ესე - სასამართლოს გადაწყვეტილება გიორგი ქებურიას მოთხოვნის შესახებ766 2022.03.07
ესე - სასამართლოს გადაწყვეტილება გიორგი ქებურიას მოთხოვნის შესახებ

  თანამედროვე საზოგადოების იდეა ეფუძნება ადამიანის თავისუფების კონცეფციას, რომლის მიღწევაც მხოლოდ ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, როგორც უზენაესი ღირებულებებისა და ფასეულობების, აღიარებითაა შესაძლებელი. სწორედ ამისთვის არსებობს სახელმწიფო და სამართალი, რომელთა მთავარ ამოცანასა და მიზანს თავისუფალი და ღირსებადაცული ადამიანი წარმოადგენს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ, კერძოდ მოსამართლე დავით წერეთელმა განიხილა გიორგი ქებურიას სასარჩელო მოთხოვნა მის მიმართ წარმოებული უკანონო სისხლისსამართლებრივი დევნის, ასევე მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამო მიყენებული მატერიალური ზიანის 26815 ლარის(რაც მოიცავს მის მიერ სისხლისსამართლებრივი დევნის პერიოდში სამართლებრივი დაცვის მიზნით საადვოკატო მომსახურებისთვის გადახდილ 24530ლარს, აგრეთვე სისხლის სამართლებრივი დევნის საფუძველზე განვითარებული ფსიქიკური აშლილობის გამო ფსიქოთერაპევტის კონსულტაციებში გადახდილ 300 ლარსა და სისხლისსამართლებრივი დევნის გამო მის მიერ უნივერსიტეტში გაცდენილი საგნების განმეორებით გასავლელად საჭირო ღირებულებას 1985 ლარის ოდენობით) და მორალური ზიანის 10000 ლარის, ანუ ჯამში 36815 ლარის ოდენობით ანაზღაურების შესახებ. სასამართლო საქმის არსებითი განხილვის შემდეგ მივიდა იმ დასვკნამდე, რომ მოსარჩელე გიორგი ქებურიას სარჩელი მატერიალური და მორალური ზიანის, ჯამში 36815 ლარის ანაზღაურების მოთხოვნის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს. ფაქტობრივი გარემოებებით დადგენილია, რომ მოსარჩელე გიორგი ქებურია 2017 წლის 7 ივნისს დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით, ხოლო 2017 წლის 9ივნისს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ნარკოტიკული საშუალების განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შეძენა-შენახვისათვის. ამასთან თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის განჩინებით, მოსარჩელე გიორგი ქებურიას 2017 წლის 9ივნისს შეეფარდა აღკვეთის ღონისძიება პატიმრობის სახით, თუმცა თბილისის პროკურატორის საგამოძიებო ნაწილის პროკურორის 2017 წლის 15 დეკემბრის დადგენილებით მოსარჩელე გიორგი ქებურიას მიმართ დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კერძოდ სისხლის სამართლებრივი კანონით გათვალისწინებული ქმედების არ არსებობის გამო. სასამართლოს ძირითადი მსჯელობა წარიმართა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რომლის თანახმადაც, „ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.“ ვფიქრობ, სასამართლომ ცალსახად სწორად განმარტა კონსტიტუციის მოცემული დებულება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად და აღნიშნა, რომ „საქართველოს კონსტიტუციის მითითებული ნორმა გულისხმობს პირისათვის, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, უკანონოდ მიყენებული ზიანის სრულად ანაზღაურების გარანტიას, ხოლო ზიანი უნდა განისაზღვროს ობიექტური გარემოებების საფუძველზე, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად.“ გარდა ამისა, დაეყრდნო ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტს, რომლის თანახმადაც, „ყველა მსხვერპლს, ვინც ამ მუხლის მოთხოვნათა დარღვევით დააკავეს ან დააპატიმრეს, აქვს კომპენსაციის ქმედითი უფლება.“ მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კუთხით სწორი აქცენტები დასვა, თუმცა, ვფიქრობ, რელევანტური იქნებოდა აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა მათ შორის საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მულის მე-6 პუნქტის ჭრილშიც, რომელიც რეალურად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის კერძო შემთხვევად მიიჩნევა. ზოგადად კონსტიტუციის მე-13 მუხლი ეხება ადამიანის თავისუფლებას, ხოლო ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად კი, „ამ მუხლის მოთხოვნათა დარღვევა ისჯება კანონით. უკანონოდ თავისუფლებაშეზღუდულ პირს აქვს კომპენსაციის მიღების უფლება“. მოცემულ შემთხვევაში კი დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე ცალსახაა, რომ მოსარჩელე გიორგი ქებურიას მიმართ განხორციელებული სისხლის სამართლებრივი დევნა და აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა უკანონოა. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის შესაბამისად, „სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისა და შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას პროკურორი სარგებლობს დისკრეციული უფლებამოსილებით, რა დროსაც ხელმძღვანელობს საჯარო ინტერესებით.“ მაშასადამე, სისხლისსამართლებრივი დევნის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილია პროკურატურა, რომელსაც გარკვეულ დისკრეციულ უფლებამოსილებას აძლევს საპროცესო კოდექსი, შესაბამისად კანონმდებლობა პროკურორს უფლებას ანიჭებს გააკეთოს არჩევანი სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებასა და სისხლის სამართლის საქმის წარმოების შეწყვეტას შორის, თუმცა ეს სრულებითაც არ გულისხმობს იმას, რომ პროკურორს აბსოლიტური თავისუფლება ენიჭება იმ საკითხის გადაწყვეტისას თუ როდის და ვის მიმართ დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა, რამეთუ მან ამ გადაწყვეტილების მიღებისას აუცილებლად უნდა იხელმძღვანელოს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით. „დასაბუთებული ვარაუდი არის რწმენის გონივრული საფუძველი, რომელიც არ არის გამყარებული საკმარისი (prima facie) მტკიცებულებებით, მაგრამ აღემატება უბრალო ეჭვს. შესაბამისად, დასაბუთებული ვარაუდის არსებობის მტკიცებისათვის საჭიროა დანაშაულის ჩადენის და მასში კონკრეტული პირის მონაწილეობის შესახებ ვარაუდის და არა ქმედების ფაქტობრივი მხარის მტკიცება.“ მაშასადამე იმისათვის, რომ პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყოს, მნიშვნელოვანია არსებობდეს თავად სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედება, დანაშაული, მოცემულ შემთხვევაში კი მოსარჩელე გიორგი ქებურიას მიმართ წარმოებული სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის საფუძველი სწორედ რომ სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არ არსებობა იყო და რეალურად იგი 6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში სრულიად ტყუილად იყო დაპატიმრებული, რითაც უსაფუძვლოდ და უკანონოდ შეეზღუდა საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლით მინიჭებული თავისუფლების უფლება და შესაბამისად შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ მოსარჩელე გიორგი ქებურიას მიმართ განხორციელდა უკანონო სისხლისსამართლებრივი დევნა და პატიმრობა, მაშასადამე მას ნამდვილად ჰქონდა კონსტიტუციის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტისა და მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად მისთვის მიყენებული ზიანის სრულად ანაზღაურების მოთხოვნის უფლება. ამასთან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სასამართლომ სწორად მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ დადგენილ განმარტებასთან დაკავშირებით საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესახებ, კერძოდ საკასაციო პალატამ განმარტა, რომ „საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მიზნებისათვის მართლსაწინააღმდეგოდ მიიჩნევა ისეთი ქმედება, რომელიც ფორმალური მართლზომიერების მიუხედავად დაუსაბუთებლად არღვევს პირის კონსტიტუციით დაცულ უფლებებსა და თავისუფლებებს.“ 

