შრომა აკეთილშობილებს ადამიანს, თუ პირიქით?1096 2023.12.29
შრომა აკეთილშობილებს ადამიანს, თუ პირიქით?

შრომითი უფლებები

ერთი დასაქმებულის ისტორია:

- დღესაც 10 საათზე ძლივს გამოვედი სამსახურიდან. ეს რომ მცოდნოდა, საერთოდ არ დავთანხმდებოდი ამ პირობებს. გასაუბრებაზე მითხრეს, სამუშაო გრაფიკი 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე იქნებოდა. რავიცი, ჩვეულებრივი გრაფიკია, ყველა ასე მუშაობს. მეც ასე ვიყავი პირველი რამდენიმე კვირა, მაგრამ...

 

- წამოვიდა დამატებითი დავალებები, რისი მოსწრებაც სამუშაო დღის განმავლობაში შეუძლებელია. ამიტომ, თითქმის ყოველდღე მიწევს დარჩენა ზედმეტად 3-4 საათით. სახლში რომ მივდივარ, აღარაფრის ენერგია მაქვს, ჯანმრთელობის მდგომარეობაც გამიუარესდა. უბედურება ისაა, რომ ჩემს ზედმეტად ნამუშევარში, არც ბონუსს მაძლევენ და არც რაიმე სახის ანაზღაურებას.

 

- მოკლედ, ასე გაგრძელება შეუძლებელია. ჩემი მეგობარი მეუბნებოდა, რაღაც ზღვარია დადგენილი კვირის განმავლობაში ნორმალური სამუშაო დროის ხანგრძლივობისო, მაგრამ მაგის დროც არ მაქვს, რაიმე მოვიძიო. იქნებ დამეხმაროთ...

შრომის კოდექსის მოწესრიგება

გსმენიათ რაიმე ნორმირებული სამუშაო დროის ხაგრძლივობაზე?

მას აწესრიგებს შრომის კოდექსის 24-ე მუხლი. დასახელებული ნორმის თანახმად, ნორმირებული სამუშაო დრო არის ნებისმიერი დროის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც დასაქმებული მუშაობს დამსაქმებლის განკარგულების პირობებში და ახორციელებს თავის საქმიანობას ან/და ასრულებს თავის მოვალეობებს. სამუშაო დროში არ ითვლება შესვენების დრო და დასვენების დრო.

 

თქვენ გაინტერესებდათ ზღვრული ოდენობა სამუშაო საათებისა კვირის განმავლობაში. ამაზეც გაგცემთ პასუხს - ნორმირებული სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 40 საათს.

რაც შეეხება ზეგანაკვეთურ სამუშაოს:

ასევე, ახსენეთ, რომ სამუშაო დროის დასრულების შემდეგ ხშირად გიწევთ დამატებით მუშაობა. ამას ზეგანაკვეთური სამუშაო ჰქვია, რომელიც არის მხარეთა შეთანხმებით დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულება დროის იმ მონაკვეთში, რომლის ხანგრძლივობა აღემატება ნორმირებულ სამუშაო დროს. ასეთ შემთხვევაში, ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება შრომის ანაზღაურების საათობრივი განაკვეთის გაზრდილი ოდენობით.

 

თქვენს, როგორც დასაქმებულის, უფლებებს იცავს შრომის კოდექსი და აუცილებლად, კარგად გაეცანით. თუკი კითხვები დაგრჩება, ამაზე ჩვენ გაგცემთ პასუხს.