ბავშვთა უფლებები საქართველოში 665 2020.06.01
ბავშვთა უფლებები საქართველოში

1 ივნისი ბავშვთა დაცვის დღეა, დღე, როდესაც ხდება მსოფლიო საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.

 საუკუნეების მანძილზე, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში არაფრად ითვლებოდა ბავშვთა მიმართ ჩადენილი ძალადობები, იქნებოდა ეს ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური, მნიშვნელოვნად იზღუდებოდა არა თუ უმაღლესი, არამედ საბაზისო განათლების შესაძლებლობაც, ბავშვებს არ ჰქონდათ ღირსეული სამედიცინო მომსახურების მიღების შესაძლებლობა; ბავშვები ჩვეულებრივად იყვნენ ჩაბმული მძიმე სამუშაოს შესრულებაში, ხდებოდნენ ტრეფიკინგის მსხვერპლნი, მაღალი იყო სტატისტიკა ბავშვთა სიკვდილიანობის და ა.შ.

 

 საბედნიეროდ, დღეს რეალობა გაუმჯობესებულია. დღეს ნებისმიერ განვითარებულ საზოგადოებაში ბავშვს  მეტად მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული ადგილი უკავია და ყოველთვის ითვლება არსებად, რომელიც განსაკუთრებულ და ფაქიზ მიდგომებს საჭიროებს, რაც კიდევ უფრო გაამყარა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ 1989 წელს მიღებულმა „ბავშვის უფლებათა კონვენციამ“, რომელმაც სრულად შეცვალა  ბავშვების აღქმაც და მათდამი დამოკიდებულებაც;კონვენცია განმარტავს, რომ  „ბავშვები არიან განსაკუთრებული უფლებების მქონე ადამიანები  და არა ქველმოქმედების მხოლოდ პასიური ობიექტები“. კონვენცია აღიარებს, რომ  „ბავშვი, მისი ფიზიკური და გონებრივი სიმწიფის გამო საჭიროებს სპეციალურ დაცვას და ზრუნვას, მათ შორის სათანადო სამართლებრივ დაცვას, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ“.

 

 თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოები ბავშვთა მნიშვნელობაზე უკვე წლებია, შეჯერდნენ და ყველა განვითარებულ ქვეყანაში  ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს სწორედ ბავშვი და მისი უფლებების დაცვა წარმოადგენს, რომელიც თანდათან საკანონმდებლო დონეზეც წესრიგდება. ადამიანის უფლებების დაცვის პარალელურად კიდევ უფრო მეტადაა ყურადღება გამახვილებული ბავშვის უფლებების დაცვაზე. 

 როგორც უკვე აღვნიშნეთ, 1989 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ მიიღო ბავშვთა უფლებათა კონვენცია, რომელიც ყველაზე მკაფიოდ განმარტავს ბავშვთა უფლებების მნიშვნელობასაც და ზრუნავს კიდეც ამ უფლებების დაცვაზე ყველა იმ სახელმიწფოში, რომელიც კონვენციას უერთდება.  კონვენცია ემყარება ოთხ ძირითად პრინციპს, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია ამ კონვენციის ეროვნულ დონეზე რეალურად განხორციელებისათვის. კერძოდ, კონვენციაში გამოკვეთილი თითოეული უფლება ეხება ყველა ბავშვს ყოველგვარი დისკრიმინაციული გამონაკლისის გარეშე. 

 

ეს ოთხი პრინციპი გახლავთ: 

 სიცოცხლე – ბავშვებს აქვთ სიცოცხლისა და გადარჩენის უფლება, სამედიცინო მომსახურებით სარგებლობის, წყლითა და სანიტარული სისტემით უსაფრთხოდ სარგებლობის უფლება;

განვითარება - ბავშვებს აქვთ განათლების, ინდივიდუალობის განვითარების, გონებრივ თუ ფიზიკურ შესაძლებლობათა სრულად გამოვლენის უფლება.

დაცვა - ბავშვებს აქვთ უფლება დაცულნი იყვნენ ნებისმიერი სახის შეზღუდვებისა და ექსპლუატაციისაგან, ომისა და გაჭირვებისაგან.

მონაწილეობა - ბავშვებს აქვთ უფლება გააჩნდეთ საკუთარი აზრი, თავისუფლად გამოხატონ თავიანთი შეხედულებანი და მიიღონ სასურველი ინფორმაცია.
 

  აღნიშნულ კონვენციას საქართველო 1994 წელს შეუერთდა და ამით აიღო კონვენციით გაწერილი ნორმების  შესრულების ვალდებულება.გარდა ამისა, საქართველომ აიღო  ეროვნული  კანონმდებლობის  გადასინჯვის ვალდებულება ისე, რომ მაქსიმალურად დაცული იყოს ბავშვთა უფლებები ქვეყანაში. მას შემდეგ ეროვნული კანონმდებლობა აღიარებს „ბავშვის უფლებათა კონვენციით“ განმტკიცებულ სამართლებრივ ნორმებს და თავის თავზე იღებს პასუხისმგებლობას, უზრუნველყოს განხილული უფლებების დაცვა საქართველოში. 


