მოვალის გარანტია-როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ერთ-ერთი ფორმა354 2022.01.22
მოვალის გარანტია-როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ერთ-ერთი ფორმა

 

სტატიის მიზანია ინფორმაციის მიწოდება მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებათა ზოგად საფუძვლებსა და მოვალის გარანტიის არსის განსაზღვრაზე.

 ვალდებულებით-სამართლებრივი ხელშეკრულებების რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. ამ უკანასკნელის ერთ-ერთი დამახასიათებელ კრიტერიუმს მისი სინალაგმატურობა წარმოადგენს, რაც გულისხმობს სამართლებრივი ურთიერთობის თითოეული მხარისთვის უფლება-მოვალეობათა წარმოშობას. არსებული პრაქტიკა ცდაჰყოფს, რომ რიგი მიზეზების გამო შესაძლოა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე ერთ-ერთი მხარე- მოვალე, ვერ ასრულებდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებას, რაც გამოწვეული შეიძლება იყოს  პატივსადები მიზეზებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით,   გადახდისუუნარობით. აღნიშნულ გარემოებათა არსებობა ართულებს ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შესრულებას ან შესაძლოა შესრულდეს, თუმცა არა იმ ფორმით, რომელიც გათვალისწინებული და შეთანხმებული იყო მხარეთა შორის. ვალდებულების ჯეროვანი და კეთილსინდისიერი შესრულება რეგულირებული და მოთხოვნილია კანონით, კერძოდ კი სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით:,,ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.’’გარდა კანონის ამ ჩანაწერისა, კრედიტორის მოლოდინი მოვალის მხრიდან ვალდებულების შესრულებაზე ეფუძნება მათ შორის არსებულ ურთიერთობასა და ნდობას, მორალურ პრინციპებს. თუმცა, მოულოდნელი შემთხვევებისგან დაზღვეული არავინ გახლავთ. სწორედ, აღინშნული გარემოებიდან გამომდინარე, დადგა დღის წესრიგში მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებათა შემოღების აუცილებლობა, რომელიც მიზნად ისახავს კრედიტორის დაცვას და მოვალის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობის რისკის რეალიზაციის შემთხვევაში კრედიტორისთვის უფლებამოსილების მინიჭებას- დაიკმაყოფილოს მოთხოვნა შესაბამისი საშუალებით. მიზანი ამ სამართლებრივი ინსტიტუტისა ნათელია. რაც შეეხება მის კლასიფიცირებას, ორი სახეა შემოთავაზებული :სანივთო და ვალდებულებით-სამართლებრივი უზრუნველყოფის საშუალებები. ვინაიდან ჩემი განხილვის საგანს, ეს უკანასკნელი წარმოადგენს სანივთო სამართალზე მოკლედ ვიტყვი, რომ დღეისთვის ფართოდ გავრცელებული და ყველასთვის ნათელი იპოთეკისა და გირავნობის ინსტიტუტები უზრუნველყოფის საშუალებებს წარმოადგენენ და კრედიტორის მოთხოვნას მყარ და ეფექტურ საფუძველს უქმნიან. ვალდებულებით-სამართლებრივი უზრუნველყოფის საშუალებები ორ ჯგუფად იყოფა: სახელშეკრულებო(პიროვნული, მაგალითად: თავდებობა და საბანკო გარანტია) და დამატებითი საშუალებები. ამ უკანასკნელში იგულისხმება: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია. თითოეული მათგანი ერთგვარი მაიძულებელი მექანიზმია, რომელიც მოვალეს ახსენებს, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, დაეკისრებათ მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალებით გათვალისწინებულ ქმედებათა შესრულება. 

