ალიმენტი ოჯახის ყველა წევრისთვის1816 2012.10.19
ალიმენტი ოჯახის ყველა წევრისთვის
ალიმენტი ის სამართლებრივი საკითხია რომელიც ხშირად გვხვდება სასამართლო პრაქტიკაში. იურიდიული განმარტებით, ალიმენტი არის ის ხარჯი, რომელსაც იხდის ოჯახს მოშორებული პირი, რათა არჩინოს ოჯახში დარჩენილი შრომისუუნარო ან არასრულწლოვანი წევრები. ალიმენტი ხშირა მხოლოდ მშობლის მიერ შვილისთვის გადახდილ თანხასთან ასოცირდება, თუმცა ეს ასე არ არის. ალიმენტს შეიძლება იღებდეს შვილიც, მშობლემიც და მეუღლეც თუ ამის საჭიროება შეიქმნება. პირს ალიმენტის გადახდას აკისრებს სასამართლო. კანონმდებლობის მიხედვით, ალიმენტი განეკუთვნება „დაუყოვნებლივ აღსასრულებელ გადაწყვეტილებათა“ კატეგორიას. ალიმენტის გადამხდელი ითვლებამოვალედ. მას აქვს შესაძლებლობა ნებაყოფლობით შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა და გადაიხადოს დაკისრებული თანხა. ხოლო იმ შემთხვევაში თუ გადახდა არ ხდება ნებაყოფლობით, მის აღსრულებას იძულებით ახორციელებს „აღსრულების ეროვნული ბიურო“, რომელიც მოქმედებს კანონით დადგენილ ფარგლებში. ალიმენტის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეებზე, როდესაც მოვალის ადგილსამყოფელი უცნობია, ან როცა იგი სპეციალურად არიდებს თავს მოვალეობის შესრულებას, აღმასრულებელი დასაბუთებული შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს – პოლიციის ორგანოების მეშვეობით მოვალის ძებნის შესახებ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოსამართლეს გამოაქვს შესაბამისი განჩინება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული ნორმების მიხედვით – მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტების ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით. თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. მშობელს, რომელიც ალიმენტს უხდის არასრულწლოვან შვილებს, შეიძლება დაეკისროს მონაწილეობა დამატებით ხარჯებში, რომლებიც გამოწვეულია განსაკუთრებული გარემოებებით (ბავშვის მძიმე ავადმყოფობით, დასახიჩრებით და სხვა). შვილების შენახვის ხარჯები მშობლებს შეიძლება დაევალოთ, გაწიონ თავიანთ მეურვეობას ან მზრუნველობას გადაცემული შვილის რჩენის ხარჯები ამ კოდექსის ან სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად. შვილები მოვალენი არიან იზრუნონ მშობლებისათვის და დაეხმარონ მათ. სრულწლოვანი შრომისუნარიანი შვილები მოვალენი არიან არჩინონ შრომისუუნარო მშობლები, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ. შვილები შეიძლება განთავისუფლდნენ მშობლების რჩენის მოვალეობისაგან, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მშობლები თავს არიდებდნენ მშობლის მოვალეობის შესრულებას. მშობელი, რომელსაც ჩამორთმეული აქვს მშობლის უფლება, კარგავს შვილებისაგან ალიმენტის მოთხოვნის უფლებას. თითოეული შვილის მონაწილეობას იმ შრომისუუნარო მშობლის რჩენაში, რომელიც დახმარებას საჭიროებს,განსაზღვრავს სასამართლო ყოველთვიურად გადასახდელი თანხის სახით, მშობლებისა და შვილების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით. ამ თანხის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს მშობლების ყველა სრულწლოვანი შვილის მოვალეობას მიუხედავად იმისა, სარჩელი წარდგენილია ყველა, რამდენიმე თუ ერთი შვილის მიმართ. დები და ძმები, რომელთაც საკმაო სახსრები აქვთ, მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი დები ან/და ძმები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ და არ შეუძლიათ სარჩო მიიღონ მშობლებისაგან. ასეთივე მოვალეობა ეკისრებათ მათ იმ შრომისუუნარო სრულწლოვანი დების ან/და ძმების მიმართ, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ, თუ მათ არ შეუძლიათ მიიღონ სარჩო თავის მშობლების, მეუღლის ან შვილებისაგან. შვილიშვილი, რომელსაც საკმაო სახსრები აქვს, მოვალეა არჩინოს თავისი შრომისუუნარო პაპა და ბებია,რომლებიც დახმარებას საჭიროებენ, თუ მათ არ შეუძლიათ მიიღონ სარჩო თავისი შვილისაგან ან ერთმანეთისაგან. პაპა და ბებია, რომელთაც საკმაო სახსრები აქვთ, მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილიშვილი, რომელიც დახმარებას საჭიროებს, თუ მას არ შეუძლია სარჩო მიიღოს თავისი მშობლებისაგან. ასეთივე მოვალეობა ეკისრებათ მათ იმ შრომისუუნარო სრულწლოვანი შვილიშვილის მიმართ, რომელიც დახმარებას საჭიროებს, თუ მას არ შეუძლია მიიღოს სარჩო თავისი მშობლების, მეუღლის ან შვილებისაგან. მამინაცვალი და დედინაცვალი, რომელთაც საკმაო სახსრები აქვთ, მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი ან/და შრომისუუნარო გერი, რომელსაც დახმარება ესაჭიროება, თუ იგი იმყოფება მათთან აღსაზრდელად ან სარჩენად და არა ჰყავს მშობლები ან არ შეუძლია მათგან მიიღოს თავისი სარჩენი სახსრები. გერი, რომელსაც საკმაო სახსრები აქვს, მოვალეა არჩინოს თავისი შრომისუუნარო მამინაცვალი ან/და დედინაცვალი, რომელთაც დახმარება ესაჭიროებათ, თუ ისინი ადრე ზრდიდნენ ან არჩენდნენ მას. (( წყარო:http://house.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=251 http://nbe.gov.ge/index.php?sec_id=536&lang_id=GEO))