პატიმრობისა და სისხლის სამართლის კოდექსში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა1805 2012.10.18
პატიმრობისა და სისხლის სამართლის კოდექსში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა…რომელიც 25 ნოემბრიდან ამოქმედდება. ცვლილებები პატიმრობის, ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების თანამშრომლებისა და ამ დაწესებულებაში მყოფი პირების უფლებებს განსაზღვრავს. პატიმრობის კოდექსში შეტანილი ცვლილებებით,ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, შეუზღუდავი რაოდენობით გაგზავნოს და მიიღოს წერილები, ამ კოდექსით დადგენილი წესით, გარდა ამავე კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ასევე, განისაზღვრა ხანმოკლე და ხანგრძლივი პაემანების, სატელეფონო საუბრების და ვიდეო პაემნის რაოდენობა და ხანგრძლოვობა. პატიმრობის კოდექსის გარდა, ცვლილება შევიდა სისხლის სამართლის კოდექსში და ეს ცვლილება პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების თანამშრომელთა დაცვას ემსახურება. დღეიდან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ან მის მიმართ ძალადობა, ან მისი ან/და მისი ახლო ნათესავის მიმართ სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის ან ქონების დაზიანების მუქარა, თანამშრომლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ან ამ დაწესებულების საქმიანობისათვის სხვაგვარად ხელის შეშლა ან/და ამ საქმიანობის დეზორგანიზაცია, − დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.