მედიაცია როგორც დავის მოგვარების ალტერნატიული საშუალება2516 2020.02.04
მედიაცია როგორც დავის მოგვარების ალტერნატიული საშუალება

2020 წლის იანვრიდან ამოქმედდა საქართველოს კანონი მედიაციის შესახებ. შესაბამისად, სასურველია ჩვენს მკითხველს ჰქონდეს ინფორმაცია თუ რას ეხება აღნიშნული კანონი და რა სახის ურთიერთობებს აწესრიგებს იგი. 

 

მედიაცია დავის მოგვარების ალტერნატიული საშუალებაა. მედიაციის შესახებ კანონი დავის ალტერნატიული გზით გადაწყვეტის წახალისებისა და შესაბამისი პირობების შექმნის მიზნით განსაზღვრავს მედიაციის წარმართვის პრინციპებს. 

 

განვმარტავთ მედიაციის პროცესისათვის მნიშვნელოვან რამდენიმე ტერმინს:

 

მედიაციის მონაწილეები − მედიატორი, მხარეები, მხარეთა წარმომადგენლები, მესამე პირი;

 

მედიატორი − მედიატორთა ერთიან რეესტრში რეგისტრირებული ფიზიკური პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და თანახმაა, წარმართოს მედიაცია, მიუხედავად მისი სტატუსისა და არჩევის/დანიშვნის წესისა;

 

მედიაციის თაობაზე შეთანხმება − მხარეთა შორის დავის წარმოშობის შემთხვევაში მათ მიერ მედიაციისათვის მიმართვის თაობაზე მხარეთა წერილობითი შეთანხმება;

 

მედიაციის წარმართვის პრინციპები

მედიაცია ეფუძნება მხარეთა ნებაყოფლობითობის (გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა), თვითგამორკვევის, კეთილსინდისიერებისა და თანასწორობის, კონფიდენციალურობის დაცვის, მედიატორის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის პრინციპებს. მედიაციის პროცესის მიმდინარეობისას წარმოშობილი საკითხები, რომლებიც ამ კანონით არ არის მოწესრიგებული, აღნიშნული პრინციპების საფუძველზე უნდა გადაწყდეს. 

 

მედიაციის დაწყება

 მედიაციის დაწყების წინაპირობაა მედიაციის თაობაზე შეთანხმება.

მედიაცია იწყება მხარეთა ან ერთ-ერთი მხარის მიერ მედიატორისათვის მიმართვის საფუძველზე ანდა კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში მხარეთა შუამდგომლობით სასამართლოს ან სხვა უფლებამოსილი ორგანოს მიერ საქმის მედიატორისათვის გადაცემის შედეგად.

 

მედიაციის თაობაზე შეთანხმების არსებობისას, რომლითაც მხარეები თანხმდებიან, არ მიმართონ სასამართლოს ან არბიტრაჟს განსაზღვრული ვადის ან გარემოების დადგომამდე, სასამართლო ან არბიტრაჟი არ განიხილავს დავას მედიაციის თაობაზე შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების შესრულებამდე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოსარჩელე ადასტურებს, რომ სასამართლო ან საარბიტრაჟო განხილვის გარეშე მას გამოუსწორებელი ზიანი მიადგება. მოპასუხემ მედიაციის თაობაზე შეთანხმების შესახებ განცხადება შესაგებლის წარდგენის ვადის გასვლამდე უნდა გააკეთოს. მხარის მიერ სასამართლოსათვის ან არბიტრაჟისათვის მიმართვა არ მიიჩნევა მედიაციის თაობაზე შეთანხმებაზე უარის თქმად ან დაწყებული მედიაციის შეწყვეტად.

 

მხარეს უფლება აქვს, მედიაციის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე უარი თქვას მასში მონაწილეობაზე, თუ კანონით ან მედიაციის თაობაზე შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

 

მედიატორი ეხმარება მხარეებს დავის მოგვარების მიზნით მორიგების მიღწევაში როგორც მედიაციის პროცესის, ისე მისი საბოლოო შედეგის მიმართ მხარეთა მიერ თავისუფალი, დამოუკიდებელი და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების პრინციპის გათვალისწინებით. მედიატორს უფლება არ აქვს, მხარეთა შორის არსებულ დავასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება თავად მიიღოს.

 

მხარეთა თანხმობის არსებობის შემთხვევაში მედიატორმა შეიძლება მხარეებს შესთავაზოს სამედიაციო მორიგების პირობები, მათი ინტერესებისა და მედიაციის პროცესის მიმდინარეობისას მათ მიერ გამოხატული პოზიციების გათვალისწინებით. 

 

 

მედიაცია დასრულებულად მიიჩნევა:

ა) თუ მხარეები წერილობით შეთანხმდნენ დავის ურთიერთშეთანხმებით დასრულებაზე − მხარეთა შეთანხმების დღიდან;   

ბ) თუ მხარეები წერილობით შეთანხმდნენ მედიაციის შეწყვეტაზე − მხარეთა შეთანხმების დღიდან;

გ) თუ მხარემ წერილობით უარი განაცხადა მედიაციაში მონაწილეობის გაგრძელებაზე − მხარის მიერ უარის განცხადების დღიდან;

დ) თუ ამოიწურა მედიაციისათვის განსაზღვრული ვადა − ამ ვადის ამოწურვის დღიდან;

ე) თუ მხარეებთან კონსულტაციის შემდეგ მედიატორმა განაცხადა, რომ მედიაციის გაგრძელება არაგონივრული და გაუმართლებელია, − მედიატორის მიერ ამ განცხადების გაკეთების დღიდან. 

 

სამედიაციო მორიგების აღსრულება

1. მხარეთა შეთანხმებით, სამედიაციო მორიგება შეიძლება სასამართლომ აღასრულოს.

2. სამედიაციო მორიგების აღსრულების მოთხოვნით სასამართლოს შეიძლება მიმართოს ერთ-ერთმა ან ორივე მხარემ.