  2019 წლის 20 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ბავშვთა უფლებების კოდექსი, რომლის კონსოლიდირებულ ვერსიაში ვკითხულობთ, რომ „კოდექსის მიზანია ბავშვის კეთილდღეობის უზრუნველყოფა საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და სახელმწიფოს მიერ აღიარებული სხვა საერთაშორისო სამართლებრივი აქტების ეფექტიანი იმპლემენტაციის ხელშეწყობით“.


 კოდექსით გაწერილია, რომ დოკუმენტმა ბავშვთა უფლებების კუთხით ხელი უნდა შეუწყოს ისეთი საკითხების გადაწყვეტას, როგორებიცაა მაგალითად ბავშვის უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზება; ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატეს გათვალისწინება, მისი ღირსების დაცვა, კეთილდღეობის, უსაფრთხოების, სიცოცხლის, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, განვითარებისა და სხვა ინტერესების რეალიზება და დაცვა ბავშვებისადმი უთანასწორო მოპყრობის გარეშე; ბავშვის მონაწილეობის უზრუნველყოფა, მის საზოგადოებაში დამოუკიდებლად ცხოვრებისთვის მომზადება, ბავშვის მაღალი ზნეობრივი ღირებულებებით, განსაკუთრებით − მშვიდობის, ღირსების პატივისცემის, შემწყნარებლობის, თავისუფლების, თანასწორობისა და სოლიდარობის სულისკვეთებით აღზრდა და ა.შ.; 


 სამწუხაროდ, ზემოთ განხილული საკანონმდებლო ნორმების მიუხედავად, ჩვენი ქვეყნის რეალობაში ბავშვთა უფლებები მაინც ხშირად ირღვევა. ფიზიკური ძალადობის ფაქტების გარდა, ადგილი აქვს არასრულწლოვნების მიმართ ფსიქოლოგიურ ძალადობას, რაც არანაკლებ მტკივნეულად აისახება მათ მდგომარეობაზე. მაგალითად, ბოლო პერიოდში უნისეფის მიერ მოსახლეობაში ჩატარებული კვლევა ამბობს, რომ წლების მანძილზე საქართველოში სიღარიბის ტენდენცია კლებულობს, თუმცა ქვეყანაში მცხოვრები ყოველი მეხუთე ბავშვი სიღარიბის ზღვარს მიღმაა, ხოლო ყოველი მეექვსე ბავშვი საარსებო მინიმუმზე ნაკლებს მოიხმარს. ბავშვთა უფლებების მნიშვნელოვანი დარღვევაა მაგალითად ოჯახში ძალდობის საკმაოდ მაღალი სტატისტიკაც, რადგან როგორც წესი, ოჯახში ძალადობის დროს, როდესაც არა თუ პირდაპირ ბავშვზე, არამედ თუნდაც ოჯახის სხვა წევრზე მიმართული ძალადობა მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ბავშვსაც; არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რამდენიმე თვის წინ ადგილი ჰქონდა ბავშვთა პორნოგრაფიის შემთხვევასაც; აქტუალურია ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების საკითხიც და ა.შ.;

 იმედს ვიტოვებთ, რომ ,,ბავშვის უფლებათა კონვენციასა“ და სხვა სამართლებრივ აქტებში განმარტებული ნორმები პრაქტიკაშიც მაქსიმალურად განხორციელდება და ბავშვთა უფლებები ჩვენს ქვეყანაში მაქსიმალურად იქნება დაცული. 

 

ავტორი: ელზა ელბაქიძე

სხვა სიახლეები
20 აგვ

მედიასა და ინტერნეტში ბავშვებისთვის საფრთხის შემცველი შინაარსის ინფორმაციის გავრცელება შეიზღუდება

30 ივლ

ირღვევა თუ არა საქართველოში უდანაშაულობის პრეზუმფცია ?

23 ივლ

რას ნიშნავს „წამლის გამსაღებელი ექიმები“ და პრობლემა, რომლის შესახებაც ექიმების ნაწილი ალაპარაკდა

20 ივლ

რატომაა ოჯახში ძალადობაზე ბრალდებულთა გამართლების მაღალი სტატისტიკა?

13 ივლ

როგორ გაუყიდეს საზღვარგარეთ მცხოვრებ ვეტერან ფეხბურთელს სახლი საქართველოში თაღლითებმა

22 ივნ

სამართლებრივად რას ნიშნავს „უღირსი მემკვიდრე“ და რა პროცედურებია საჭირო მემკვიდრეობის მისაღებად?

15 ივნ

როგორ გასცემს მშობელი უნებლიედ ბავშვის პირად მონაცემებს?

12 ივნ

გაზარდა თუ არა ონლაინ-ვაჭრობამ კიბერდანაშაულის რისკები და როგორ დავიცვათ თავი მისგან?

09 ივნ

შეეძლოთ თუ არა ბანკებს 3-თვიანი საშეღავათო პერიოდის დროს სესხებზე პროცენტის დარიცხვა შეეჩერებინათ?

29 მაი

პერსონალური მონაცემები ტექნოლოგიური პროგრესის კვალდაკვალ