დაკარგეთ სამსახური და არ იცით როგორ უნდა აღიდგინოთ თავი ?1625 2021.07.05
დაკარგეთ სამსახური და არ იცით როგორ უნდა აღიდგინოთ თავი ?
იმ შემთხვევაში თუ უკანონოდ გაგათავისუფლეს სამსახურიდან, შეგიძლიათ მიმართოთ სასამართლოს, სამსახურში აღდგენის და განაცდურის ანაზღაურების სარჩლით. საქართველოს საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 118-ე მუხლის მესამე ნაწილში გათვალისწინებულია რომ თუ სასამართლო ან ზემდგომი ორგანო მიიღებს გადაწყვეტილებას საჯარო მოხელის სამსახურში აღდგენის შესახებ, საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ დაემორჩილოს და შეასრულოს გადაწყვეტილება. თუ არ არსებობს, თანამდებობა უნდა მოხდეს პირის აღდგენა ტოლფას სამუშაოზე იმავე საჯარო დაწესებულებაში, ხოლო თუ აღარ არ არსებობს ტოლფასი ვაკანტური თანამდებობა და შეუძლებელია გათავისუფლებული მოხელის აღდგენა, ასეთ დროს დაწესებულებამ დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ბიუროს საჯარო სამსახურში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის მოძებნის თხოვნით, თუკი შეუძლებელია აღდგენა მაშინ ეძლევა განაცდური და ირიცხება მოხელეთა რეზერვში. აღდგენილ მოხელეს ამ მუხლის მიხედვით უნაზღაურდება გაცდენილი სამუშაო დრო. სამსახურში აღდგენისთვის დასახმარებლად შეგიძლიათ მიმართოთ კვალიფიციურ ადვოკატს.
როგორ უნდა მოხდეს აღსრულება თუ სასამართლომ დაგვიკმაყოფილა სარჩელი?
 
ასეთ დროს შეგიძლიათ მიმართოთ აღსრულების ეროვნულ ბიუროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს, სადაც საჭიროა შემდეგი დოკუმენტების წარდგენა: პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; სააღსრულებო ფურცელი; სასამართლო გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი; განაცდურის მოთხოვნის შემთხვევაში 2% და არანაკლებ 50 ლარისა. ხოლო თუ საბუთები შეაქვს თქვენს ადვოკატს მაშინ უნდა ერთვოდეს რწმუნებულება სააღსრულებო ფურცლის აღსასრულებლად წარდგენის უფლებით. დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემული გადაწყვეტილებით, თუკი დადგენილია მუშაკისათვის არა უმეტეს 3 თვის ხელფასის მიკუთვნების აღსრულების საფასური, წინასწარ არ გადაიხდევინება. ამ გადაწყვეტილებების აღსრულების საფასურის ოდენობაა აღსასრულებელი მოთხოვნის 7%. საფასურის გადახდა მოვალეს აღსრულების დაწყებისთანავე ეკისრება. სამსახურში აღდგენის ნაწილში ის, ვინც აღადგინეს სამსახურში იხდის აღსრულების მომსახურების საფასურს 100 ლარის ოდენობით.
ასევე შესაძლებელია ამ სერვისის განხორციელება იუსტიციის სახლის საშუალებით, სადაც უნდა წარადგინოთ: სააღსრულებო ფურცლის დედანი; გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი; პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ხოლო თუ სააღსრულებო ფურცელი შემოაქვს ადვოკატს, რწმუნებულს, რწმუნებულება სააღსრულებო ფურცლის შეტანის უფლებით. სააღსრულებო ფურცლის წარდგენის შემდეგ გადასახდელი საფასურის შეადგენს განაცდურის მოთხოვნის შემთხვევაში, მოთხოვნილი თანხის 2% არანაკლებ 50 ლარისა, ხოლო სამსახურში აღდგენის ნაწილში კრედიტორი თავისუფლდება აღსრულების საფასურის გადახდისაგან.
სამსახურში აღდგენასთან დაკავშირებით შეგიძლიათ გაეცნოთ სასამართლო პრაქტიკებს: თბილისის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებული საქმე №2ბ/3621-13 ეხებოდა იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას, აპელანტი ითხოვდა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობას, სამსახურში აღდგენასა და განაცდურის ანაზღაურებას 450 ლარის ოდენობით. საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა აღნიშნული სარჩელი, ხოლო სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა აღნიშნული სარჩელი.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ საქმეზე №ბს-627-595 (კ-09)მიიღო გადაწყვეტილება იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით: ვ. კ-ძემ 2008 წლის ივლისში სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიმართ და მოითხოვა თანხის დაკისრება. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ვ. კ-ძის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა -საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს მოსარჩელე ვ. კ-ძის სასარგებლოდ, დაეკისრა იძულებითი განაცდურის -2123 ლარის ანაზღაურება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით აპელანტი -საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ - გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ვ. კ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა სააპელაციო საჩივრის არგუმენტი საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე, რამდენადაც ჩათვალა, რომ არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძველი. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის შემოწმებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად ჩათვალა, რომ ვ. კ-ძის საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გადაწყვეტილება, ვ. კ-ძის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს მოსარჩელე ვ. კ-ძის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს იძულებითი განაცდურის -105.50 ლარის ანაზღაურება.

©ლიკა ნახუცრიშვილი