ოთარ კაჭკაჭაშვილი: შრომით კანონმდებლობაში ბევრი ლაფსუსია1919 2019.05.16
ოთარ კაჭკაჭაშვილი: შრომით კანონმდებლობაში ბევრი ლაფსუსია

 მეორე დღეა საქართველოს 2 ქალაქი მუშათა გაფიცვებმა მოიცვა. ჭიათურაში „ჯორჯიან მანგანეზისა“ და რუსთავში მეტალურგიული ქარხნის გაფიცულ მუშათა მთავარი მოთხოვნა ხელფასების გაზრდა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებაა.

 

 ჭიათურის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის ინფორმაციით, 15 მაისს ჭიათურაში შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ სამთო გამამდიდრებელ კომბინატში დაახლოებით 150 მუშა,რომლებიც  ე.წ. ვახტური რეჟიმით მუშაობდა, გაიფიცა. პროფკავშირის ინფორმაციით, ისინი ხელფასის გაზრდასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.  (შენიშვნა: ვახტური რეჟიმი ნიშნავს, რომ თვეში 15 დღის განმავლობაში მუშაობ, დანარჩენ დროს კი სამუშაოსგან თავისუფალი ხარ. თუმცა ის 15 დღე, როდესაც დასაქმებული ხარ, სამსახურიდან სახლში წასვლა არ შეგიძლია. როდესაც სამუშაო საათები სრულდება, კომპანია არის პასუხისმგებელი თანამშრომლების ტრანსპორტირებაზე და ისინი მათთვის მოწყობილ საცხოვრებლებში გადაჰყავთ. ასევე, კომპანია არის პასუხისმგებელი მათ კვებაზე.). კომპანიის წარმომადგენლებსა და გაფიცულთა შორის მოლაპარაკებების მიუხედავად შეთანხმება ამ დრომდე მიღწეული არ არის.

 

„ჯორჯიან მანგანეზი“ მუშათა გაფიცვას გარე ძალებისგან მართულს უწოდებს და აცხადებს, რომ კომპანიისთვის ეს კატეგორიულად მიუღებელია.“

„ჯორჯიან მანგანეზი“ ასევე აცხადებს, რომ 170-მდე თანამშრომელმა მუშაობაზე უარი თქვა. ისინი საკვების ხარისხის გაუმჯობესებას მოითხოვდნენ.

„მიუხედავად იმისა, რომ მათ „ჯორჯიან მანგანეზისგან“ დასახელებული მოთხოვნების გადახედვის პირობა მიიღეს, დღეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე მაინც უარი განაცხადეს და მოთხოვნები შეცვალეს. ამასთან, კომპანიის ხელმძღვანელობასთან ახალ მოთხოვნებთან დაკავშირებით მოლაპარაკება არ ისურვეს და ქუჩის საპროტესტო აქციის გამართვის გადაწყვეტილება მიიღეს,“- ნათქვამია „ჯორჯიან მანგანეზი“-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში“.

 

 გაფიცვების ტალღა მოედო რუსთავის მეტალურგიულ ქარხანასაც, სადაც დასაქმებულთა ნაწილი, დაახლოებით 100 მუშა გაიფიცა;  გაფიცულები არიან ორი საამქროს მუშები, რომელთა  ძირითადი მოთხოვნა სამი ცვლიდან ოთხ ცვლაზე გადასვლა, ხელფასების მომატება და ღამის ცვლაში შრომის ანაზღაურებაა. როგორც ქარხანაში ამბობენ, ადმინისტრაცია მუშებს უკვე ესაუბრა და ერთდღიანი ვადა აიღო მოთხოვნების განსახილველად, რათა დაიანგარიშოს, თუ რა დაუჯდება ქარხანას მუშების მოთხოვნათა შესრულება და გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებს.

მუშათა გაფიცვას საადვოკატო ბიურო „OK&CG“-ის დამფუძნებელი, ოთარ კაჭკაჭაშვილი გამოეხმაურა.  ადვოკატის თქმით, ქვეყანაში შრომის კანონმდებლობა პრობლემურია და შესაბამისად ის, რომ დასაქმებულები იფიცებიან და ითხოვენ შრომის პირობების გაუმჯობესებას ლოგიკურია, თუმცა, განმარტავს, რომ „შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებით ხარვეზები არსებობს არათუ საქართველოში,  არამედ ისეთ დიდ  ქვეყნებში, როგორიც არის საფრანგეთი ან გერმანია;  ასეთ განვითარებულ ქვეყნებშიც ხშირად არის დასაქმებულთა საპროტესტო გამოსვლები და გაფიცვები“.

 

 იურისტის თქმით, შრომითი კანონმდებლობის ხარვეზების ბოლომდე და მაქსიმალურად  აღმოფხვრა რთულად მისაღწევია, თუმცა მიაჩნია, რომ „საქართველოში ისეთი ორგანიზაციებს, რომელთა წლიური ბრუნვაც მაღალია, ვფიქრობ, უფრო მეტი პასუხისმგებლობა ეკისრებათ, შრომის ბაზარზე დანერგონ მაღალი სტანდარტები, ისინი უნდა იყვნენ მაგალითები იმისა, თუ როგორ დარეგულირდეს დამსაქმებლისა და დასაქმებულის შრომითი ურთიერთობები.“

 

კაჭკაჭაშვილის თქმით, მდგომარეობას, რაც დღეს შრომით ბაზარზეა, ხელს უწყობს შრომით კანონმდებლობაში არსებული ლაფსუსები;

 

„მაგალითად, ერთ-ერთი ჩანაწერის მიხედვით, კანონით განსაზღვრული შრომის საათების გარდა, დამსაქმებელმა შეიძლება, დასქმებულთან შეთანხმებით, იგი დაასაქმოს არასამუშაო პერიოდში, რისთვისაც ის ვალდებულია, გადაიხადოს ზეგანაკვეთური სამუშაოსთვის განსაზღვრული ანაზღაურება. თუმცაღა, ზეგანაკვეთური სამუშაოსთვის განსაზღვრული არ არის არანაირი ტარიფი, თუ რა რაოდენობის თანხა უნდა ანაზღაურდეს ზეგანაკვეთური სამუშაოსთვის, უნდა იყოს თუ არა იგი ადეკვატური კონტრაქტში გაწერილი საზღაურისა და ა.შ. რაც დამსაქმებელს შესაძლებლობას აძლევს, პირობითად 1 საათის ზეგანაკვეთური სამუშაოს ღირებულება თუნდაც 1 თეთრად განსაზღვროს;  რითაც დამსაქმებელი კანონმდებლობასთან აბსოლუტურ შესაბამისობაში ექცევა, თუმცა ამ დროს დასაქმებულის ინტერესების გათვალისწინება ცხადია, ვერ და არ ხდება“,-აცხადებს ოთარ კაჭკაჭაშვილი.