error1453 2018.11.14
„OK&CG“ ახალგაზრდა ადვოკატების განცხადებას ეხმაურება

საადვოკატო ბიურო „OK&CG“ ახალგაზრდა ადვოკატების განცხადებას ეხმაურება. ორგანიზაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელებული განცხადების თანახმად,  „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის მხრიდან სტუდენტების საშემოსავლო გადასახადისაგან გათავისუფლების საკითხზე, საქართველოს პარლამენტში წარდგენილ ორგანიზაციის საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით გამოთქმულ პოზიციას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ სამინისტროს პოზიცია არ პასუხობს მთავრობის პოზიციას განათლების რეფორმის პრინციპებსა და სტუდენტზე ორიენტირებული გარემოს უზრუნველყოფაზე, არ პასუხობს სტუდენტური საზოგადოების მოთხოვნებსა და საჭირობებს და აუცილებლად უნდა შეიცვალოს.

საადვოკატო ბიურო „OK&CG“ იზიარებს ახალგაზრდა ადვოკატების პოზიციას საქართველოს საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით; „OK&CG ყოველთვის დგას სამართლიანობის მხარეს და იზიარებს იმ პოზიციას, რომელიც საზოგადოების ინტერესებს ემსახურება. ამიტომ, ვიზიარებთ ჩვენი ახალგაზრდა კოლეგების აზრს, რომ სამინისტროს პოზიცია, რომელიც საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით გამოითქვა, არ პასუხობს მთავრობის პოზიციას განათლების რეფორმის პრინციპებსა და სტუდენტზე ორიენტირებული გარემოს უზრუნველყოფაზე, რაც აუცილებლად უნდა შეიცვალოს. ვფიქრობთ, ასევე მნიშვნელოვანია, გათვალისწინებულ იქნეს ჩვენი კოლეგების მოთხოვნა სამუშაო შეხვედრებთან დაკავშირებით, რადგან ეს უკანასკნელი მნიშვნელოვნად წაადგება საკითხის უკეთ დამუშავებას, ზემოხსენებულ საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით არსებული რისკების იდენტიფიცირებასა და მათი აღმოფხვრის გზებზე შეჯერებას“-აცხადებენ „OK&CG“-ში.

 ორგანიზაციის საკანონმდებლო წინადადების თანახმად, ცვლილება უნდა განხორციელდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსში. კერძოდ, საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლს, რომელშიც დაზუსტებულია საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან გათავისუფლებულ ფიზიკურ პირთა სახეები და მეორე ნაწილს უნდა დაემატოს დ) - ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: „დ) აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი, არაუმეტეს 25 წლისა, რომლის შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატება 6000 ლარს“,- ნათქვამია „ახალგაზრდა ადვოკატების განცხადებაში“.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2018 წლის 1 ოქტომბრის წერილში, რომელიც ორგანიზაციამ საქართველოს მთავრობიდან სულ ცოტა ხნის წინ მიიღო, აღნიშნულია შემდეგი: „აღნიშნული საგადასახადო შეღავათის შემოღების შემთხვევაში, დამქირავებელ მეწარმეს (საგადასახადო აგენტს) ეძლევა შესაძლებლობა შეიმციროს სახელფასო ხარჯი, იმგვარად, რომ დაქირავებულ სტუდენტს ხელფასი არ გაუზარდოს, რის გამოც შესაძლებელია ამ შეღავათით ფაქტობრივად ვერ ისარგებლონ იმ პირებმა, ვისთვისაც ის არის დაწესებული. არასწორია შეღავათის დაწესება ასაკობრივი ნიშნით და ბუნდოვანია საგადასახადო ადმინისტრირების განხორციელების მექანიზმები. კანონპროექტის მიღება შეამცირებს საგადასახადო შემოსავლებს, რაც უარყოფით გავლენას მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. იმის გათვალისწინებით, რომ სტუდენტებზე „საქართველოს საგადასახადო კოდექსით“ უკვე დაწესებულია გარკვეული შეღავათები, კერძოდ სტიპენდია გათავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადისაგან, მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია განსახილველი პროექტით წარმოდგენილი ცვლილებების განხორციელება“ - ნათქვამია სამინისტროს წერილში, რომელსაც ხელს იურიდიული დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, გიორგი თინიკაშვილი აწერს.

