შეეძლოთ თუ არა ბანკებს 3-თვიანი საშეღავათო პერიოდის დროს სესხებზე პროცენტის დარიცხვა შეეჩერებინათ?1602 2020.06.09
შეეძლოთ თუ არა ბანკებს 3-თვიანი საშეღავათო პერიოდის დროს სესხებზე პროცენტის დარიცხვა შეეჩერებინათ?

ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ნაწილის მიერ მსესხებლებისთვის შეთავაზებული 3-თვიანი საშეღავათო პერიოდის 1-ლი ეტაპი იწურება.

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მეორე ეტაპით ისარგებლებენ მხოლოდ ის ადამიანები, რომელთაც პანდემიის პერიოდში სამსახური დაკარგეს. ამასთან, არ მოხდება სესხის პროცენტის კაპიტალიზაცია.

საშეღავათო პერიოდის პირველი ტალღა ითვალისწინებდა სამი თვის განმავლობაში სესხის პროცენტის დარიცხვას, რომელიც მომდევნო თვეებზე გადანაწილდებოდა, რამაც მოსახლეობის ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია.

საინტერესოა, რა ალტერნატივა ჰქონდა ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს და რა კითხვები უნდა დავსვათ, სანამ მეორე ეტაპით სარგებლობას გადავწყვეტთ? ამის შესახებ იურიდიული კომპანია OK&CG-ის დამფუძნებელს, ადვოკატ ოთარ კაჭკაჭაშვილს ვესაუბრეთ:

ბანკებმა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ნაწილმა მოსახლეობას სესხებზე 3-თვიანი საშეღავათო პერიოდი შესთავაზა. როგორც მოგვიანებით მათმა უმეტესმა ნაწილმა განმარტა, საშეღავათო პერიოდის განმავლობაში, სესხზე პროცენტის დარიცხვა გაგრძელდებოდა და აღნიშნული თანხა მომდევნო თვეებზე განაწილდებოდა. საინტერესოა, ბანკებმა მომხმარებლებისთვის სხვა პირობების შეთავაზება საკანონმდებლო რეგულაციების გამო ვერ შეძლეს თუ უბრალოდ, მათთვის სასურველი პირობები შეარჩიეს?

სამოქალაქო კოდექსი იცნობს დათქმას ვალის პატიების შესახებ ანუ ნებისმიერ ორგანიზაციას თუ იქნება ეს ფიზიკური პირი, აქვს უფლება, მის მიმართ არსებული დავალიანება მსესხებელს სრულად ან ნაწილობრივ აპატიოს. ბანკების შემთხვევაში პატიებაში იგულისხმება ის, რომ მათ შეეძლოთ, 3-თვიანი საშეღავათო პერიოდის განმავლობაში გაცემული სესხებისგან სარგებლის მიღებაზე უარი ეთქვათ და სახელმწიფოც საშემოსავლო და მოგების გადასახადისგან ამ პერიოდში გაათავისუფლებდა.

უფრო კონკრეტულად, მოქმედი საგადასახადო კოდექსის 309 მუხლის 87-ე და 88-ე ნაწილების მიხედვით, სახელმწიფო აღარ დაბეგრავს იმ სუბიექტს, ვინც 2019 წლის 1-ელ იანვრამდე აღებული ვალს აპატიებს მსესხებელს.

ფიზიკური პირი უხდის გადასახადს ბანკს, ბანკი ბუნებრივია, იტოვებს მოგებას და თავისი შემოსავლიდან გარკვეულ ნაწილს უხდის სახელმწიფოს, ამიტომ ამ საშეღავათო პროცესთან დაკავშირებით ყველასთვის მისაღები გადაწყვეტილების მიღება, რა თქმა უნდა, შესაძლებელი იყო მათი შეთანხმებით და სამივე სუბიექტის ინტერესების გათვალისწინებით.

დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ბანკებმა საშეღავათო პერიოდთან დაკავშირებით დაასწრეს სახელმწიფოს განცხადების გაკეთება და მათთვის მოსახერხებელი პირობები დააწესეს საბანკო მომსახურების სფეროში.

თუკი ეს გახდებოდა დისკუსიის საგანი, ჩვენ მივიდოდით დასკვნამდე, რომ დღეისათვის მოქმედი საგადასახადო კოდექსი, გარდა სამოქალაქო კოდექსისა, ვალის პატიების საშუალებას იძლევა.

შესაბამისად, 3 თვიანი პერიოდის, უბრალოდ, „ამოჭრის“ შემთხვევაში, 2019 წლის 1-ელ იანვრამდე აღებულ სესხებს არ დაერიცხებოდა პროცენტი და არც ბანკი გადაიხდიდა საშემოსავლო და მოგების გადასახადს.

