„მოწმედ გამოძახებისას, ჩვენების მიცემამდე, კონსულტაცია გაიარეთ ადვოკატთან“4495 2018.02.19
„მოწმედ გამოძახებისას, ჩვენების მიცემამდე, კონსულტაცია გაიარეთ ადვოკატთან“

ვინ არის მოწმე, რა ფუნქცია აქვს, რა უნდა იცოდეს ან რა ვალდებულებები ეკისრება კანონმდებლობით და რა უნდა გაითვალისწინოს მოქალაქემ, თუკი მოწმის სახით გამოიძახებენ, საკითხზე დეტალურ ინფორმაციას საადვოკატო ბიურო „OK&CG“-ის ადვოკატი, ქეთევან ქავთარაძე მოგაწვდით.

 სისხლის სამართლის საქმეში მტკიცებულების ერთ-ერთ სახეს მოწმის ჩვენება წარმოადგენს, ხოლო თავად მოწმე სისხლის სამართლის საქმის მონაწილე მხარედ გვევლინება. 

სასამართლოში ჩვენების მიცემისას, ჩვეულებრივი მოქალაქეების გარდა, მოწმის სტატუსით სარგებლობენ, მისი უფლებები ენიჭებათ და მისი მოვალეობები ეკისრებათ ასევე გამომძიებელს, პროკურორს, ბრალდებულს, დაზარალებულს, ექსპერტსა და თარჯიმანს.

მოწმე არის პირი, რომელმაც შეიძლება იცოდეს სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემი. პირი მოწმის სტატუსსა და უფლება-მოვალეობებს იძენს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე გაფრთხილებისა და ფიცის დადების შემდეგ.

ამასთან, მოწმის ჩვენების მნიშვნელობიდან გამომდინარე სასამართლოში მოწმე დებს რელიგიური ან არარელიგიური მნიშვნელობის მქონე ფიცს.

 

რა უნდა იცოდნენ მოქალაქეებმა, თუ მოწმის სახით გამოიძახებენ?

 

- პირველი აუცილებელი დეტალი არის ის, რომ მოქალაქემ იცოდეს, რა საქმის გამოა გამოძახებული;

- თუ არ იცის ან სათანადოდ არ იცის სისხლის სამართლის პროცესის ენა, ჩვენება მისცეს მშობლიურ ან მისთვის სასურველ სხვა ენაზე და ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით, სახელმწიფოს ხარჯზე;

- გაეცნოს მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების ოქმს, მოითხოვოს მასში შენიშვნების, დამატებებისა და ცვლილებების შეტანა;

- არ მისცეს  ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში გაამხელს მას ან მის ახლო ნათესავს;

- მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაში;

- მოითხოვოს დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენება.

 

გარდა უფლებებისა, რა ვალდებულებები ეკისრება მოქალაქეს, როგორც მოწმეს?

 

- გამოცხადდეს სასამართლოს გამოძახებით;

- უპასუხოს დასმულ შეკითხვებს;

- არ გაამჟღავნოს საქმესთან დაკავშირებით მისთვის ცნობილი გარემოებები, თუ იგი ამის შესახებ გაგაფრთხილა სასამართლომ;

- დაიცვათ წესრიგი საქმის სასამართლო განხილვის დროს;

-  სხდომის თავმჯდომარის ნებართვის გარეშე არ დატოვოს სასამართლო სხდომის დარბაზი.

„გარდა ზემოჩამოთვლილისა, გასათვალისწინებელია, რომ თუ მოქალაქე ნებაყოფლობით არ გამოცხადდა სასამართლოში მოწმის სტატუსით,  შეიძლება, იძულებით მიიყვანონ სასამართლოში,“-განმარტავს ქეთევან ქავთარაძე.

 მისი თქმით, საინტერესოა ისიც, რომ მოწმედ დაკითხვისა და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის შემცველი საგნის, დოკუმენტის, ნივთიერების ან სხვა ობიექტის გადაცემის ვალდებულება არ ეკისრება:

- ადვოკატს – იმ გარემოების შესახებ, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა ამ საქმეში ადვოკატის მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით;

- ადვოკატს, რომელიც იურიდიულ დახმარებას უწევდა პირს დაცვის მიღებამდე, – იმ გარემოების შესახებ, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა იურიდიული დახმარების გაწევასთან დაკავშირებით;

- სასულიერო პირს – იმ გარემოების შესახებ, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა აღსარების ან სხვაგვარად განდობის შედეგად;

- ბრალდებულის ახლო ნათესავს;

- სახალხო დამცველს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს – იმ ფაქტის გამო, რომელიც მას გაანდეს, როგორც სახალხო დამცველს;

- საქართველოს პარლამენტის წევრს – იმ ფაქტის გამო, რომელიც მას გაანდეს, როგორც წარმომადგენლობითი ორგანოს წევრს;

- მოსამართლეს – იმ გარემოების შესახებ, რომელიც სასამართლოს თათბირის საიდუმლოებაა;

- ჟურნალისტს – პროფესიული საქმიანობისას მიღებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით;

- ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლს – მოსაფიქრებელი ვადის განმავლობაში;

- საქართველოს სახალხო დამცველთან შექმნილი სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრს,  იმ ფაქტის გამო, რომელიც მას გაანდეს პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფუნქციების შესრულებისას, თუ იგი არ დათანხმდება, მისცეს ჩვენება;

- ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრს – იმ ფაქტის გამო, რომელიც მას გაანდეს, როგორც წარმომადგენლობითი ორგანოს წევრს.

 

ქეთევან ქავთარაძეაცხადებს, რომ „დაუშვებელია  გამოიკითხოს ან მოწმედ დაიკითხოს პირი, რომელსაც ფიზიკური ან ფსიქიკური ნაკლის გამო არ შეუძლია სწორად აღიქვას, დაიმახსოვროს და აღიდგინოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მიაწოდოს ინფორმაცია ან მისცეს ჩვენება“. იგი მოქალაქეებს ურჩევს, რომ მოწმედ გამოძახებისას თავი არ აარიდონ საგამოძიებო ორგანოებთან და სასამართლოსთან თანამშრომლობას, თუმცა გამოკითხვამდე აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ადვოკატთან. „ადვოკატთან კონსულტაციის გარეშე მოქალაქეები, რომლებიც მოწმის სახით ცხადდებიან, ბევრ პრობლემას აწყდებიან. მაგალითად, შესაძლოა,  მის მიმართ დადგეს ცრუ ჩვენების გამო პასუხისმგებლობის საკითხი. მოწმისთვის სპეციალისტის რეკომენდაცია აუცილებელია, რადგან მისი ჩვენება შესაძლოა, გადამწყვეტი იყოს პირის ბრალეულობის დასადგენად, რაც ძალიან საპასუხისმგებლო საკითხია“- განმარტავს იურისტი.