სამართალი და სამართლიანობა 1654 2022.02.22
სამართალი და სამართლიანობა

ძველად აღიქმებოდა, რომ სამართალსა და სამართლიანობას ერთი და იგივე მნიშვნელობა ჰქონდა. როგორ შეიძლება არ გავიზიარო დიგესტებში გაჟღერებული აზრი:,,სამართალი დასაბამს ღებულობს სამართლიანობისგან, როგორც დედისაგან. მაშასადამე, სამართლის წინ იყო სამართლიანობა.’’ სწორედაც რომ ადამიანს მასში გაჩენილი უსამართლობის შინაგანი გრძნობა მიიყვანდა საზოგადოებას იქამდე, რომ შეექმნა ისეთ რამ რაც მას სწორედ ამ უსამართლობისგან დაიცავდა და ჩამოყალიბდა სამართალიც, სამართალი რომელიც სამართლიანი უნდა ყოფილიყო. მაგრამ დრომ, ისტორიამ გვიჩვენა, რომ ეს ასე არაა. სასურველია სამართალი სამართლიანი იყოს, მაგრამ ხშირად სხვა რეალობას ვხვდებოდით და ვხვდებით. მაგალითად ნიურნბერგის პროცესზე გამართლებული ჯარისკაცი, რომელიც გაიქცა ნაცისტური არმიიდან და მოკლა ჯარისკაცი, რომელსაც მისი უკან დაბრუნება სურდა. რატომ გაამართლა სასამართლომ ის? რადგან ნაცისტურ გერმანიაში არსებული კანონები, სამართალი იმდენად უსამართლო იყო, რომ სამართლიანად მიიჩნიეს ჯარისკაცის მიერ იმ დროინდელი კანონის დარღვევაც, როცა გაიქცა და თავის გადასარჩენად ჩადენილი მკვლელობაც გაამართლეს. ამ ამბის მოსმენის შემდეგ შეგვიძლია დავეთანხმოთ არისტოტელეს? რომელიც ამბობს, რომ ,,სამართლიანი იქნება კანონების ერთგული და მიუკერძოებელი კაცი.’’ მე პირადად ვერ დავეთანხმები, რომ კანონების ერთგული ადამიანი სამართლიანია. შეიძლება კი სამართლიანად შეფასდეს ნაცისტურ გერმანიაში მოქმედი კანონის დამცველი ადამიანი. კანონების, რომლებიც გეუბნებიან მოკლა ადამიანი, რომელსაც თავისუფლება სურს, განთავისუფლება სასტიკი რეჟიმისგან, რომ უნდა დაასმინო ადამიანი რომელიც რეჟიმისთვის არასასურველ მაგრამ საკუთარ, თავის აზრს გამოთქვამს, ან თუნდაც დაასმინო ადამიანი თავისი ეთნიკური წარმომავლობის გამო, რომელსაც იცი სიკვდილი მოელის. ჩემთვის ასეთი ადამიანი ნამდვილად არაა სამართლიანი. ამიტომ თუ თავად კანონი არ იქნება სამართლიანი, ვერც მისი დამცველი ადამიანი ჩაითვლება ასეთად.  ეს მხოლოდ წარსული არაა. დღესაც უპირისპირდება კანონი, სამართალი სამართლიანობას. სულ ახლახანს მომხდარი შემთხვევებიც ცხადყოფს ყოველივე ამას. მაგალითად ლევან ზურაბიშვილს, ბანკში შეჭრილი ახალგაზრდას, რომელიც ,,ტერორისტად მონათლეს’’, კანონი დამნაშავედ ცნობს და 9-დან 14 წლამდე პატიმრობას უქადის, მაგრამ საზოგადოების ნაწილისათვის, რომელიც მასსავით ფიქრობს, სულაც არ არის სამართლიანი იმ ადამიანის ასეთი სიმკაცრით დასჯა, რომელიც აზარტული თამაშების აკრძალვას, ბანკების მხრიდან სესხის პროცენტზე შეღავათის გაკეთებასა და წამლების ფასის შემცირებას ითხოვს. ასევე უახლოეს წარსულში განვითარებული მოვლენები აფრიკის დასახლებაში. თბილისის მერიამ დაანგრია უკანონოდ აშენებული სახლები. პოზიტივისტებისთვის ეს გამართლებული ქმედებაა, რადგან შენობები უკანონოდ იყო აშენებული, მაგრამ რამდენად სამართლიანია ეს ქმედება, დაუნგრიო ყველაზე გაჭირვებულს სახლი? უკანონდ აშენებული სახლის უკან რა დგას? არაფორმალური დასახლებების არსებობა ხომ მასობრივი სიდუხჭირითაა გამოწვეული. ყველაზე ღარიბი ფენა იძულებულია სწორედ ასეთ ადგილებში დასახლდეს, ამიტომ საზოგადოების ნაწილისათვის უსამართლობაა ისედაც გაჭირვებული მოსახლეობისათვის საცხოვრებლის დანგრევა. როგორც ვხედავთ, ზემოთ ხსენებულ შემთხვევებში ერთმანეთს სწორედ სამართალი და სამართლიანობა უპირსპირდება, მაგრამ განსხვავებაა ისაა, რომ ნიურნბერგის პროცესზე უპირატესობა სამართლიანობას მიენიჭა, ხოლო უახლეს წარსულში მომხდარი მოვლენების შემთხვევაში კი კანონი, იმისდა მიუხედავად სამართლიანია იგი თუ უსამართლო, უზენაესი დარჩა. როდესაც კანონი უსამართლოა კანონი კი არ უნდა იყოს უზენაესი, სამართალი უნდა იყოს უზენაესი, სამართალი კი აუცილებლად სამართლიანობითაა ნაკარნახები.

