რომელია ქურდობა? ძარცვა? ყაჩაღობა?726 2024.04.17
რომელია ქურდობა? ძარცვა? ყაჩაღობა?

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა - რამდენად ზუსტად გესმით მათი მნიშვნელობა?

სანამ მათ შორის განსხვავებაზე ვისაუბრებდეთ, გავიხსენოთ ქურდობის, ძარცვისა და ყაჩაღობის სისხლის სამართლის კოდექსისეული განსაზღვრება.

სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მიხედვით:

ქურდობა არის სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.

178-ე მუხლის მიხედვით:

ძარცვა არის სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.

ხოლო, 179-ე მუხლის მიხედვით კი:

ყაჩაღობა არის თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით.

 

რა განსხვავებაა მათ შორის?

მიუხედავად დიდი მსგავსებისა, მათ შორის არსებითი განსხვავებაა.

ქურდობა

დანაშაულის საგანია - მოძრავი ნივთი და ეს ნივთი არის სხვა პირის,

დაუფლების ხერხია - ფარული და

მიზანი - მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება.

ქურდობის დანაშაული დამთავრებულია მაშინ, როცა პირი დაეუფლება ნივთს.

ძარცვა

დანაშაულის საგანია - მოძრავი ნივთი და ეს ნივთი არის სხვა პირის,

დაუფლების ხერხია - აშკარა და

მიზანი - მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება.

ძარცვის დანაშაული დამთავრებულია მაშინ, როცა პირი დაეუფლება ნივთს.

ყაჩაღობა

ყველაზე საშიში დაუფლებითი დანაშაულია, რადგან:

დაუფლების ხერხია - თავდასხმა, რომელიც ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.

ყაჩაღობის დანაშაული დამთავრებულია თავდასხმის მომენტიდან, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ყაჩაღმა ვერ მიაყენოს დაზიანება პირს და ვერც მის ნივთს დაეუფლოს.

ყაჩაღის მიზანია მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთროს სხვისი მოძრავი ნივთი და მნიშვნელობა არ აქვს, მოახერხებს თუ არა იგი ამას.

 

კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით.

ჩვენი გუნდი მზად არის, დაგეხმაროთ.