 რას გულისხმობს მოვალის გარანტია და რა ადგილი უჭირავს ქართულ კერძო სამართალში?! აღნიშნული საკითხი მოწესრიგებულია სამოქალაქო კოდექსის 424-426-ე მუხლებით.  424-ე წარმოადგენს ცნების ნორმას, რომლის თანახმად:,,მოვალის გარანტიად ითვლება, როცა მოვალე კისრულობს რაიმე უპირობო მოქმედების ან ისეთი მოქმედების შესრულებას, რომელიც სცილდება ხელშეკრულების საგანს.’’ შესაბამისად, აქვე შეგვიძლია შევადაროთ და დავინახოთ მკაფიო განსხვავება საბანკო გარანტიასა და მოვალის გარანტიას შორის- პირველ შემთხვევაში სადაზღვევო კომპანია, ბანკი ან საკრედიტო დაწესებულება გვყავს გამცემის როლში. მოვალის გარანტია მიეკუთვნება აქცესორულ უზრუნველყოფათა საშუალებას, რაც გულისხმობს იმას, რომ ძირითადი ხელშეკრულების არსებობაზეა დამოკიდებული მისი წარმოშობა და განხორციელება. მოთხოვნის უზრუნველყოფის ამ საშუალების ფუნქციას წარმოადგენს ძირითადი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა და შეუსრულებლობის შემთხვევაში მოვალის მიერ შეპირებული სხვა მოქმედების განხორციელება, რამაც უნდა დააკმაყოფილოს კრედიტორის ინტერესი. მოვალის გარანტიის გამოყენებას ხშირად არ ვხვდებით სახელშეკრულებო ურთიერთობებში ,რაც განპირობებულია მოცემული საკითხის სიახლით. ის ჯერ კიდევ ჩამოყალიბების გზაზეა. აღსანიშნავია, რომ მისი გამოყენება დასაშვებია სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფი ნებისმიერი კერძოსამართლებრივი სუბიექტისთვის, იგულისხმება ფიზიკური და იურიდიული პირები.  დოქტრინა არ გვთავაზობს კონკრეტულად განსაზღვრულ ხელშეკრულებათა ჩამონათვალს, რომელ შემთხვევებში შეიძლება მისი გამოყენება, შესაბამისად ნებისმიერი სახელშეკრულებო ვალდებულების უზრუნველმყოფი საშუალებაა და რაც არ უნდა გასაკვირად ჟღერდეს, კანონისმიერი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნითაც დასაშვებია ამ ტიპის შეთანხმებათა გამოყენება.