 

„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების მიმართ, სამინისტროს პოზიციას აქვს ალტერნატიული აზრი და საკითხი უნდა გადაწყდეს ინსტიტუციური თვალსაზრისით. სამინისტროს, რომელიც ახორციელებს გადასახედების ადმინისტრირებას, შესაძლებლობა აქვს, პირს, რომელიც დააკმაყოფილებს საკანონმდებლო წინადადებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, წლის განმავლობაში, დაუქვითოს საშემოსავლო გადასახადი, ხოლო წლის ბოლოს, მას განცხადების საფუძველზე დაუბრუნდეს საშემოსავლო გადასახადის სახით დაქვითული თანხა. აღნიშნული ფინანსური მოდელი საქართველოს საგადასახადო სისტემისათვის არ არის უცნობი და ამ ფორმით, ადმინისტრირების შემთხვევაში, საკანონმდებლო წინადადების სამიზნე ჯგუფთან დაკავშირებული რისკი სრულად იქნება აღმოფხვრილი. სტიპენდიის გათავისუფლება საშემოსავლო გადასახადისაგან არ არის ორგანიზაციის მიერ პარლამენტისათვის შეთავაზებული საკანონმდებლო წინადადებით გათვალისწინებული შეღავათების საპირწონე, ვინაიდან სტიპენდიას იღებს სტუდენტთა განსაზღვრული რაოდენობა, ხოლო საკანონმდებლო წინადადება გაზიარებისა და მხარდაჭერის შემთხვევაში, საშეღავათო პირობა შეეხება ყველა სტუდენტს, რომელიც დააკმაყოფილებს შეთავაზებული ცვლილებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. ამასთან, ორგანიზაციას მიაჩნია, რომ სწორედ ასაკობრივი ნიშნით შეღავათის დაწესება წარმოადგენს კანონპროექტის მნიშვნელოვან ღირსებას, ვინაიდან თავიდან იქნეს არიდებული შეღავათით ბოროტად სარგებლობა. რაც შეეხება ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე გავლენას, საქართველო, როგორც ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყანა, ამ თვალსაზრისით ევროპული ქვვეყნების პრაქტიკას უნდა ამკვიდრებდნეს, სადაც მსგავსი მოდელი წარმატებით, უფრო მეტი სიკეთისა და უფლების სასარგებლოდ გადაწყდა. შესაბამისად, სახელმწიფომ სხვა ფუფუნების საგნებზე უნდა თქვას უარი და არა წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების განხორციელებით მიუთითოს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის დანაკარგებზე.

 

„ახალგაზრდა ადვოკატები“ მიმართავს საქართველოს მთავრობას, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და საკანონმდებლო წინადადების განხილვამდე, მთავრობის, სამინისტროს, პარლამენტისა და ავტორი ორგანიზაციის წარმომადგენლების მონაწილეობით, სამუშაო შეხვედრის ორგანიზებას მოითხოვს, სადაც მოხდება საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით არსებული  რისკების იდენტიფიცირება, მათი აღმოფხვრის გზებზე შეჯერება და პოზიციათა დაახლოება. სამინისტროს პოზიცია მას შემდგომ გახდა აქტუალური, რაც საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა საკანონმდებლო წინადადებას მხარი სრულად დაუჭირა და გაიზიარა სტუდენტების საშემოსავლო გადასახადისაგან  გათავისუფლების საკითხზე, ორგანიზაციის დასაბუთება.

 

ცნობისთვის: ორგანიზაციაამ საქართველოს პარალმენტს შესაბამისი საკანონმდებლო წინადადებით 2018 წლის 28 მარტს მიმართა, 2018 წლის 12 სექტემბერს გაიმართა საკანონმდებლო წინადადების საკომიტეტო განხილვა საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტში, რომელმაც წინადადებას მხარი სრულად დაუჭირა. დღეის მდგომარეობით, შემდგომი განხილვისთვის, წინადადები გადაგზავნილია საქართველოს პარალმენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში, რომელიც საკითხზე წამყვანი კომიტეტია. ინიციატივა სარგებლოს სტუდენტური საზოგადოების მაღალი მხარდაჭერით და ორგანიზაცია წინადადების განხილვებს აგრძელებს სხვადასხვა უნივერსიტეტში პრეზენტაციების მომზადების გზითაც.

სხვა სიახლეები
22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება

06 მარ

„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

14 თებ

ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში

17 იან

კაცს, რომელიც 14-წლამდე გერს აუპატიურებდა, 16 წლით პატიმრობა მიესაჯა