error 1173 2018.11.08
რა პროცედურებს ითვალისწინებს შვილად აყვანა?

საქართველოში შვილად აყვანა და მისი პროცედურები საოჯახო სამართლის სფეროს განეკუთვნება და მას სამოქალაქო კოდექსი არეგულირებს. გამოვყოფთ შვილად აყვანის პროცედურების მთავარ ასპექტებს. როგორც სხვა დროს, აქაც პირველ ადგილს ბავშვის ინტერესები იკავებს და შესაბამისად, სახელმწიფო კერძო ურთიერთობაში უფრო მეტად ერევა.

ვინ შეიძლება ვიშვილოთ?

შვილება შეიძლება მხოლოდ არასრულწლოვანი ბავშვის მისი კეთილდღეობისა და ინტერესების გათვალისწინებით, თუ მშვილებელსა და ნაშვილებს შორის ისეთივე ურთიერთობა წარმოიშვას, როგორიცა მშობელსა და შვილებს შორისაა. ამასთანავე არის გამონაკლისი, როცა სრულწლოვანი პირის შვილად აყვანა შეიძლება. ამ შემთხვევაში მთავარია უკვე არსებობდეს ფაქტობრივი ურთიერთობა მშვილებელსა და შვილად ასაყვან პირს შორის, ასევე არ ეწინააღმდეგება მშვილებლის ან/და შვილად ასაყვანის ინტერესებს და ის ზნეობრივად გამართლებულია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი არ აკონკრეტებს თუ რა არის ზნეობრივად გაუმართლებელი, თუმცა ივარაუდება, რომ ეს ნიშნავს - არ ეწინააღმდეგებოდეს საზოგადეობაში დამკვირდებულ მინიმალურ სტანდარტებს, მაგალითად, ასაკით უმცროსმა იშვილოს ასაკით უფროსი და ა.შ. ბავშვს გასაშვილებელი ბავშვის სტატუსი ენიჭება მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოს გადაწყვეტილებით, რომლის საფუძველზედაც გასაშვილებელი ბავშვი რეგისტრირდება რეესტრში კერძოდ:

გასაშვილებელი ბავშვის სტატუსი ენიჭება ბავშვს: 
ა) რომლის მშობელი (მშობლები) სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა; 
ბ) რომელიც არის ობოლი; 
გ) რომელიც სასამართლომ მიტოვებულად აღიარა; 
დ) რომლის მშობელსაც (მშობლებს ) სასამართლომ ჩამოართვა მშობლის უფლება; 
ე) რომლის ყველა კანონიერი წარმომადგენელი აცხადებს თანხმობას მის გაშვილებაზე მინისტრის მიერ დადგენილი წესით.

 

ახლა, რაც შეეხება იმას, თუ ვინ არ შეიძლება, იყოს მშვილებელი პირი. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საქართველოს კანონმდებლობით მშვილებელი შეიძლება იყოს საქართველოში მუდმივად მცხოვრები, სრულწლოვანი პირი, რომელიც აკმაყოფილებს მშვილებლისთვის დადგენილ მოთხოვნებს. ხოლო, ვინც არ შეიძლება, იყოს მშვილებელი პირი, გთავაზობთ ჩამონათვალს:

 

ვინარშეიძლებაიყოსმშვილებელიპირი :

ა) პირი, რომელსაც ჩამოერთვა მშობლის უფლება ან ადრე ჰყავდა შვილად აყვანილი ბავშვი, იყო არასრულწლოვანი პირის მეურვე/მზრუნველი ან მინდობით აღსაზრდელად გადაცემული ჰყავდა მინდობით აღსაზრდელი, მაგრამ ეს ურთიერთობა გაუქმდა მის მიერ მოვალეობათა არაჯეროვნად შესრულების გამო;

ბ) რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეეზღუდა მშობლის უფლება- მოვალეობები მშობლის უფლებების განუხორციელებლობისა და მოვალეობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების გამო;

