მიწის რეგისტრაცია მარტივდება5110 2019.11.13
მიწის რეგისტრაცია მარტივდება

მიწის რეგისტრაციას მოქალაქეები უფრო მარტივად შეძლებენ. მთავრობამ იუსტიციის სამინისტროს კანონპროექტი დაამტკიცა.

 

საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, მიწის რეგისტრაციის გამარტივებული წესი, რომელიც 2020 წლის 1 იანვრამდე მოქმედებს გახდება უვადო და იქნება მიწის ნაკვეთზე საკუთრების რეგისტრაციის ზოგადი წესი.

 

აღნიშნულ საკითხზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ადმინისტრაციული წარმოების სამსახურის უფროსმა,  ვახტანგ ბოხაშვილმა ისაუბრა.

 

მისი განმარტებით, აღნიშნული რეფორმის საფუძველზე, უკვე სამი წელია მიმდინარეობს უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. ამ პერიოდის განმავლობაში 738 000 ზე მეტი მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა. კანონის მოქმედების ფარგლებში მოსახლეობის ინტერესი და მომართვიანობა იყო მაღალი, სწორედ აქედან გამომდინარე გაგრძელდა აღნიშნული კანონპროექტი უვადოდ. 

 

ახალი კანონპროექტი ხელს უწყობს იმ პირების საკუთრების უფლების წარმოშობას, რომლებსაც ჰქონდათ დოკუმენტაცია, მაგრამ რაიმე მიზეზით დაკარგეს და ისინი დაცული არ არის არქივებში. ინიციატივა შეეხება საკარმიდამო მიწის ნაკვეთების მფლობელებს, მიუხედავად იმისა ნაკვეთებზე საცხოვრებელი სახლი დგას თუ არა. 

 

კანონს ასევე შემოაქვს რეგულაცია, რომლის თანახმადაც, იმ შემთხვევაში თუ მუნიციპალიტეტი ცნობით დაუდასტურებს მოქალაქეს, რომ ეს სარეგისტრაციო ნაკვეთი არის ნამდვილად საკარმიდამო მიწა და მოქალაქე ფაქტობრივ ფლობას ახორციელებს, რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება. ამასთან, კანონპროექტი აწესებს რეგისტრაციას დაქვემდებარებული ფართობის ლიმიტებს, ბარში ამ კანონის საფუძველზე შესაძლებელია მაქსიმუმ 1.25 ჰექტარი მიწის დაკანონება, ხოლო  მთაში 5 ჰექტარის.

 

თვითნებურად დაკავებული მიწების რეგისტრაციისას, საჯარო რეესტრიც იქნება უფლებამოსილი, აღიაროს მიწის ნაკვეთზე პირის საკუთრების უფლება. პირობა, რომ პირს 2007 წლამდე უნდა ჰქონდეს დაკავებული ის მიწის ნაკვეთი, რომლის რეგისტრაციაც სურს უცვლელად რჩება. 

 

ვიმედოვნებთ, რომ მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ სირთულეს აღნიშნული კანონპროექტი შედარებით გაამარტივებს და მოსახლეობა შეძლებს დაირეგისტრიროს მათ კანონიერ მფლბელობაში არსებული მიწის ნაკვეთები.