზემოხსენებულ პრინციპთა ლეგალური დეფინიციებისა თუ მათ ურთიერთმიმართებასთან დაკავშირებული ერთგვაროვანი შეხედულებების ნაკლებობა ერთ-ერთი გამომწვევია გაუგებრობისა. ერი, რომელსაც სურს სახელმწიფოს დაარსება, სეცესიის განხორციელების შედეგად მხოლოდ მაშინ მიაღწევს საწადელს, თუ სრულად ექნება გაცნობიერებული უფლება-მოვალეობანი, რომელიც ამ უკნასკნელიდან მომდინარეობს. წინააღმდეგ შემთხვევაში მისი ქმედებანი დაგმობილი იქნება საერთაშორისო საზოგადოების მიერ და მოექცევა სრულ იზოლაციაში, როგორც სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის, ტერიტორიული უზენაესობისა და უსაფრთხოების ხელმყოფი.

 თვითგამორკვევის უფლების მთავარ დადებით მხარედ მიიჩნევენ ჩაგრული ერისთვის დამოუკიდებლობის მინიჭების შესაძლებლობას, რაც ერთადერთი საშუალება კოლონიალიზმისაგან თავის დასაღწევად. აღნიშნული ფაქტორი არ შეიძლება არსებითად მივიჩნიოთ დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით. გაეროს წევრ სუვერენულ სახელმწიფოებს არ აქვთ კოლონიები და მათ მმართველობას იძულებით დაქვემდებარებული ერები, ანიჭებენ მათ ტერიტორიაზე მცხოვრებ ხალხებს უფლებას განავითარონ ეთნიკური იდენტობა, ენა, კულტურა, ტრადიციები. ზემოხსენებულის მხედველობაში მიღება ცალსახას ხდის თვითგამორკვევის უფლების თავდაპირველი მნიშვნელობის უფუნქციობას და საერთაშორისო საზოგადოებას აყენებს მორიგი გამოწვევის წინაშე: შეიმუშავოს დეფინიცია, რომელიც მოერგება თითოეულ შემთხვევას და ამავდროულად შექმნის საერთო მიდგომას პრეცედენტების მიმართ.

დასკვნის სახით ვიტყოდი, რომ, მიუხედავად საკითხის მნიშვნელობისა, დღემდე არ არსებობს ერთიანი პოზიცია იმასთან დაკავშირებით თუ როდის შეიძლება ზემოხსენებული უფლების რეალიზაცია, რასაც პრეცედენტებიც კი მოწმობენ. თუ გავითვალისწინებთ ყოფილი საბჭოთა კავშირისა თუ იუგოსლავიის ტერიტორიაზე მომხდარ შემთხვევებს კიდევ უფრო ნათელი ხდება, რომ ყველაფერი კონკრეტული შემთხვევის ინდივიდუალურ მახასიათებლებზეა დამოკიდებული. ეს კი გვიბიძგებს ვეძიოთ უკეთესი მიდგომა და ვპოვოთ იგი, რათა პრინციპის არსი „არ გამოიშიგნოს და არ დარჩეს კიდევ ერთი იურისტის ინტერპრეტაციას მინდობილ სათამაშოდ“.

 

ავტორი: ანანო ნაჭყებია (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი) 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

