error1542 2018.02.19
დედაქალაქში მშენებლობასთან დაკავშირებული რეგულაციების დარღვევისთვის დადგენილი სანქციები მკაცრდება

დედაქალაქში მშენებლობასთან დაკავშირებული რეგულაციების დარღვევისთვის დადგენილი სანქციები მკაცრდება. 


„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტის ინიციატორი თბილისის მერიაა. ერთ-ერთი მთავარი ცვლილება, რომელიც კანონპროექტში შევა, სამშენებლო ობიექტებზე უსაფრთხოების წესების დარღვევის დროს დაწესებულ ჯარიმებს ეხება, რომელიც 3 000 ლარიდან 30 000 ლარამდე გაიზრდება. ამასთან, თუ ადრე ჯარიმის დაწერამდე, მშენებელს სიტყვიერი გაფრთხილება ეძლეოდა, ცვლილებების შემდეგ, დარღვევების აღმოჩენის პირველივე შემთხვევაზე ჯარიმა დაწესდება.

 

 დედაქალაქის მერის განცხადებით, „ნებისმიერ დარღვევაზე, მაგალითად ჩაფხუტის არდახურვის გამო დამრღვევს ჯარიმა 30 000 ლარი გამოეწერება. მშენებლის ინტერესში უნდა იყოს ასევე ის, რომ მის დაქვემდებარებაში მყოფი ადამიანები მუშაობდნენ უსაფრთხოდ“.

 

დეველოპერთა ნაწილი აცხადებს, რომ უსაფრთოების წესების დარღვევაზე ჯარიმების გაზრდა საჭიროა, რადგან საქმე ადამიანების სიცოცხლეს ეხება. მათივე განმარტებით, ჯარიმის ოდენობა საკმაოდ დიდია, განსაკუთრებით მცირე ბიზნესისთვის, თუმცა მათი თქმით, ყველა მშენებელი მეტი ყურადღებით უნდა მოეკიდოს უსაფრთხოების წესების დაცვას. თუმცა, აქვე განმარტავენ, რომ დაჯარიმება გაფრთხილების გარეშე არ უნდა მოხდეს.

 

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საადვოკატო ბიურო „OK&CG“ გასულ კვირაშიც წერდა. კომპანიამ განცხადება  გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. 

 

 „შრომის უსაფრთხოების პირობები და მასთან დაკავშირებული საკითხები ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტუალური გახდა. საზოგადოება აქტიურად მსჯელობს იმაზე, თუ როგორ უნდა აღმოიფხვრას აღნიშნული პრობლემები, რაც შრომის უსაფრთხოების კუთხით ფიქსირდება. წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევების შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი მუდმივად იზრდება, რაც სხვადასხვა „სტატისტიკური“ მონაცემითაც მტკიცდება.  

 

 სამწუხაროდ, ის რეგულაციები, რომლებიც შრომითი უსაფრთხოების პირობების უზრუნველყოფისათვის გატარდა მოქმედ კანონმდებლობაში, აღმოჩნდა არაეფექტური, რასაც დღევანდელი ფაქტიც ადასტურებს.

 ძირითადი ნაწილი ეხება შრომით პირობებს, რომლებიც ფიქსირდება სამშენებლო სფეროში, მუშებთან დაკავშირებით, ვინც უშუალოდ ახორციელებენ სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ საქმიანობას.  უცხო არავისთვის არის, რომ ამ და სხვა სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი საქმიანობის სფეროებში დასაქმებული ადამიანები უზრუნველყოფილები უნდა იყვნენ ისეთი უსაფრთხო პირობებით, რომლებიც დადგენილი და აღიარებულია საერთაშორისო სტანდარტებით.  

 საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, დამსაქმებელმა დასაქმებულს სრული ინფორმაცია უნად მიაწოდოს ყველა იმ ფაქტორის შესახებ, რომელიც მოქმედებს მის სიცოცხლეზე, ჯანმრთელობასა ან ბუნებრივი გარემოს უსაფრთხოებაზე. ამას გარდა, დამსაქმებელი მუდმივად უნდა ცდილობდეს, უსაფრთხოების პრევენციული სისტემის დანერგვით, თანამედროვე, უსაფრთხო ან ნაკლები საფრთხის შემცველი ტექნოლოგიების გამოყენებით, დასაქმებულთა სათანადო ინფორმირებით და მაქსიმალური პრევენციული ზომების მიღებით გააუმჯობესოს დასაქმების ადგილებში შრომის პირობები.

 

 სახელმწიფოში აუცილებელად უნდა არსებობდეს შესაბამისი მექანიზმი, რომელიც დასაქმების ადგილებში შრომის პირობებისა და უსაფრთხოების მდგომარეობის კანონმდებლობასთან/სტანდარტთან შესაბამისობას შეამოწმებს და ეფექტურ ზომებს მიიღებს.  თუმცა, სამწუხაროდ ასეთი მექანიზმი ამ დრომდე ვერ მივიღეთ. საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში შექმნილი შრომის ინსპექტირების დეპარტემენტი, რომლის ძირითადი ფუნქცია სწორედ აღნიშნული უსაფრთხოების ნორმების დაცვის გაკონტრელებაა, ეფექტურად ვერ ახორციელებს იმ ფუნქციებს, რომლებიც მის კომპეტენციაში შედის. იგი არ გვევლინება ეფექტურ და აღსრულებადი მექანიზმებით აღჭურვილ ორგანოდ, მხოლოდ რეკომენდაციების გაცემით შემოიფარგლება, რაც თავისმხრივ შესასრულებლად სავალდებულო არ არის. 