გ) რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის (მინისტრის მიერ დამტკიცებული დაავადებათა ნუსხის მიხედვით) გამო მშობლის მოვალეობებს ჯეროვნად ვერ ასრულებს;

დ) რომლის ოჯახის სოციალური მდგომარეობა არ აღემატება მინდობით აღზრდის მიზნით გადაცემისათვის სახელმწიფოს მიერ დადგენილ სტანდარტებს, გარდა ამ კანონის მე-15 მუხლით გათვალისწინებული შვილად აყვანის უპირატესი უფლების მქონე პირისა

ე) რომელსაც სასამართლომ მსჯავრი დასდო მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXIV თავით გათვალისწინებული დანაშაულისთვის და ნასამართლობა არ აქვს მოხსნილი ან გაქარწყლებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარდა ამ პუნქტის „ვ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულისა, როდესაც პირი არ შეიძლება იყოს მშვილებელი, მიუხედავად იმისა, მოხსნილი ან გაქარწყლებული აქვს თუ არა ნასამართლობა;

ვ) რომელიც ნასამართლევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 112-ე მუხლებით, 126-ე მუხლის 11 ნაწილითა და მე-2 ნაწილის „დ" ქვეპუნქტით, 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით, 137-ე, 138-ე, 139-ე, 140-ე, 141-ე, 1422, 1431, 1432, 1441, 1442, 1443, 171-ე, 172-ე, 1721, 253-ე, 2551 და 2552 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, მიუხედავად იმისა, მოხსნილი ან გაქარწყლებული აქვს თუ არა ნასამართლობა.

 

ბავშვის შვილად აყვანასთან დაკავშირებით არსებობს შემდეგი შეზღუდვები:

• აკრძალულია 10 წლის ან 10 წელზე მეტი ასაკის ბავშვის გაშვილება მისი თანხმობის გარეშე;

• აკრძალულია შვილად აყვანის მსურველ პირსა/მშვილებელსა და საქართველოში მუდმივად მცხოვრები ბავშვის მშობელს (მშობლებს) ან სხვა კანონიერ წამომადგენელს შორის წინასწარი მოლაპარაკება ან გარიგება შვილად აყვანის მიზნით, აგრეთვე ბავშვის, ბავშვის გაშვილების მსურველი პირის ან შვილად აყვანის მსურველი პირის/მშვილებლის შესახებ ინფორმაციის მოძიება ან გავრცელება.

• აკრძალულია შვილად აყვანის მიზნით ფეხმძიმე ქალის წინასწარ შერჩევა და მისი სამშობიაროდ საქართველოს ფარგლების გარეთ გაყვანის შესაძლებლობის შექმნა ან ასეთი ქმედებისთვის ხელის შეწყობა.

• მშვილებელსა და გასაშვილებელ ბავშვს შორის ასაკობრივი სხვაობა არ უნდა იყოს 16 წელზე ნაკლები. საპატიო მიზეზის არსებობისას სასამართლომ შესაძლებელია შეცვალოს ეს ასაკობრივი სხვაობა.

• მშვილებელსა და 10 წლამდე ასაკის გასაშვილებელ ბავშვს შორის მაქსიმალური ასაკობრივი სხვაობა არ უნდა იყოს 49 წელზე მეტი (ზედა ასაკობრივი ზღვარი). გამონაკლის შემთხვევაში მშვილებელსა და 7 წლიდან 10 წლამდე ასაკის გასაშვილებელ ბავშვს შორის მაქსიმალური ასაკობრივი სხვაობა შესაძლებელია იყოს 49 წელზე მეტი, თუ ეს შეესაბამება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. ზედა ასაკობრივი ზღვარი არ ვრცელდება დაქორწინებულ მშვილებლებზე, როდესაც ერთ-ერთი მათგანი აკმაყოფილებს ამ პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.