  და მაინც როგორ იმიჯნება სამართალი და სამართლიანობა? თუ დავეყრდნობით სამართლის თეორიაში გავრცელებულ მოსაზრებას, მაშინ სამართალი ზნეობის ინსტრუმენტად გვევლინება, ხოლო სამართლიანობა-სამართლის დეფინიციის ელემენტად. სამართალი ობიექტური რეალობაა, გარემომცველ სამყაროში რაიმეს ქმედების განხორციელების ან მისი შესრულებისგან თავის შეკავების უფლება. სამართლიანობა კი ინდივიდუალური, შეფასებითია და მისი შეგნება კონკრეტულ სიტუაციაში ჩვენს მიერ მდგომარეობის ჩვენს სასარგებლოდ ან ჩვენს საწინააღმდეგოდ აღქმაზეა დამოკიდებული. სამართლიანობის განცდა ადამიანის გონების, ფსიქოლოგიური თავისებურებების პროდუქტია, სწორედ მისი ფსიქიკურ, ფსიქოლოგიურ-ლოგიკური დამოკიდებულება კონკრეტული მოვლენისადმი. სამყაროში ობიექტურად სამართლიანი თუ უსამართლო არ არსებობს. სწორედ ადამიანი არქმევს ამა თუ იმ მოვლენას სამართლიანსა თუ უსამართლოს თავისი გონების შემოქმედებით. თავის მხრივ ამ გონების შემოქმედება განპირობებული შეიძლება იყოს მრავალი ფაქტორით. თითოეულ ადამიანს თავისი გამოცდილების გავლენით უგროვდება და უყალიბდება გარკვეული პრინციპები, ზოგჯერ ამ პრინციპების ჩამოყალიბებაში საზოგადოების გავლენაც დიდ როლს თამაშობს. შემდეგ კი სწორედ ეს პრინციპები განაპირობებს ადამიანის მხრიდან მოვლენის სამართლიანად ან უსამართლოდ მიჩნევას. მისი ეს განცდა შეფასებაზეა დაფუძნებული. 