  რაც შეეხება მოვალის გარანტიის ადგილსა და ნამდვილობის წინაპირობებს: დავიწყებ მისი ცალმხრივადსავალდებულო ხასითიდან გამომდინარე, რაც ცნების ნორმიდანაც ცალსახაა- მოვალე ვალდებულია შეასრულოს მხარეთა შორის შეთანხმებული მოქმედება, რომელიც უნდა იყოს დამატებითი(ანუ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საგნისა და ქმედებისგან განსხვავებული)და კონკრეტული. მოვალის გარანტიის შესახებ შესაძლოა, გაცხადებული იყოს და გამოთქმული ჰქონდეთ მზაობა მხარეებს როგორც ხელშეკრულებით ასევე დამოუკიდებელი შეთანხმებითაც. მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რა შემთხვევაში იქნება ნამდვილი გარანტია. აღნიშნულის შემეცნება სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეებისთვის ძირეულ საკითხს წარმოადგენს, ვინაიდან თუ არსებობს საფუძველი, რომელიც ნამდვილობის წინაპირობებს საფრთხეს უქმნის, მაშინ სავალალო შედეგები გვექნება სახეზე, როგორც კრედიტორისთვის ასევე მოვალისთვის. ვფიქრობ ამ საკითხის დეტალურად განსაზღვრა არამხოლოდ საინტერესო, არამედ საკვანძოც კია, ვინაიდან ნებისმიერი ხელშეკრულებით ნაკისრი უფლება-მოვალეობების წარმოშობა დამოკიდებულია მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის ნამდვილობაზე და თუ ხელშეკრულების ბათილობასთან გვაქვს საქმე, ავტომატურად მოთხოვნაც ძალაგამოცლილი რჩება და მხარეები სამართლებრივ საზღვრებს მიღმა გვევლინებიან. სამოქალაქო კოდექსის 425-ე მუხლი გვთავაზობს ამ ფრიად მნიშვნელოვან პირობებს, რომლის თანახმად:,,გარანტია ნამდვილად ჩაითვლება, თუ იგი არ ეწინააღმდეგება კანონით გათვალისწინებულ წესებს, ან ზედმეტად არ ავალდებულებს მოვალეს.’’ ნორმის სწორად განმარტება გახლავთ საფუძველი ყველა ეჭვის გაქარწყლებისა და არასწორი ინტერპრეტირებისა, ამიტომ აუცილებელია დეტალურად იქნეს აღქმული და გაანალიზებული კანონმდებლის გაცხადებული ნება. მოცემული დანაწესი ორ შესასრულებლად სავალდებულო გარემოებას გვთავაზობს: მხარეთა მიერ შეთანხმებული ქმედების საჯარო წესრიგსა და კერძო სამართლის პრინციპებთან წინააღმდეგობის დაუშვებლობას და მოვალის ზედმეტად დავალდებულების რისკის პრევენციას. რას გულისხმობს თითოეული მათგანი- საჯარო წესრიგის დეტალური დეფინიცია განსაზღვრული არ არის სამოქალაქო კოდექსით, რაც განაპირობებს იმას, რომ გარანტიით გათვალისწინებული შესასრულებელი მოქმედების შესაბამისობა ამ უკანასკნელთან ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ფაქტობრივი გარემოებების შეფარდებით უნდა გადაწყდეს, ანალიზის საფუძველზე. თუმცა, ზოგადი წარმოდგენის შესაქმნელად, ყურადღება უნდა გამახვილდეს სამოქალაქო ბრუნვის ფუნდამენტურ პრინციპებზე, რომლებიც საჯარო წესრიგის ცნების განხილვისას რელევანტურადაა მიჩნეული დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად:,,ხელშეკრულების, საკუთრებისა და მეწარმეობის თავისუფლება’’, რომელთა დარღვევის შემთხვევაშიც შელახულია არა მხოლოდ კონკრეტული ურთიერთობის რომელიმე მხარის უფლება, არამედ სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესიც გათელილია. გარდა ამისა, კერძო სამართლით აღიარებული პრინციპებია ხაზგასასმელი, კერძოდ: სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილით განმტკიცებული კეთილსინდისიერების პრინციპი:,,სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი.’’ და 316-ე მუხლის მე-2 ნაწილით რეგულირებული გულისხმიერების ვალდებულება:,,თავისი შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას.’’  კეთილსინდისიერების როლი განუზომელია კერძო სამართალში,გამომდინარე მისი ბუნებიდან. კეთილსინდისიერების პრინციპი განიხილავს პირის მოქმედების შესაბამისობას სამართლიანობის კრიტერიუმებთან კავშირში და ინდივიდს შთააგონებს, იმ მოცულობით განახორციელოს ქმედება, რომ არ შელახოს სხვა პირის ინტერესი,თანაზომიერების ფარგლებზე დაყრდნობით. მოცემული პრინციპი უნივერსალურ შეფასებით კატეგორიას მიეკუთვნება და გარდა იმისა, რომ ზნეობრივ მოვალეობას წარმოადგენს სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტებისთვის, მოთხოვნის საფუძვლად დაყენების ერთ-ერთი მექანიზმიცაა.  გულისხმიერების ვალდებულების განსაკუთრებულ ხასიათს განაპირობებს კანონმდებლის მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების გარდა პირს შესაძლოა დამატებითი მოვალეობაც გააჩნდეს, რაც წარმოადგენს გულისხმიერების ვალდებულებასა და კეთილსინდისიერი ქცევის ბუნებრივ სტანდარტს. გულისხმიერების სტანდარტი კეთილსინდისიერებასთან მჭიდრო კავშირშია და მისგანაა ნაწარმოები. თითოეული ეს მოთხოვნა უნდა იყოს გათვალისწინებული და დაცული,მხარეთა მიერ შეთანხმებულ გარანტიაში. გარდა ამისა, ამოსავალ წერტილს წარმოადგენს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენების დაუშვებლობა, რაშიც მოიაზრება მოვალისთვის კაბალური და ზედმეტად მავალდებულებელი ქმედების შესრულების ვალდებულების დაკისრება. დაუშვებელია ერთი მხარის ინტერესის შეზღუდვა იმგვარად, რომ მას აწევდეს გაუმართლებლად დიდი ტვირთი და აღნიშნულის ხარჯზე დარჩეს კრედიტორი დაკმაყოფილებული. ფაქტია, რომ წინამდებარე სიტუაციის გამართლება, სამოქალაქო სამართლისთვის მიუღებელია და ძირს უთხრის მოქალაქეთა რწმენას საკითხთა თანაზომიერების პრინციპსა და თანასწორუფლებიანობაზე დაყრდნობით გადაწყვეტასთან მიმართებით და ამიტომაც გახდა მისი კანონისმიერი რეგულირება საჭირო. რა თქმა უნდა, ზემოაღნიშნული საკითების შეფასების უფლებამოსილება აქვს სასამართლოს, რომელმაც გონივრული მსჯელობის საფუძველზე, კონკრეტულ შემთხვევებში უნდა გადაწყვიტოს რა არის კანონშეუსაბამო და საფრთხის მომტანი საზოგადოებრივი ინტერესისთვის და ზედმეტად მავალდებულებელია თუ არა ტვირთი მოვალისთვის. 