 იხ.: გაეროს წესდების პრეამბულა.
იხ.: გაეროს წესდება, მუხლი 2(4).
იხ.:UNGA Res. 1514 (XV), of 14-12-1960, Declaration on the Granting of Independence to Colonial Countries and Peoples, https://www.ohchr.org/EN/ProfessionalInterest/Pages/Independence.aspx#:~:text=General%20Assembly%20resolution%201514%20(XV)%20of%2014%20December%201960&text=2.,economic%2C%20social%20and%20cultural%20development.
იხ.: სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა პაქტისა და ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა საერთაშორისო პაქტისათვის საერთო პირველი მუხლი.
იხ.: გაეროს წესდება, მუხლი 1(2), 55.
იხ.:East Timor Case, ICJ Reports (1995) 90, 102 (§ 29).
იხ.: ადამიანისა და ხალხთა უფლებების აფრიკული ქარტია, მუხლი 20(1), https://www.achpr.org/public/Document/file/English/banjul_charter.pdf .
იხ.:UNGA Res. 1514 (XV), of 14-12-1960, Declaration on the Granting of Independence to Colonial Countries and Peoples, https://www.ohchr.org/EN/ProfessionalInterest/Pages/Independence.aspx#:~:text=General%20Assembly%20resolution%201514%20(XV)%20of%2014%20December%201960&text=2.,economic%2C%20social%20and%20cultural%20development.
იხ.:Ratner D., “Drawing a Better Line: Uti Possidetis and the Borders of New States”, 90 AJIL 590 (1996), გვ.614-615.
იხ.:Cassese, A., (1995) Self-Determination of People’s Legal Reappraisal, გვ. 51.
მართლაც, მიუხედავად საერთაშორისო საზოგადოების დიდი ნაწილის მიერ კოსოვოს აღიარებისა, სერბეთს არ სურს გავლენების დათმობა და 2006 წლის კონსტიტუციაშიც ამ ტერიტორიულ ერთეულს მოიხსენიებს ქვეყნის განუყოფელ ნაწილად, იხ.: http://www.parlament.sr.gov.yu/content/eng/akta/ustav/ustav_ceo.asp .
იხ.: ვასილიოს გრამატიკასი, „კოსოვო სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ?“, საერთაშორისო სამართლის ჟურნალი (2009), გვ.18.
იხ.: ლევან ალექსიძე, „საერთაშორისო სამართალი და საქართველო (ანტიკური ხანიდან დღემდე)“ (თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2012), გვ.680.
იხ.: ICJ Reports, 2010, გვ.7, https://www.icj-cij.org/public/files/case-related/141/141-20100722-ADV-01-00-EN.pdf .
იხ.: ვასილიოს გრამატიკასი, „კოსოვო სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ?“, საერთაშორისო სამართლის ჟურნალი (2009), გვ.16.
მაგალითად: აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე აუცილებლად უნდა ყოფილიყო აფხაზი, ხოლო უმაღლეს საბჭოში აფხაზები წარმოდგენილნი იყვნენ 28 წევრით.
აღნიშნულის დადასტურება კიდევ უფრო დაახლოვებდა არსებულ სიტუაციას კოსოვოს პრეცედენტთან.
ამავე „ვერსიას“ ემხრობოდა რუსეთის ფედერაცია, რათა გაემართლებინა ინტერვენცია საერთაშორისო სამართლის დებულებებით.იხ.: https://www.rt.com/news/putin-accuses-georgia-of-genocide/ .
IIFFM Report, vol. I. para. 2. https://www.echr.coe.int/Documents/HUDOC_38263_08_Annexes_ENG.pdf .
იხ.: http://en.kremlin.ru/events/president/transcripts/787 .
იხ.: https://2001-2009.state.gov/secretary/rm/2008/02/100973.htm .
Gearty, C. A. (2004) “Human Rights” in The Social Science Encyclopedia, გვ.471.

 

 

საიტი პასუხს არ აგებს აღნიშნულ სტატიაზე, მასში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტესა და გამოყენებული ლიტერატურის ან საავტორო უფლებების დაცულობის საკითხზე

 

სხვა სიახლეები
15 იან

ჰქონდა თუ არა რუსეთს სამხედრო ძალის გამოყენების უფლება უკრაინაში ?

09 იან

ინტერნეტ სამართალი და კიბერუსაფრთხოება

12 დეკ

მოქალაქის როლი დემოკრატიულ სახელმწიფოში

12 დეკ

სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის მნიშვნელობა და მისი კონსტიტუციური რეგლამენტაცია საქართველოს კონსტიტუციების მიხედვით

03 აგვ

დაკავების შესახებ განჩინების გასაჩივრების შეუძლებლობა, როგორც საკანონმდებლო ხარვეზი

13 ივნ

თავისუფლება და პირველი კონსტიტუცია

16 მაი

ცილისწამების დეკრიმინალიზაციის მნიშვნელობა

10 მაი

სამართლისა და პოლიტიკის გამიჯვნა კონსტიტუციური მართლმსაჯულების განხორციელებისას

04 მაი

არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების პრიორიტეტულობის პრინციპის მნიშვნელობა იუვენალურ იუსტიციაში

04 მაი

ბავშვები ოჯახში ძალადობის პირისპირ