კანტი ერთმანეთისგან განასხვავებდა მორალურ და სამართლებრივ სამართლიანობას. მისი აზრით, ადამიანისათვის კანონი უნდა ხდებოდეს ის რასაც მისი გონება ეუბნება, რადგან ადამიანის გონი ავტონომიურია და არ სჭირდება ღვთიური ან ბუნებითი კანონების გათავისება. სამართლიანობა იმ საზოგადოებრივ წყობაში რეალიზდება, რომელშიც გონის იმპერატივის ისეთი აღიარება მბრძანებლობს, სადაც მის უკან მდგარი უნივერსალური პრინციპის სახით არსებული შემწყნარებლობის პრინციპი, რომელიც ყველასთვის მისაღებია, მოქმედების ბოლო კრიტერიუმია, რადგან გონით სხვა არაფერი შეიძლება იყოს გამართლებული. საზოგადეობაში იურიდიული სამართლიანობის დანერგვაც და განხორციელებაც იძულებით უნდა მოხდეს, რადგან მხოლოდ ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვივარაუდოთ მორალური სამართლიანობის რეალიზება. იურიდიული სამართლიანობა სწორედ მორალურ სამართალზე უნდა იყოს დაფუძნებული და მისი ამოცანაც სწორედ მორალური სამართლიანობის აღსრულების შესაძლებლობის უზრუნველყოფაა. საზოგადოებაში სადაც უამრავი ინდივიდი თანაცხოვრობს აუცილებელია საყოველთაოდ აღიარებული მორალური ფასეულობების: სიცოცხლის, ხელშეუხებლობის, პატივის, ღირსების დაცვა და სწორედ სამართლებრივი სამართლიანობის განმტკიცებითა და განხორციელებითაა შესაძლებელიი ამ დაცვის განხორციელება. იურიდიული სამართალი ეს სახელმწიფოს მიერ დადგენილი, საზოგადოებრივი ურთიერთობების მარეგულირებელი, შესასრულებლად სავალდებულო ქცევის წესების ერთობლიობაა, რომელთა განხორციელებასაც სახელმწიფო იძულების აპარატით განახორციელებს. ის პოზიტიური სამართლის, დაწერილი კანონების მეშვეობით ხორციელდება. კანონი კი ხელისუფლების უმაღლესი ორგანოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად მიღებული უმაღლესი იურიდიული ძალის მქონდე სამართლის ნორმა უნდა იყოს სამართლიანი, უნდა გამოხატავდეს საზოგადოების უმრავლესობის ნებას. სწორედ ასე შეძლებს ის იყოს რეალურად ფუნქციონირებადი და საზოგადოებრივი ურთიერთობების მარეგულირებელი.

სამართლიანობის პრობლემაც თავს გადაწყვეტილების მიღების პროცესში იჩენს, მაშინ როდესაც ორი ან მეტი პირის ინტერესი უპირისპირდება ერთმანეთს და საჭირო ხდება სწორედ სამართლიანად გაიმიჯნოს უფლებები და მოვალეობები.

სამართლიანობის გაგება შესაძლებელია ობიექტური და სუბიექტური სახით. ობიექტური სახით გაგება გულისხმობს საზოგადოებაში მიზანშეწონილად და ეთიკურად მიჩნეულ ქმედებებსა და წესრიგს. ის რაც საზოგადოების მიერაა აღიარებული და მიჩნეული საკითხების მოგვარების სასურველ ფორმად.  სუბიექტური თვალსაზრისით კი სამართლიანობა ის სიქველეა, რომელიც ადამიანს, როგორც ცალკე აღებულ დამოუკიდებელ, ავტონომიურ სუბიექტს ახასიათებს. 