 აქვე  უნდა აღინიშნოს, რომ ამ პრობლემის აღმოფხვრის მიზნით არა მარტო სახელმწიფოს, არამედ უშუალოდ კომპანიებსაც აქვთ გარკვეული პასუხისმგებლობა, უზრუნველყონ და შექმნან ორგანიზებული სისტემა, რითაც კანონმდებლობის დონეზე დაარეგულირებენ და აღმოფხვრიან სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი საქმიანობისგან მოსალოდნელ რისკებს. 

 ბოლო პერიოდში, როცა შრომის უსაფრთხოებასთან, მით უფრო სამშენებლო საქმიანობასთან დაკავშირებით რეგულაციების გამკაცრება დადგა დღის წესრიგში, სამშენებლო კომპანიების მხრიდან გაჟღერდა ერთგვარი საპროტესტო წინადადებები, რომ თითქოს ეს რეგულაციები მათს საქმიანობას ფინანსურ ხარჯებს გაუზრდის. სამწუხაროდ, ამ კომპანიებს ავიწყდებათ, რომ სიცოცხლის უფლება არის უპირატესი უფლება, რაც შეიძლება, რომ ადამიანს გააჩნდეს, და როდესაც საქმე ადამიანის სიცოცხლეს ეხება, იქ არ შეიძლება, რომ ვინმე აპელირებდეს ისეთ საკითხზე, როგორიც არის ფინანსური ხარჯების გაზრდა.  

 

 საადვოკატო ბიურო, „OK&CG“ ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიას უწევს იურიდიულ მომსახურებას, რომლის ფარგლებშიც, ხელშეკრულებით დარეგულირებული გვაქვს იმ ღონისძიებებისა და პროცედურების სისტემა, რომელიც ხორციელდება ან დაგეგმილია დამსაქმებლის მიერ საქმიანობის ყველა მიმართულებით პროფესიული რისკების, საწარმოო უბედური შემთხვევების ანდა შრომითი საქმიანობის გამო ჯანმრთელობისათვის სხვა სახის ზიანის მიყენების თავიდან აცილების ან შემცირების მიზნით; ამ ყველაფრის მონიტორინგს ახორციელებს სპეციალურად მიმაგრებული კადრი, რომელიც აკონტროლებს, რამდენად იცავს ერთი მხრივ კომპანია და მეორე მხრივ თავად მუშა იმ ნორმებს, რომლებიც უსაფრთხო შრომას უზრუნველყოფს. ჩვენი კომპანია მოხარული იქნება, თუკი ყველა კომპანია, რომელიც სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ საქმიანობას ეწევა, სწორედ ამ პასუხისმგებლობით მოეკიდება საკითხს და იზრუნებს ადამიანებისთვის უპირატესი უფლების, სიცოცხლის უფლების დაცვაზე“.

 

დედაქალაქში სამშენებლო რეგულაციების დარღვევასთვისთვის სანქციების გამკაცრებას „OK&CG“-ის პარტნიორი კომპანია უძრავი ქონების სააგენტო „Myclient.ge“-ც გამოეხმაურა.

 

 კომპანიაში მიაჩნიათ, რომ სანქციების გამკაცრება და ქმედითი ნორმატიული აქტების არსებობა სამშენებლო სფეროს განსაკუთრებით სჭირდება.

 

 „სამშენებლო ობიექტებზე უსაფრთხოების წესების დარღვევის დროს დაწესებული ჯარიმა დაამკვიდრებს სამუშაოს შესრულების დროს უსაფრთხოების დადგენილი ნორმების აბსოლუტური სიზუსტით დაცვას.  არა მარტო მუშები იზრუნებენ თავიანთი უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე, არამედ დეველოპერული კომპანიებიც მაქსიმალურად გააკონტროლებენ დასაქმებულთა უსაფრთხოებას. რა თქმა უნდა, ცუდი ფატქია,  რომ უსაფრთხოების  ნორმების გასამკაცრებლად ჯარიმის შემოღება გახდა საჭირო, მაგრამ მაშინ, როდესაც ეს ნორმები ადამიანთა სიცოცხლეს ეხება გამართლებულია, რადგან სიცოცხლის უფლება არის უპირატესი უფლება, რაც შეიძლება, რომ ადამიანს გააჩნდეს და იგი მაქსიმალურად დაცული უნდა იყოს,“-განაცხადა Myclient.ge-ს დირექტორმა გვანცა გუჯელაშვილმა.

 

წყარო: Myclient.ge

სხვა სიახლეები
22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება

06 მარ

„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

14 თებ

ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში

17 იან

კაცს, რომელიც 14-წლამდე გერს აუპატიურებდა, 16 წლით პატიმრობა მიესაჯა