საბოლოოდ კი, დასკვნის სახით უნდა აღინიშნოს, რომ მოცემულ შემთხვევაში დადებითად უნდა შევაფასოთ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის სამართლებრივი სახელმწიფოს არსებობისათვის, სადაც უმთავრეს მიზანს სწორედ რომ თავისუფალი და ღირსებადაცული ადამიანი წარმოადგენს, რომლისთვისაც უბრალოდ ბლანკეტურად კი არ არის მისთვის მინიჭებული სახელმწიფოს მიერ აღიარებული ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, არამედ რეალურად არის უზრუნველყოფილი მათი დაცვის შესაძლებლობა. თავისთავად ადმინისტრაციული ორგანოების მიერ მსგავსი გადაცდომა და ადამიანის თავისუფლების უკანონოდ შეზღუდვა გაუმართლებელი და მიუღებელია სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოსთვის, განსაკუთრებით კი, იმის გათვალისწინებით, რომ თავისუფლების ძირითადი უფლების შეზღუდვით, როგორც წესი, პირს ეზღუდება სხვა ძირითადი უფლებებით სარგებლობის შესაძლებლობა, თუმცა, რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში უმთავრეს და უმნიშვნელოვანეს როლს სწორედ სასამართლო უნდა ასრულებდეს, როგორც უფლებათა დაცვის ძირითადი სამართლებრივი საშუალება. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის 1-ლი პუნქტი განამტკიცებს სასამართლოსადმი მიმართვისა და სამართლებრივი დაცვის კონსტიტუციურ უფლებას, რომლის თანახმადაც, „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია.“ გარდა ამისა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ შეკავება-გაწონასწორების კონსტიტუციური პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლოს, როგორც სახელმწიფო ხელისუფლების დამოუკიდებელ შტოს ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას სწორედ რომ აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებების კანონიერების შემოწმება წარმოადგენს, რისი სრულყოფილად, სამართლიანად და ჯეროვნად განხორციელებაც საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს ერთი მხრივ, ადამიანის უფლებათა დაცვას, ხოლო მეორე მხრივ, თავად აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან უფებამოსილებათა კანონის შესაბამისად განხორციელებას. მოცემულ შემთხვევაში კი უნდა მივიჩნიოთ, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის სწორი, სამართლიანი და ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვაზე ორიენტირებული, რაც, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს სახელმწიფოს სამართლებრივ განვითარებაში.

 

 

ავტორი: გიორგი აბაშიძე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტი.

 

 

გამოყენებული ლიტერატურა: 

  1. გ. თუმანიშვილი, სისხლის სამართლის პროცესი ზოგადი ნაწილის მიმოხილვა, თბილისი, 2014.

  2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის კომენტარი

  3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილება, საქმის N3/1557-18.

  4. Illinois v Gates, 462 U.S.213,244 n.13 (1983).

  5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 7თებერვლის გადაწყვეტილება, საქმის Nბს-432-429(2კ-17).

  6. საქართველოს კონსტიტუცია, ხელმისაწვდომია: https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/30346?publication=36

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია, ხელმისაწვდომია: https://matsne.gov.ge/ka/document/view/1208370?publication=0

 

საიტი პასუხს არ აგებს აღნიშნულ სტატიაზე, მასში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტესა და გამოყენებული ლიტერატურის ან საავტორო უფლებების დაცულობის საკითხზე