ნიკომაქეს ეთიკის მე-5 თავში კი არისტოტელე სამართლიანობის შემდეგ სახეებს წარმოგვიდგენს: აბსტრაქტული და პოლიტიკური. პოლიტიკური სამართლიანობა საჯარო წესრიგის დაფუძნების სოციალური თანაცხოვრების და სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბებას შეეხება. ის განსაზღვრავს იმას, თუ როგორ ვმოქმედებთ როდესაც საჯარო პოლიტიკურ სტრუქტურას ვაფუძნებთ. იმისათვის რომ ყველასთვის მისაღები პოლიტიკური წესრიგი დავაფუძნოთ, რომელიც ადამიანურ თანაცხოვრებას დაიცავს საჭიროა სწორედ სამართლიანობის ფარგლებში მოქმედება. აბსტრაქტული სამართლიანობა კი შეიმუშავებს საერთო სიკეთის გაყოფის პრინციპებს და თავის მხრივ ორი სახისაა:განაწილებითი-iustitia distributiva და გათანაბრებითი-iustitia commutativa. განაწილებითი სამართლიანობა გულისხმობს გარკვეული სიკეთის განაწილების პროცესს. ამ პროცესში კი ჩართულია მინიმუმ სამი სუბიექტი. მათ შორის ერთ-ერთი სახელმწიფოა, სწორედ ისაა გამანაწილებელი სუბიექტი, რომელიც სოციალურ სიკეთეებს, უფლებებს, პრივილიგიებს, მოვალეობებს ანაწილებს. შესაბამისად ის მიუმხრობელი, დამოუკიდებელი უნდა იყოს და სიკეთის კონკრეტულ მიმღებთა მხარე არ უნდა დაიჭიროს. განაწილებითი სამართლიანობა ისეთ ურთიერთობებში გვევლინება სადაც იერარქიული წყობაა. მისი დანიშნულება ასეთ ურთიერთობებში ინდივიდუალური საფუძვლების განაწილებაა, ის ინდივიდუალურ თავისებურებებს ითვალისწინებს. როგორც არისტოტელე აღნიშნავს, განაწილებითი სამართლიანობა გეომეტრიეული პროპორციულობის საფუძველზე ყალიბდება, რადგან სხვადასხვა კრიტერიუმის გათვალისწინებით ყველას იმას იღებს რასაც დაიმსახურებს. შესაბამისად გადაწყვეტილების მიღებისას ყურადღება სწორედ პიროვნების დამსახურებას, მის მიერ შეტანილ წვლილსა და საჭიროებას ექცევა. ამ კრიტერიუმების გამო კი ბუნებრივია, სამართლიანობა ყველასთვის სხვადასხვა და ხშირ შემთხვევაში რადიკალურად განსხვავებულია, ზოგი მეტს იღებს, ზოგი ნაკლებს, სამწუხაროდ ზოგი კი საერთოდ არაფერს. მაგალითად სხვებთან შედარებით კონკრეტულმა პიროვნებამ მეტი პენსია მიიღოს მისი სტაჟისა და დამსახურების გამო, ან ჩვენს სახელმწიფოშივე არსებული შეღავათები სოციალურად დაუცველი პირებისთვის, მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობისთვის. საინტერესოა რომ გათანაბრებითი სამართლიანობის მიზანი სამართლიანობის დამყარებაა, მაგრამ საზოგადოების დიდ ნაწილში სწორედ ჩემს მიერ მოყვანილმა მაგალითმა უსამართლობის გრძნობა შეიძლება წარმოშვას. მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები ადამიანების ცხოვრება შედარებით რთულია და სწორედ ამიტომ სარგებლობენ შეღავათებით, მაგრამ ის ვისაც უსამართლობის გრძნობა უჩნდება არ ინტერესდება ამით, ის თვლის რომ რადგანაც თავადაც არ დაიბადა ასეთ რეგიონში არ გულისხმობს იმას რომ მას არ უნდა ჰქონდეს შეღავათები. აი გათანაბრებითი სამართლიანობის შემთხვევაში კი სახელმწიფო აღარ მონაწილეობს ურთიერთობაში, ის აღარ ანაწილებს უფლებასა, სიკეთესა თუ ჯილოდოს და საქმე მხოლოდ ორი პირის ურთიერთობას ეხება. ამ შემთხვევაში სახელმწიფო ინდივიდუალური ავტონომიის მიერაა ჩანაცვლებული. არ გვხვდება არც იერარქიული მიმართება. სუბიექტები გათანაბრებულები არიან. მაგალითად კერძო სამართლებრივი ურთიერთობები, რომლებიც სწორედ მხარეთა თანასწორობის საფუძველზეა წარმოშობილი და ხელშეკრულებაც რომელიც ასეთი ურთიერთობების სამართლებრივი