რა უნდა იცოდეთ თუკი მოწმედ ხართ დაბარებული3600 2021.07.16
რა უნდა იცოდეთ თუკი მოწმედ ხართ დაბარებული

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით მოწმე ის პირია, ვინც შეიძლება იცოდეს სისხლი სამართლის საქმეზე გარემოებათა დასადგენად საჭირო ინფორმაცია. პირი მოწმის ამ სტატუსსა და უფლება-მოვალეობებს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ გაფრთხილებისა და ფიცის (რელიგიური და არარელიგიური) დადების შემდეგ იძენს. მხარეს უფლება აქვს სასამართლოში მოითხოვოს მოწმის უშუალოდ დაკითხვა. მოწმის ჩვენება ვერ იქნება მტკიცებულება, თუ იგი ვერ მიუთითებს წარმოდგენილი ინფორმაციის წყაროს, ან დადგინდება, რომ შეზღუდული შესაძლებლობის გამო არ შეუძლია სწორად აღიქვას და დაიმახსოვროს ფაქტები ამ საკითხთან დაკავშირებით. 2013 წელს მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა საქართველოს უზენაესმა სასამართლომ (საქმე №3აგ-13) და თქვა, რომ არ შეიძლება მოწმედ დაიკითხოს პირი, რომელსაც ფიზიკური ნაკლის გამო არ შეუძლია, სწორად აღიქვას, დაიმახსოვროს და აღიდგინოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მისცეს ჩვენება. მოწმის მიერ მიცემული ირიბი ჩვენება - ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. ჩვენებას პირი აძლევს სასამართლოს ადგილზე გამოცხადებით (მხარე ვალდებულია უზრუნველყოს თავისი მოწმის გამოცხადება), მაგრამ არსებობს გამონაკლისი, როდესაც მოწმე არ იმყოფება საქართველოს ფარგლებში, შესაძლებელია ჩვენება დისტანციურად ელექტრონული საშუალებების გამოყენებით მისცეს.

რა უფლებები და ვალდებულებები გააჩნია მოწმეს?

მან უნდა იცოდეს კონკრეტულად რა საქმეზე არის გამოძახებული; მონაწილეობა უნდა მიიღოს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაში; მოითხოვოს დაცვის სპეციალური ღონისძიება; არ მისცეს ჩვენება რომელიც დანაშაულში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს; გაეცნოს მისი მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებების ოქმს და შეიტანოს მასში ცვლილებები; ისარგებლოს თარჯიმანის მომსახურებით თუ არ ესმის ენა; ისარგებლოს ადვოკატის მომსახურებით. მოწმე ვალდებულია გამოცხადდეს სასამართლო სხდომის დარბაზში და უპასუხოს დასმულ შეკითხვებს; არ გაამჟღავნოს ის ინფორმაცია რომელიც საქმესთან დაკავშირებით გახდა მისთვის ცნობილი; პროცესის მიმდინარეობისას დაიცვას წესრიგი და არ დატოვოს დარბაზი სხდომის თავმჯდომარის ნებართვის გარეშე.

ვინ არ შეიძლება იყოს მოწმე?

ადვოკატი რომლისთვისაც თავისი მოვალეობის შესრულებისას გახდა ცნობილი ამ საქმის გარემოებები; ბრალდებულის ახლო ნათესავი; სახალხო დამცველი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი; ჟურნალისტი, პროფესიული საქმიანობიდან მიღებული ინფორმაციის გამო; მოსამართლე იმ გარემოებების გამო რომელიც სასამართლო თათბირის საიდუმლოებაა; ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლი მოსაფიქრებელი ვადის განმავლობაში; საქართველოს პარლამენტის წევრი, რომელსაც მისი საქმიანობის გამო გაანდეს ინფორმაცია; ადვოკატი, რომელიც იურიდიულ დახმარებას უწევდა პირს დაცვის მიღებამდე.

რა უნდა იცოდეთ გამოძიების ეტაპზე ჩვენების მიცემისას?

გამოძიების სტადიაზე, როგორც დაცვის ისე ბრალდების მხარის შუამდგომლობით ადგილსამყოფელის მიხედვით მაგისტრატ მოსამართლის წინაშე მოწმედ შეიძლება დაიკითხოს პირი იმ შემთხვევაში, თუ იგი დიდი ხნით ტოვებს საქართველოს; არსებობს მისი სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების რეალური საფრთხე; ეს აუცილებელია დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებით. მოწმეს უფლება აქვს საკუთარი ხარჯებით ისარგებლოს ადვოკატის მომსახურებით.

©ლიკა ნახუცრიშვილი

მსგავსი სტატიები: მოწმე და მისი უფლება–მოვალეობები„მოწმედ გამოძახებისას, ჩვენების მიცემამდე, კონსულტაცია გაიარეთ ადვოკატთან“უზენაესი სასამართლოს განმარტება მოწმეთა ჩვენებების საკითხზეზემოქმედების განხორციელება გამოსაკითხ პირზე, მოწმეზე, დაზარალებულზე, ექსპერტზე ან თარჯიმანზე