error5631 2018.01.22
ზუგდიდში ადევნების ბრალდებით 1 პირი გასამართლდა

  ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ  ადევნებაში ბრალდებულ ერთ პირს  2 წლის ვადით  პირობითი მსჯავრი შეუფარდა; პროკურატურის  ინფორმაციით, აღნიშნული ფაქტი,  კანონის ძალაში შესვლის შემდეგ პირველი პრეცედენტია.

 

 როგორც ცნობილია,  გასული წლის ივნისში ადევნების ბრალდებით ზუგდიდში ერთი პირის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. მსხვერპლმა, აწ უკვე მსჯავრდებულს, კანონის ძალაში შესვლიდან მალევე, ერთი თვეში უჩივლა და საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე პრიმა მუხლით აღიძრა; აღნიშნულის მიხედვით, პირადად, ან მესამე პირის მეშვეობით პირის, მისი ოჯახის წევრის ან სხვა ახლო ნათესავის არაკანონიერი თვალთვალი, ასევე არასასურველი კომუნიკაციის დამყარება სატელეფონო, ელექტრონული, ან სხვა საშუალებით, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას.

 

 მსხვერპლის თქმით,  ნაცნობი მამაკაცი მას 5 წლის განმავლობაში აწუხებდა. მისი განმარტებით არასასურველი კომუნიკაცია სატელეფონო ზარებში, ქუჩაში ადევნებითა და ფარული თავლთვალით გამოიხატებოდა.

 

 „ის რამდენიმე წლის წინ შემთხვევით გავიცანი. ამის შემდეგ მირეკავდა, მწერდა... ჩემი უარის მიუხედავად თავს არ მანებებდა. როდესაც უკვე კატეგორიულად მოვთხოვე ჩემთვის თავი დაენებებინა, ის უფრო აგრესიული გახდა, მოდიოდა ჩემს საცხოვრებელ სახლთან, როცა მოესურვებოდა. მხვდებოდა ქუჩაში, სკოლაში, ყველგან, სადაც მივდიოდი, დამდევდა მანქანით. სკოლიდან მომავალ ჩემს შვილს და დედას ხვდებოდა, მლანძღავდა მათთან. გარდა ამისა, დედაჩემსაც უგზავნიდა შეტყობინებებს,“ - ამბობს მსხვერპლი.

 

 40 წლამდე ასაკის ქალი ამბობს, რომ ამ ყველაფრის გამო ის საზოგადოების მხრიდან ნეგატიურ განწყობას გრძნობდა, რადგან ოჯახის წევრები, მეზობლები და მეგობრები მომხდარში მას ადანაშაულებდნენ.



„ყველა ჩემკენ იშვერდა თითს. ბევრჯერ მიფიქრია თვითმკვლელობაზე და ქალაქიდან წასვლაზე. ერთ დღესაც შემთხვევით გავიგე, რომ ადევნება და თვალთვალი შეიძლება, დასჯადი ყოფილიყო. მაშინ ეს კანონი არ მოქმედებდა, როგორც ძალაში შევიდა, პროკურატურას  განცხადებით  მივმართე, თავიდან იმედი არ მქონდ, რომ ამას რამე სახის რეაგირება მოჰყვებოდა, თუმცა ახლა ვგრძნობ, რომ თავიდან დავიბადე,” - თქვა მან.

 ზუგდიდის რაიონული პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულმა სასამართლოში თავი დამნაშავედ ცნო და მას 2 წელი პირობით მსჯავრთან ერთად მთელი რიგი შეზღუდვები დაუწესა.

 

 შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 1 ივნისიდან „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში“ ახალი, 151-ე პრიმა მუხლი ამოქმედდა, რომლითაც სისხლის სამართლის კოდექსში გაჩნდა ახალი ცნება - ადევნება - რომელიც დასჯადი ქმედება გახდა.

 

 ცვლილების თანახმად, „ადევნება“ განისაზღვრა როგორც პირადად ან მესამე პირის მეშვეობით პირის, მისი ოჯახის წევრის ან სხვა ახლო ნათესავის არაკანონიერი თვალთვალი, ასევე არასასურველი კომუნიკაციის დამყარება სატელეფონო, ელექტრონული ან სხვა საშუალებებით; მუქარა, რაც აიძულებს პირს, მნიშვნელოვნად შეცვალოს ცხოვრების წესი. ცვლილების მიხედვით, აღნიშნული ქმედება თავისუფლების აღკვეთას 2-დან 5 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

 

 საადვოკატო ბიურო „ OK&CG-ს“ ადვოკატის, ოთარ კაჭკაჭაშვილის განმარტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანამდე მსგავსი სახის პრობლემები კანონმდებლობის დონეზე დაურეგულირებელი გახლდათ.

 

 კაჭკაჭაშვილი აცხადებს, რომ იურიდიული კომპანია „OK&CG“-სთვის არაერთხელ მიუმართავთ სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის თხოვნით, რათა მსხვერპლის მიმართ აღკვეთილიყო მესამე პირისგან თვალთვალი, არასასურველი კომინიკაცია და მსგავსი სახის უარყოფითი ზემოქმედება, რაც არსებითად აზიანებდა მსხვერპლის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, მასში იწვევდა შიშს, ტანჯვას და იძულებას, მისი ნების საწინააღმდეგოდ შეეცვალა ცხოვრების წესი. სამწუხაროდ, ხსენებული ქმედების შესახებ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანამდე  მსხვერპლს არ გააჩნდა მის მიმართ მესამე პირისგან უარყოფითი ზეგავლენის აღკვეთის რესურსი, ვინაიდან თავისი შინაარსით მესამე პირის ზემოქმედება მსხვერპლზე არ გახლდათ არც სისხლის სამართლის დანაშაული და არც სამართალდარღვევა.

 

 საქართველოს სისხლის სამართლის  კოდექსში შეტანილი ცვლილების შედეგად მსხვერპლს გაუჩნდა ზემოაღნიშნული ზემოქმედებისაგან თავის დაცვის რეალური  საშუალება/უფლება, იმდენად რამდენადაც „ადევნება“, რომელიც თავის თავში მოიაზრებს მსხვერპლისადმი არასასურველი შედეგების დადგომას, გახდა სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედება.

 

 საადვოკატო ბიურო „OK&CG“ მიესალმება კანონმდებლობაში მსგავსი სახის ცვლილებების შეტანას, რაც მოქალაქეებს საშუალებას მისცემს დაიცვან მათი უფლებები და მესამე პირებს აუკრძალონ თვალთვალი და ნებისმიერი სახის არასასურველი კომუნიკაცია.

 


აღსანიშნავია, რომ ადევნების კრიმინალიზაციის შემდეგ, საქართველოს მასშტაბით 12 პირის მიმართ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა, საიდანაც 6 საქმე გამამტყუნებელი განაჩენით დასრულდა.
 

წყარო: radioatinati.ge

 

სხვა სიახლეები
22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება

06 მარ

„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

14 თებ

ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში

17 იან

კაცს, რომელიც 14-წლამდე გერს აუპატიურებდა, 16 წლით პატიმრობა მიესაჯა