გაფორმების საშუალებაა. ხელშეკრულების დადებისას შესაძლოა სახელმწიფოც მონაწილეობდეს ურთიერთობაში მაგრამ სახელმწიფო არ გვევლინება როგორც ზემოდგომი ინსტანცია. მაგალითად როდესაც ადგილობრივი მმართველობის ორგანო სურს სესხის აღება, მიწის ნაკვეთის შესყიდვა ან თუნდაც ავტომანქანის შეძენა, ის უკვე ამ ურთიერთობაში როგორც კერძო პირი ისე გამოდის და არაფრით განსხვავდება ავტომანქანის თუ მიწის შემძენი პირისგან. ხელშეკრულების დადებისას კი არსებული ხელშეკრულების დადების, შინაარსის განსაზღრის თავისუფლება გათანაბრებითი სამართლიანობის სახეა რადგან პირს აქვს შესაძლებლობა დადოს ხელშეკრულება, შეარჩიოს მისთის სასურველი კონტრაჰენტი და მეორე მხარესთან შეთანხმებით ამ ხელშეკრულების შინაარსიც განსაზღვროს.  არისტოტელე თუ თვლიდა რომ  განაწილებით სამართლიანობას გეომეტრიული პროპორცია აყალიბებდა, გათანაბრებითი სამართლიანობის შემთხვევაში სახეზე არითმეტიკული პროპორციაა. ამ შემთხვევაში აღარ ვითვალისწინებთ პიროვნებას, მის მიღწევებსა თუ დამსახურებას და წინა პლანზე ქმედების შესაბამისობა გამოდის. მაგალითად როდესაც იდება ქირავნობის ხელშეკრულება, დამქირავებელი იხდის მხარეთა მიერ უკვე შეთანხმებულ, დათქმულ ქირას, გამქირავებელი კი შეთანხმებულ უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო ნივთს გადასცემს დროებით სარგებლობაში. იმ საკითხს თუ დავსვამთ რომელი სამართლიანობის სახეა უფრო მისაღები პასუხის გაცემა ცოტა რთულია. თუ დაჯილდოებისას, რაიმე დადებითის გადაცემისას გვჭირდება სამართლიანობის განსაზღვრა, მაშინ ბევრმა შეიძლება თქვას რომ განაწილებითია უკეთესი. რა თქმა უნდა როცა დამსახურება დიდი გაქვს შინაგანი სურვილიც თან გდევს,რომ ეს დაგიფასდება და სიკეთე სხვის მსგავსად რომ მიიღო, ვისაც შენზე ნაკლები დამსახურება აქვს უსამართლობის გრძნობა გაგიჩნდება. მაგრამ აბა ამ ადამიანს ისიც ვკითხოთ როდესაც დანაშაულს ჩაიდენს ენდომება, თუ არა დამნაშავედაც თავისი დამსახურების მიხედვით გაასამართლონ. კანონი კი გათანაბრებით სამართლიანობა იყენებს. კანონის წინაშე ყველა თანასწორია და არ აქვს მნიშვნელობა ქურდობას წესიერი კაცი ჩაიდენს თუ უწესო, ქურდობა ქურდობაა და შესაბამისი სასჯელიც არსებობს. ზოგადადაც როგორ შევაფასოთ დამსახურება? ეს ცნებაც ინდივიდუალურია, ვინ როგორ აღიქვამს მას. ზოგისთვის დამსახურება ფულადია, თუ რა სიმდიდრე გაიღო, ზოგისთვის ჩადენილი კეთილშობილური საქმეები. ამიტომ ამ ცნების შეფასებითობამ შეიძლება განაწილებითი სამართლიანობით მოქმედებას საქმე გაურთულოს. ჩემი აზრით კონკრეტულად რომელიმე მიმართულების არჩევაც არაა გონივრული, ორივე სახის სამართლიანობას თავისი უპირატესობანი და ნაკლოვანებები აქვს. სხვადასხვა დროს შეიძლება სხვადასხვაგვარი არჩევანი გავაკეთოთ. მე არ ვეთანხმები თრასიმაქეს მიერ აღქმულ სამართლიანობას, სამართლიანობა ყველაზე ძლიერის ინტერესი არაა. სამართლიანობისთვის საწყის ეტაპზე ყველას გათანაბრებაა საჭირო, ყველასთვის თანაბარი შესაძლებლობების მინიჭება განვითარდეს და მხოლოდ ამის შემდეგ ყველასთვის თავისი მოქმედების შესაბამისის მიზღვა. პლატონისეულ აღქმას დავეთანხმები, რომ სამართლიანობა სხვა არაფერია, თუ არა ის რომ ყველა თავისას სჯერდებოდეს და საკუთარ საქმეს აკეთებდეს. მაგრამ სამწუხაროდ, ამისგან ჯერ კიდევ შორს ვართ, ჩვენ იშვიათად ვცდილობთ რომ კუთვნილი მივაგოთ სხვებს და და არც ჩვენი კუთვნილი გვაკმაყოფილებს. 

