რა იცით საჯარო მოხელეთა ქცევისა და კომუნიკაციის სტანდარტებზე?1034 2012.10.19
რა იცით საჯარო მოხელეთა ქცევისა და კომუნიკაციის სტანდარტებზე?
ხართ თუ არა საქმის კურსში, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და საქართველოს საერთო სასამართლოებში მოქალაქესთან კომუნიკაციის სტანდარტი არსებობს? აღნიშნული სტანდარტები ეფუძნება კეთილსინდისიერების, კეთილგანწყობის, სისწრაფის, სიმარტივისა და უწყვეტობის პრინციპებს. რაც იმას ნიშნავს, რომ სფეროში მომუშავე მოხელე ვალდებულია კეთილსინდისიერად განახორციელოს მისთვის მინდობილი უფლებამოსილებანი და მასზე დაკისრებული ვალდებულებები, აღიქვამდეს პასუხისმგებლობას და ასე განახორციელოს კანონითგათვალისწინებული ფუნქციები. დასაწყისი და პირველი შთაბეჭდილება ხომ ყველგან და ყველაფერში მნიშვნელოვანია, აქედან გამომდინარე კომუნიკაციის დაწყებასაც უდიდესი ყურადღება ექცევა. მოქალაქის მიღებისას, მოხელე ვალდებულია პირველ რიგში გაუღიმოს მას, რათა კეთილგანწყობას გაუსვას ხაზი. შემდეგ მიესალმოს მეგობრულად და რაც ხაზგასასმელია, სასურველია მიმართოს სახელით თუკი აღნიშნული ცნობილია მისთვის; შემდეგ კი უნდა შესთავაზოს დახმარება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მოხელემ მოქალაქეს გულდასმით მოუსმინოს და კონცენტრირებული იყოს მის საუბარზე. ამ დროს, პარალელურ რეჟიმში არ შეიძლება არანაირი სხვა საქმის კეთება. ცხადია, რომ დახმარების აღმოჩენა კომპეტენციის ფარგლებში უნდა მოხდეს, თუ მოხელე არ არის კომპეტენტური კონკრეტულ საკითხში და საჭიროა მოქალაქის სხვა პირთან გადამისამართება, მას კარგად უნდა განემარტოს გადამისამართების მიზეზი, და საკონტაქტო ინფორმაცია კომპეტენტურ მოხელეზე. აღსანიშნავია ისიც, რომ დიდი ყურადღება ექცევა მოხელის გარეგნობას. სისადავე და კონსერვატულობა ამ საკითხში პრიორიტეტულია. ტანსაცმელი უნდა იყოს სადა და გემოვნებიანი. იგივე წესი ვრცელდება აქსესუარებზე, მაკიაჟსა და ვარცხნილობაზე. უპირატესობა ენიჭება სოლიდურ ტანისამოსს. მოხელე ასევე ვალდებულია დარწმუნდეს, რომ მასთან მისულმა მოქალაქემ მიიღო მისთვის საჭირო და აუცილებელი სრული ინფორმაცია. ხოლო მისი უკმაყოფილების შემთხვევაში ისევ და ისევ გულდასმით უნდა მოუსმინოს მას და ეცადოს აღმოფხვრას უკმაყოფილების მიზეზი შესაძლებლობისა და კომპეტენციის ფარგლებში. სიმშვიდე, აუღელვებლობა და კეთილგანწყობა, ეს ის ქცევის ნორმებია რომელიც საჯარო მოხელეთა ვალდებულებას წარმოადგენს ჩვენს, მოქალაქეთა მიმართ.