რა არის ბინადრობის ნებართვა და როგორ მოვიპოვოთ ის 2617 2021.06.18
რა არის ბინადრობის ნებართვა და როგორ მოვიპოვოთ ის

ბინადრობის ნებართვა არის უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის საქართველოში შემოსვლისა და ლეგალურად ყოფნის ერთ-ერთ საფუძველი, იგი გაიცემა დროებითი ან მუდმივი ცხოვრების უფლებით. შესაძლებელია მიიღოთ სხვადასხვა სახის ბინადრობის ნებართვები: შრომითი; სასწავლო; ოჯახის გაერთიანების მიზნით; საქართველოს ყოფილი მოქალაქის; მოქალაქეობის არმქონე პირის; მუდმივი ცხოვრების; საინვესტიციო; დროებითი; მოკლევადიანი; უვადო (მუდმივი); თუ გსურთ რომელიმე სახის ბინადრობის მიღება და არ იცით როგორ მოიქცეთ, შეგიძლიათ მიმართოთ კვალიფიციურ ადვოკატს.

უვადო, მუდმივი, ბინადრობის ნებართვა

მუდმივი ნებართვა გაიცემა საქართველოს მოქალაქის მეუღლეზე, მშობელზე, შვილზე, აგრეთვე უცხოელზე, რომელიც დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე საქართველოში ცხოვრობდა ბოლო 10 წლის განმავლობაში. ამ ვადაში არ ითვლება საქართველოში სწავლის ან მკურნალობის მიზნით ცხოვრებისა და დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობებში მუშაობის პერიოდი.

უვადო ბინადრობის ნებართვა გაიცემა უცხოელზე და მისი ოჯახის წევრებზე, თუ ის განახორციელებს 300 000 აშშ დოლარის ინვესტიციას, მას უნდა უდასტურდებოდეს საქართველოში განხორციელებული სამეწარმეო საქმიანობიდან პირველი წლის განმავლობაში არანაკლებ 50000 აშშ დოლარის ეკვივალენტში ბრუნვა, მეორე წელს არანაკლებ 100 000 აშშ დოლარის, ხოლო მესამე, მეოთხე და მეხუთე წლების განმავლობაში 120 000 აშშ დოლარზე ნაკლები არ უნდა იყოს. ასევე შესაძლებელია გაიცეს ბინადრობის ნებართვა ისეთ უცხოელზე და მის ოჯახის წევრზე, რომლებსაც საინვესტიციო ბინადრობის ნებართვიდან 5 წლის განმავლობაში აქვთ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება, ეს ქონება კი სულ მცირე, მის საკუთრებაში არსებული 300 000 აშშ დოლარის ღირებულების უნდა იყოს.

რა დოკუმენტებია საჭირო იმისთვის, რომ მოვიპოვოთ მუდმივი ბინადრობის ნებართვა?

ბინადრობის ნებართვის მისაღებად შესაძლებელია ონლაინ განაცხადის შევსება, ელექტრონულ განაცხადს თან უნდა ერთვოდეს: უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი; საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ასეთის არსებობის შემთხვევაში საქართველოს მოქალაქესთან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი; ფოტოსურათი ¾-ზე; უცხოელის ან/და საქართველოს მოქალაქის, ან საქართველოში ბინადრობის უფლების მქონე მისი ნათესავის საქართველოში ლეგალური შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტი; თუ ამ ქვეყნის მოქალაქე საპენსიო ასაკის ან სოციალური დახმარების მიმღები პირია - სახელმწიფო პენსიით ან სოციალური დახმარებით სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი. შემოსავლად, ასევე, შეიძლება ჩაითვალოს უცხოელის პირად საბანკო ანგარიშზე დარიცხული თანხა. განაცხადის წარმატებით რეგისტრაციის შემთხვევაში, თქვენს მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მოგივათ შეტყობინება აღნიშნული მოქმედების წარმატებით შესრულების შესახებ, სადაც ასევე მითითებული იქნება განაცხადის ნომერი და კოდი. საბუთების სწორად შედგენისა და შეტანისთვის შეგიძლიათ მიმართოთ ადვოკატს.

რა შემთხვევაში შეიძლება ეთქვას უარი განმცხადებელს ონლაინ რეჟიმში ბინადრობის მიღების მოსაპოვებლად განაცხადის წარდგენაზე?

ამ ფორმით წარდგენილი განცხადების მიღება დასაშვებია, თუ ელექტრონული კომუნიკაცია იძლევა განმცხადებლისა და განცხადების მიღებაზე უფლებამოსილი პირის პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებას, ასევე განმცხადებლის ვინაობასთან ან ბინადრობის ნებართვის გაცემისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოებებთან დაკავშირებით საფუძვლიანი ეჭვის წარმოშობის შემთხვევაში, შესაბამისი თანამდებობის პირი უფლებამოსილია უარი განაცხადოს ელექტრონული ფორმით განცხადების მიღებაზე.

რა ვადაში განიხილება მუდმივი ბინადრობის ნებართვის შესახებ შეტანილი განაცხადი და რა თანხაა გადასახდელი?

მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის საკითხის განხილვა 30 კალენდარულ დღეში ჯდება 180 ლარი, ხოლო 20 კალენდარულ დღეში მიღების საფასური 300 ლარია.

©ლიკა ნახუცრიშვილი