სოციალური სამართლიანობა კი რომლის არსებობაც ჩემი აზრით დღევანდელ სამყაროში უმნიშვნელოვანესია და პირველ რიგში სწორედ ასეთი სამართლიანობის დამყარება და არსებობაა საჭირო, მიმართულია იმისაკენ რომ აღმოიფხვრას კლასობრივი, საზოგადოებას და ინდივიდს შორის არსებული უთანასწორობა. ადამიანის სოციალურ სტატუსს კი არ უნდა ენიჭებოდეს ყურადღება არამედ მის ღირსებას, რომელიც უზენაესია. საზოგადოება მრავალი სოციალური ჯგუფისგან შედგება იქნება ეს მდიდრები, ღარიბები, კაცები, ქალები, ბავშვები, მოხუცები თუ ახალგაზრდები და მათ ყველას განვითარებისათვის თანაბარი პირობები უნდა შეექმნათ, უნდა დაიძლიოს ამ მრავალფეროვან საზოგადოებაში არსებული უთანასწორობა და შედეგად მივიღოთ განვითრება. სოციალური სამართლიანობის  საშუალებით საზოგადოებაში არსებული დაპირისპირებები, უთანასწორობები უნდა აღმოიფხვრას და გაუმჯობესდეს სოციალური პირობები. მნიშვნელოვანია რომ სოციალური სამართლიანობა განვასხვავოთ სოციალური სახელმწიფოსგან, მმართველობის ფორმისგან, რომელიც სოციალურ უფლებებს იცავს, ცდილობს მათ კანონმდებლობით აღიარებას და ადამიანის უუნარობისა და სიღარიბის შემთხვევაში მისი ელემენტარული საარსებო საშუალებებით უზრუნველყოფას.  არსებობენ დემოკრატიული, სოციალური სახელმწიფოები, რომლებშიც სოციალური სამართლიანობის აღსრულება მეტად რთულია. მაგალითად აშშ რომელიც დემოკრატიული სახელმწიფოა, ვერ უზრუნველყოფს სოციალური სამართლიანობის არსებობას, ჯანდაცვა, უმაღლესი განათლება ყველასთვის ხელმისაწვდომი არაა. ჯანდაცვა იმდენად ძვირი ფუფუნებაა, რომ ხშირად სხვა ქვეყანაში გამგზავრება და სამედიცინო დახმარების მიღებაც კი უფრო ნაკლები ხარჯია ვიდრე თვითონ აშშ გაწეული სამედიცინო მომსახურება. შეიძლება საპირისპირო მდგომარეობაც იყოს. ქვეყანა არ იყოს დემოკრატიული, მაგრამ მდიდარი იყოს სოციალური რესურსებით. მაგალითად შუა აზიის ქვეყნები, რომელთაც შეუძლიათ  დააკმაყოფილონ თავისი მოსახლეობის სოციალური მოთხოვნები, აქვთ მაღალი ხელფასების გაცემის საშუალება, პენსიები, ხელმისაწვდომი განათლება და მისდევენ კიდეც ამ სოციალურ პოლიტიკას და სოციალური სამართლიანობა სოციალური რესურსების გამოყენებით არსებობს ამ ქვეყნებში, უბრალოდ ისინი არც სოციალური და არც დემოკრატიული სახელმწიფოები არ არიან.  სკანდინავიის ქვეყნები კი სოციალური, დემოკრატიული სახელმწიფოებიცაა და სოციალური სამართლიანობის არსებობაც უზრუნველყოფენ. ისინი ადამიანის ღირსებას უმთავრეს ღირებულებად აყენებენ და შესაბამისად ყველანაირად უზრუნველყოფენ ადამიანის სოციალური უფლებების დაცვას. მაგალითად შვედეთში სანამ უმუშევარი ხარ სახელმწიფო გიხდის ფულს, რომელიც გაძლევს საშუალებას იცხოვრო სრულყოფილად და თავი არ იგრძნო სხვა ადამიანზე ნაკლებად. 

