„ნარკოდანაშაულზე მსჯავრდებული პირისთვის ჩამორთმეული უფლებების აღდგენა შესაძლებელია“3096 2018.03.08
„ნარკოდანაშაულზე მსჯავრდებული პირისთვის ჩამორთმეული უფლებების აღდგენა შესაძლებელია“

ბოლო პერიოდში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს თუ გადავხედავთ, ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი ნარკოდანაშაული, ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა და მის ირგვილს საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებაა.

 სახელისუფლებო შტოების მხრიდან ხშირად გვესმის, რომ „სახელმწიფო აქტიურად იბრძოლებს ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ, რადგან ნარკომანიის გავრცელების თავიდან აცილება, კერძო, საზოგადოებრივი და სახელმწიფო ინტერესების დაცვა ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებელთა და ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობთა ხელყოფისაგან, აგრეთვე ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისა და გავრცელების პრევენცია ქვეყნის პრიორიტეტია“.

 

 ყველაფერს ორი მხარე აქვს. ნარკოდანაშაული რა თქმა უნდა, ცუდია, თუმცა არის საკითხები, რომელთა შეცვლაც ამ დანაშაულით მსჯავრდებული ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია. საქმე ის არის, რომ ნარკოდანაშაულით მსჯავრდებულებს წლების განმავლობაში რიგი უფლებები ერთმევათ და ეს ადამიანები საადვოკატო ბიურო „OK&CG“-ს ხშირად მომართავენ სასამართლოს განაჩენით ჩამორთმეული უფლებების აღდგენაში დახმარების თხოვნით.  

 

საადვოკატო ბიურო „OK&CG“-ს ადვოკატი, ქეთევან ქავთარაძე გაგვაცნობს იმ უფლებათა ჩამონათვალს, რომლებიც ნარკოდანაშაულის ბრალდებით მსჯავრდებულ პირს ერთმევა.

  როგორც იურისტი განმარტავს, უფლებები, რომლებიც ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელს 3 წლით ჩამოერთმევა, იძლევა ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი ნაწილი.

აღნიშნული კანონის თანახმად, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელს 3 წლით ჩამოერთმევა:

  • - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;
  • - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;
  • - საადვოკატო საქმიანობის უფლება;
  • - პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება;
  • - სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება;
  • - პასიური საარჩევნო უფლება;
  • - იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

 

 

საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლების, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლების ჩამორთმევა ხდება 10 წლის ვადით, ხოლო ზემოაღნიშნული სხვა უფლებების ჩამორთმევა ხდება 5 წლის ვადით. აღნიშნული სახის დანაშაულის განმეორების შემთხვევაში, სასჯელი გარკვეულწილად მძიმდება.

მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობს უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონება ჩამოერთმევა სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

შესაბამისი ორგანოების ინფორმირების კუთხით ნარკოტიკული საშუალების მომხმარებლისათვის, ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობისათვის ან ნარკოტიკული საშუალების გამსაღებლისათვის უფლებების ჩამორთმევის შესახებ სასამართლო დაუყოვნებლივ აცნობებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.

 

ვის უნდა მიმართოს ზემოხსენებული, ჩამორთმეული უფლებების აღდგენისთვის?

 

სასამართლოს მიერ ჩამორთმეული უფლებების აღდგენის ან შემცირების შესახებ მსჯავრდებულმა განცხადებით უნდა მიმართოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველ მუდმივმოქმედ კომისიას. აღნიშნული კომისია უფლებამოსილია, პირის ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასჯელის შესაბამისი ვადის ერთი მესამედის გასვლის შემდეგ ვადამდე აღუდგინოს მას ჩამორთმეული უფლებები ან შეუმციროს პირს უფლებების ჩამორთმევის ვადა.

 

ქეთევან ქავთარაძე მოქალაქეებს ურჩევს, „აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ, რომ შესაბამისი სახელმწიფო ორგანოსათვის სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების მიერ გაცემული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის (რითიც დადასტურდება ნარკოტიკების არ მოხმარების ფაქტი) წარდგენის გარეშე უფლებების რეალიზება დაუშვებელია“.