მიუხედავად, თითქოს სრულყოფილი ჩამონათვალისა, კანონმდებელი დამატებით არეგულირებს და ცალკე განიხილავს ნამდვილობის კიდევ ერთ წინაპირობას, რომელიც მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 426-ე მუხლით:,,გარანტია უნდა გაფორმდეს წერილობით.’’ ფორმის დაცვას კერძო სამართალში დიდი მნიშვნელობა აქვს, რომლის გაუთვალისწინებლობამაც შესაძლოა გამოიწვიოს გარიგების ბათილობა. მოვალის გარანტია მხარეებს შორის შესაძლოა გაფორმდეს როგორც მარტივი წერილობითი, ასევე რთული სანოტარო ფორმით. მოვალის გარანტიაზე შეთანხმების ფორმის დაუცველობა ძირითადი ხელშეკრულების ბათილად მიჩნევას არ იწვევს, თუმცა ძირითადი ხელშეკრულების ბათილობა თავისთავად ხაზს უსვამს მოვალის გარანტიის, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების გამოყენებას. ნამდვილობის აღნიშნული წინაპირობები უნდა იყოს დაცული რათა სამართლებრივი საფუძველი ჰქონდეს და გამოყენებადი გახდეს მოვალის გარანტია. ზიანისა და მოვალის გარანტიის ურთიერთმიმართება დეტალურად განსაზღვრული არ არის, ზოგადი საფუძვლებით, ვინაიდან ძირითადი ვალდებულების ამომწურავ და საკმარის ალტერნატივას არ წარმოადგენს მოვალის გარანტია, რაზეც მიუთითებს ის, რომ დამატებით საშუალებადაა განხილული, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება კრედიტორს არ უნდა შეეზღუდოს.  მოვალის გარანტიის უკეთ შესამეცნებლად, თვალსაჩინოებისთვის რელევანტურად მიმაჩნია რამდენიმე მაგალითის მოყვანა:,,საწარმოს გამყიდველის მიერ მყიდველისთვის დაპირებული გარანტია, რომ საწარმო მყიდველს მოგებას მოუტანს;მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულება იმ ხარჯების გაღებასთან დაკავშირებით, რომელიც ფულის კურსის ცვლილებითაა განპირობებული ან თუნდაც ბრალის გარეშე პასუხისმგებლობის აღება.’’  ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ რადგან  ძირითადი ვალდებულების არსებობა და ნამდვილობა განაპირობებს მოვალის გარანტიის სამართლებრივ ბედს, მთავარი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლა იწვევს დამატებითი მოთხოვნათა ვადის გასვლასაც მიუხედავად იმისა თუ ამ უკანასკნელთა ხანდაზმულობის ვადა ჯერ არ გასულა(145-ე მუხლი).  

საბოლოო ჯამში, ვფიქრობ ზოგადი წარმოდგენის შექმნა და მოთხოვნის უზრუნველყოფის აღნიშნული საშუალების შესახებ ინფორმირებულობა აუცილებელია ნებისმიერი პირისთვის, ვინაიდან მეტად მოქნილ სამართლებრივ საკითხთან გვაქვს საქმე, რომელიც საშუალებას იძლევა მხარეთა შორის შეთანხმებათა მეტ თავისუფლებას ვიდრე ეს სხვა საშუალებებთან სუფევს. 

გამოყენებული ლიტერატურა:

1.იოსელიანი, ,,მოვალის გარანტია’’, ,,სამართლის ჟურნალი’’, 1/2015;

2. ვაშაკიძე, ,,სამოქალაქო კოდექსის გართულებულ ვალდებულებათა სისტემა’’, 2010;

3. თოდუა მ, ვილემსი ჰ, ,,ვალდებულებითი სამართალი’’, თბილისი, 2016 ;

4. რობაქიძე წიგნში: ძლიერიშვილი ზ, ცერცვაძე გ, რობაქიძე ი, სვანაძე გ, ცერცვაძე ლ, ჯანაშია ლ,,,სახელშეკრულებო სამართალი’’ თბილისი, 2014;

5. ჭანტურია, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი 1-ლი, თბილისი, 2017;

6. ჭანტურია, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მე-3, თბილისი, 2019;

7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

ავტორი: ნინი ტორაძე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-2 კურსის სტუდენტი.

 

საიტი პასუხს არ აგებს აღნიშნულ სტატიაზე, მასში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტესა და გამოყენებული ლიტერატურის ან საავტორო უფლებების დაცულობის საკითხზე. 

სხვა სიახლეები
16 მაი

ცილისწამების დეკრიმინალიზაციის მნიშვნელობა

10 მაი

სამართლისა და პოლიტიკის გამიჯვნა კონსტიტუციური მართლმსაჯულების განხორციელებისას

04 მაი

არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების პრიორიტეტულობის პრინციპის მნიშვნელობა იუვენალურ იუსტიციაში

04 მაი

ბავშვები ოჯახში ძალადობის პირისპირ

13 მარ

სამართლის ნორმის ინტერპრეტაცია

13 მარ

მორალური ზიანი და კომპენსაციის პრობლემა სამართალში

13 მარ

სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები ქართული სამართლის ისტორიის მიხედვით

13 მარ

სასჯელის არსი და მიზნები საქართველოში

13 მარ

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზა - საჭირო ცვლილებები კონსტიტუციაში

13 მარ

ფორს-მაჟორის ცნების მისადაგება ეპიდემიოლოგიურ ვითარებასთან