error1992 2017.03.07
ქალთა პრობლემები საქართველოში - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში
8 მარტს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. გამონაკლისი არც საქართველოა. უფრო მეტიც, 8 მარტი საქართველოს შრომის კოდექსის თანახმად, უქმე დღეა. 8 მარტის ყოველი მოახლოებისას ქუჩებში მკვეთრად იმატებს გასაყიდი ყვავილების რაოდენობა. პარალელურად კი აქტუალური ხდება დისკურსი იმის შესახებ რამდენად არის დაცული საქართველოში ქალთა უფლებები ან არის კი საერთოდ? დისკრიმინაცია სამუშაო ადგილზე, სექსუალური შევიწროვება, ოჯახში ძალადობა, გენდერული ნიშნით სელექცია - ეს ქალების იმ პრობლემათა ნაწილია, რომელიც საქართველოში ადამიანის უფლებათა შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის (United States Department of State) ყოველწლიურ ანგარიშში მოხვდა. გთავაზობთ ანგარიშის ქალთა უფლებათა ნაწილის მცირედ შემოკლებულ თარგმანს: სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, 2016 წელს სამართალმდაცველებმა გაუპატიურების 54 შემთხვევაზე დაიწყეს გამოძიება. რიცხვი ანალოგიური იყო 2015 წელსაც. „გაუპატიურება დანაშაულია, თუმცა ქართული სისხლის სამართალი კონკრეტულად არ ეხება მეუღლეებს შორის მომხდარ გაუპატიურებას. პირს, რომელმაც ეს ქმედება პირველად ჩაიდინა, შესაძლოა შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოს. განმეორებითი ქმედება 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თუ მსხვერპლი ორსულად იყო ან დაორსულდა, შეეყარა HIV/AIDS ვირუსი, ან მოძალადე განსაკუთრებული სისატიკით მოექცა მას, ეს სასჯელს 15 წლამდე დაამძიმებს. ხოლო თუ მსხვერპლი არასრულწლოვანია, სასჯელი შესაძლოა 20 წლამდე დამძიმდეს“-ნათქვამია ანგარიშში. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ქალზე ოჯახში ძალადობას და ასევე ქალთა მიმართ სხვა სახის ძალადობას მნიშვნელოვან პრობლემას უწოდებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გასულ წელს ოჯახში ძალადობას 16 ქალი ემსხვერპლა. შსს-ს მონაცემებით, 2016 წელს ოჯახში ძალადობის 1,727 საქმე გაიხსნა. ეს რიცხვი 2015 წელს 1 151 იყო, 2014 წელს კი, სულ რაღაც, 636. ანგარიშში აღნიშნულია, რომ მიუხედავად საზოგადოების გაზრდილი ცნობიერებისა, არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე ხშირად შეტყობინება არ ხორციელდება. ბევრ ადამიანს კვლავ არ სურს „უცხოს“ ჩარევა მის ურთიერთობებში და უპირატესობას პრობლემების ვიწრო, ოჯახურ წრეში მოგვარებას ანიჭებს. სახალხო დამცველი ოჯახში ძალადობის ფაქტების შეუტყობინებლობის მაღალ მაჩვენებელს მსხვერპლის მხრიდან პოლიციის მიმართ უნდობლობის ფაქტორსაც უკავშირებს. ცნობისთვის, ოჯახში ძალადობა, რომელსაც ჯანმრთელობის დაზიანება არ მოჰყოლია,ისჯება საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით, ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. იგივე ქმედება, ჩადენილი ორსული ქალის, არასრულწლოვანის ან უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ, არასრულწლოვანის თანდასწრებით მისი ოჯახის წევრების მიმართ, ორი ან მეტი პირის მიმართ, არაერთგზის, ისჯება საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით, ერთიდან სამ წლამდე. არსებობს 24-საათიანი ცხელი ხაზი და თავშესაფარი მსხვერპლი ქალებისთვის და მათი არასრულწლოვანი შვილებისთვის, მაგრამ თავშესაფარში ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. პრობლემაა ისიც, რომ ცხელი ხაზის ოპერატორები, ხშირ შემთხვევაში, არ საუბრობენ საქართველოში მცხოვრები უმცირესობების ენაზე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ნათქვამია ისიც, რომ ქალების სექსუალური შევიწროვება სამუშაო ადგილზე პრობლემაა. მართალია, კანონი ითვალისწინებს შრომით ურთიერთობებში გენდერულ თანასწორობას და შევიწროვების ზოგად განსაზღვრებასაც იძლევა, მაგრამ ამ ქმედებისთვის არანაირ სამართლებრივ სანქციას არ აწესებს. ანგარიშში აღინშნულია ისიც, რომ მიუხედავად კანონის დათქმისა საქართველოში ხშირია სქესის ნიშნით დისკრიმინაცია სამუშაო ადგილზე. კიდევ ერთი პრობლემა გენდერული სელექციაა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2015 წლის მონაცემებით, საქართველოში 100 ახალშობილ გოგონაზე 109 ბიჭი იბადება. „არც მოსახლეობა და არც სამედიცინო საზოგადოება გენდერულ სელექცია პრობლემად არ მიიჩნევს. დარღვეულ ბალანსთან დაკავშირებით, არანაირ ღონისძიებებს არ ახორციელებს საქართველოს მთავრობა“-ნათქვამია ანგარიშში. ანგარიშში ყურადღება ქალთა გენიტალიების დასახიჩრების ფაქტებზეცაა გამახვილებული და ნათქვამია, რომ ეს პრაქტიკა საქართველოში არ არის ფართოდ გავრცელებული და ზოგადად კანონით აკრძალულია. თუმცა აღნიშნულია ისიც, რომ 2016 წლის ნოემბერში სახალხო დამცველის ოფისმა დაადასტურა კახეთის სამ სოფელში მსგავსი შემთხვევების არსებობა. უწყების ინფორმაციით, გენეტალიების დასახიჩრების პროცედურა 18 წლამდე გოგონებს სახლის პირობებში უტარდებოდათ. მოსახლეობას კი არ ჰქონდა არანაირი ინფორმაცია რისკებისა და ჯანმრთელობის შესაძლო გაუარესების შესახებ.ასეთია ზოგადი მოცემულობა და ის ძირითადი პრობლემები, რასთან გამკლავებაც ქართველ ქალებს უწევთ, იმ ქალებს, ვისაც რვა მარტს ქუჩაში მომრავლებული ყვავილები უნდა ვაჩუქოთ.
სხვა სიახლეები
22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება

06 მარ

„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

14 თებ

ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში

17 იან

კაცს, რომელიც 14-წლამდე გერს აუპატიურებდა, 16 წლით პატიმრობა მიესაჯა