• დაუშვებელია და-ძმის, დების ან/და-ძმების დაშორება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს შეესაბამება მათ ინტერესებს;

• მშვილებელი ოჯახისათვის/პირისთვის გასაშვილებელი ბავშვის შეთავაზება ხდება რეესტრში არსებული რიგითობის, ბავშვის შესახებ მშვილებლების განცხადებაში მითითებული მონაცემების მოთხოვნათა შესაბამისად და ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით.

• საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მშვილებელს (მშვილებლებს ), რომელიც (რომლებიც) იმავდროულად არის (არიან) უცხო ქვეყნის მოქალაქე (მოქალაქეები), რეესტრში აღრიცხულ გასაშვილებელ ბავშვს არ შესთავაზებენ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ბავშვი არის საერთაშორისო შვილად აყვანას დაქვემდებარებული ბავშვი ან მშვილებელი (მშვილებლები) არის (არიან) გასაშვილებელი ბავშვის ნათესავი (ნათესავები) „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ზ" ქვეპუნქტით დადგენილ პირთა წრიდან.

 


შვილად აყვანის უპირატესი უფლების მქონე პირების მიმართ არ მოქმედებს რიგითობის პრინციპი.

- გასაშვილებელი ბავშვის შვილად აყვანის უპირატესი უფლება აქვს:

ა) მშვილებელს, რომელსაც სურს შვილად თავისი მეუღლის შვილი აიყვანოს;

ბ) მშვილებელს, რომელიც არის გასაშვილებელი ბავშვის ნათესავი ამ კანონით დადგენილ პირთა წრიდან;

გ) მშვილებელს, რომელსაც უკვე აყვანილი ჰყავს შვილად გასაშვილებელი ბავშვის დედმამიშვილი;

დ) მინდობით აღმზრდელს, რომელსაც ბოლო 6 თვის განმავლობაში მინდობით აღსაზრდელად ჰყავდა გადაცემული მინდობით აღსაზრდელი.

 

საქართველოდან უცხო ქვეყანაში ბავშვის გაშვილება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნება ან მისი შვილად აყვანა საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირის მიერ.

თუ საქართველოში მუდმივად მცხოვრები გასაშვილებელი ბავშვისთვის მშვილებლები ( მშვილებელი) საქართველოში ვერ მოინახა, ცენტრალური ორგანო იწყებს ამ ბავშვის უცხო ქვეყანაში შვილად აყვანის პროცედურას

თუ ბავშვი მისთვის გასაშვილებელი ბავშვის სტატუსის მინიჭებიდან 8 თვის განმავლობაში საქართველოში ვერ გაშვილდა, იმავდროულად დადგინდა, რომ უცხო ქვეყანაში გაშვილება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს შეესაბამება, ცენტრალური ორგანო საკუთარი ინიციატივით ამზადებს გასაშვილებელი ბავშვის შესახებ ანგარიშს და მას კომპეტენტურ ორგანოს წარუდგენს.

 

დადგენილი ვადა (8 თვე) არ ვრცელდება შვილად აყვანის უპირატესი უფლების მქონე პირზე.

სხვა სიახლეები
16 ნოე

არბიტრაჟი - დავა სასამართლოს გარეშე

08 ნოე

რა შემთხვევაში გაუქმდება ჩუქების ხელშეკრულება?

07 ნოე

„კანონმდებლობით გათვალისწინებული შვებულების ხანგრძლივობა ხშირად ირღვევა“

05 ნოე

როგორ მოქმედებს კანონი დანაშაულის შეუტყობინებლობაზე?

02 ნოე

„ხანდაზმულობის გასვლით მოვალე ვალდებულებისგან თავისუფლდება“

31 ოქტ

ვის და რა შემთხვევაში ეკისრება პირგასამტეხლო?!

29 ოქტ

მემკვიდრის სავალდებულო წილი

23 ოქტ

ნივთები, რომლებზეც ყადაღის დადება დაუშვებელია

16 ოქტ

საქმიანობები, რომელთა დაურეგისტრირებლად ჯარიმა დაგეკისრებათ

12 ოქტ

„არასრულწლოვნის ზეგანაკვეთურ სამუშაოზე დასაქმება აკრძალულია“