 

საბოლოოდ შესაძლებელია დავასკვნათ, რომ სამართლიანობა მისი მრავალფეროვანი სახეების, გაგების, ფორმისა თუ აღქმის მიხედვით ერთიანი ჩამოყალიბებული ცნება არაა. თითოეული ადამიანი საბოლოოდ სამართლიანად მაინც იმას მიიჩნევს რაც სამართლიანი ჰგონია. სამართლიანობის აღქმა ზედმეტად სუბიექტური და ინდივიდუალურია. მაგრამ რა ხდება სამართლისა და სამართლიანობის მიმართებისას. ქართულ ენაში კარგად ჩანს რომ მართალი, სამართალი, სამართლიანობა ერთი ფუძიდან, სიტყვიდან ,,მართი’’ მომდინარეობს რაც სწორს ნიშნავს. შესაბამისად სამართალი როგორც რეალობის შემფასებელი, ის განსაზღვრავს რეალობაში რა არის ,,კარგი’’ თუ ,,ცუდი’’. მას მივყავართ სწორედ სანატრელ სამართლიანობამდე. სასურველია ის ძველი, პირვანდელი მნიშვნელობითი კავშირი დაიბრუნონ სამართალმა და სამართლიანობამ. უნდა შეგვეძლოს მოქმედების სამართლიანად ჩათვლა იმიტომ რომ ის სამართლის შესაბამისი იქნება. ,,ბექასა და აღბუღას სამართლის’’ წიგნის 99-ე მუხლში გაჟღერებული იდეა, რომ ,,მართალი სამართლი უნდა გააჩინოთ’’ დღესაც უნდა მოქმედებდეს იმ გაგებით, რომ კანონი სამართლიანი იყოს. მართალია სამართლიანობა შეფასებითია და ის თითოეული ადამიანის მიერ აღქმულ სამართლიანობას ვერ მოერგება, მაგრამ მოქმედი მართლწესრიგი სამართლიანად მართლაც სამართლიანს დააწესებს და სამართლის უზენაესობა, ნანატრი სამართლიანობის არსებობას იგულისხმებს. 

 

ავტორი: ლეილა შამანაური

 

საიტი პასუხს არ აგებს აღნიშნულ სტატიაზე, მასში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტესა და გამოყენებული ლიტერატურის ან საავტორო უფლებების დაცულობის საკითხზე