ამასთან, შეიძლებოდა სახელმწიფო რესურსის გამოყენება, რათა 3-თვიანი საშეღავათო პერიოდის განმავლობაში, საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლით გათვალისწინებული პირობები 2019 წლის 1-ელი იანვრის შემდეგ გაცემულ სესხებზეც გავრცელებულიყო, მაგრამ როგორც ჩანს, ამის ნება არ აღმოჩნდა საბანკო სექტორში და ამ საკითხზე მსჯელობა არც დღეს მიმდინარეობს. სახელმწიფო რესურსში იგულისხმება დონორი ორგანიზაციების მიერ COVID-19-ის დასამარცხებლად გაწეული ფინანსური დახმარება.

ამასთან, რამდენად აზარალებს მსესხებლებს საშეღავათო პერიოდის პირველი ტალღის დროს შეთავაზებული პირობები?

COVID-19-ის გამო შექმნილი მდგომარეობა კრიზისული პერიოდის მართვას მოითხოვდა. ამ პროცესს საბანკო სექტორმაც აუწყო ფეხი და ისინი ერთ-ერთი პირველები იყვნენ კერძო ორგანიზაციებს შორის, რომლებმაც 3-თვიანი საშეღავათო პერიოდის დაწესება გადაწყვიტეს, თუმცა თავიდანვე გაჩნდა კითხვები, როგორი იქნებოდა ეს შეღავათები.

ბუნებრივია, მოსახლეობას ბანკების მიმართ გაუჩნდა მოლოდინი, რომ შეიძლებოდა, გადასახადების ჩამოწერა მომხდარიყო და საშეღავათო პერიოდის გასვლის შემდეგ ჩვეულებრივად გაგვეგრძელებინათ სესხის დაფარვა, თუმცა ბანკებმა ეს გზა არ აირჩიეს. არამედ, აირჩიეს, ვფიქრობ, მათთვის უფრო მოხერხებული ფორმა და 3 თვის განმავლობაში სესხის პროცენტის დარიცხვა გადაწყვიტეს.

თუ ქართული ბანკების მაღალ მომგებიანობას გავითვალისწინებთ, რომელიც ათეულობით წელს ითვლის, ჩემი პირადი შეფასებით, მათ გააჩნდათ რესურსი, ამ პერიოდში სესხებით სარგებელი არ მიეღოთ და სახელმწიფოც დაბეგვრისგან გაათავისუფლდებდა.

იწყება სესხების გადავადების მე-2 ტალღაც. როგორც პრემიერ-მინისტრმა განმარტა, მათ, ვინც სამსახური დაკარგა, სურვილის შემთხვევაში, სესხები კიდევ 3 თვით გადაუვადდება, თუმცა ამჯერად პროცენტის კაპიტალიზაციის გარეშე. რამდენად შესაძლებელი იყო, პირველი ტალღაც ამ პირობებით წარმართულიყო?

სამართლებრივი კუთხით რომ მივუდგეთ, მეორე ტალღის ფარგლებში დაგეგმილი პირობებით სესხების გადავადება პირველ ეტაპზეც შესაძლებელი იყო.

სამართლებრივი კუთხით, რა კითხვები უნდა დასვას მსესხებელმა, სანამ სესხის კიდევ 3 თვით გადავადებას გადაწყვეტს?

სანამ ბანკის თუ სხვა საფინანსო ორგანიზაციის მომხმარებელი სესხის მეორედ გადავადებას გადაწყვეტს, აუცილებლად უნდა დასვას შეკითხვა, ხომ არ დაეკისრება მას დამატებითი გადასახადები.

აღსანიშნავია ისიც, რომ გადავადების ორივე ეტაპზე ბანკებმა ცალსახად და მკაფიოდ დააფიქსირეს პოზიცია; მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ნაწილმაც დააწესა შეღთავათები, თუმცა შეიძლება გვქონდეს ისეთი ფაქტებიც, რომელიც ზედაპირზე არ არის წამოწეული და შეიძლება, მათ საკომისიო გადასახადებით დაიბალანსონ ამ პერიოდში დაკარგული შემოსავალი.

ამის გათვალისწინებით, როდესაც სესხის გადავადებას გვთავაზობენ, ჩვენ მათ დეტალურად უნდა გამოვკითხოთ ყველა წესი, თუ როგორ ხდება შეღავათის გაკეთება; რაც მთავარია, ის უნდა მივიღოთ გაწერილი ფორმით და რა თქმა უნდა, კარგი იქნება, ვისარგებლოთ იურიდიული კონსულტაციით ჩვენთვის სასურველი კომპანიისგან, რათა სწორი გარიგება დავდოთ და სასესხო ვალდებულება კიდევ უფრო არ გავართულოთ.