სოკრატეს სასამართლო პროცესი8793 2014.12.22
სოკრატეს სასამართლო პროცესი
რაც უფრო შორეულ ისტორიულ ფაქტებს ვიკვლევთ, მით უფრო საინტერესოა ამ ფაქტების თუ მოვლენების თითოეული დეტალი. რა პროფესიასთანაც არ უნდა გვქონდეს საქმე, რთული წარმოსადგენია, ვინმემ არ იცოდეს სოკრატეს შესახებ თუნდაც ის, რომ იგი ბერძენი ფილოსოფოსი იყო. სოკრატეს იდეებმა დიდი კვალი დაატყო კაცობრიობის აზროვნებას ბევრ სფეროში. გარდა ფილოსოფოსისა და გამორჩეული მოაზროვნისა, სოკრატეს, სამწუხაროდ, სიკვდილმისჯილის სტატუსიც აქვს, სწორედ რასაც შევეხებით დღევანდელ პოსტში. საინტერესოა, რა ნორმების დაცვით გაასამართლეს ათენში სოკრატე? იმის გამო, რომ სოკრატე დამკვიდრებული შეხედულებების საწინააღმდეგოს წარმატებით უმტკიცებდა თანაქალაქელებს, რომელთაც თავი მთავარ მოაზროვნეებად მიაჩნდათ, მის მიმართ ანტიპათია უფრო ხშირი მოვლენა იყო, ვიდრე მისი პროგრესულობის აღიარება. ძვ.წ. 399-ე წელს მელეტემ, ბერძენმა პოეტმა და სოკრატეს თანამედროვემ, ბრალი წაუყენა მას ღმერთების უპატივცემულობაში, ახალგაზრდების გარყვნასა და ახალი ღმერთების შემოღებაში. ამის გამო სოკრატეს მოუწია ათენელი ნაფიცმსაჯულების წინაშე წარდგენა და თავის მართლება. მაშინდელი სასამართლო პროცესი ათენში მნიშვნელოვნად განსხვავებული იყო იმისგან, როგორსაც ჩვენ ვიცნობთ დღეს. ეს იყო, დაახლოებით, 9 საათის მანძილზე მიმდინარე პროცესი, რომელსაც კონკრეტული ერთი მოსამართლე არ ხელმძღვანელობდა. ამის ნაცვლად მსაჯულები იყვნენ წარმოდგენილნი, რომელთა რაოდენობა სულ 500 იყო, ასაკით 30 და მეტი წლის. ბრალმდებლებს წყლის საათით განსაზღვრული 3 საათი ჰქონდათ ბრალდების წარმოსადგენად და მისი არგუმენტირებისთვის. შემდეგ მომდევნო 3 საათი სოკრატესთვის იყო განკუთვნილი თავის დასაცავად. საბოლოოდ, მსაჯულები კენჭისყრით გადაწყვეტდნენ, იყო თუ არა სოკრატე დამნაშავე.

პლატონის "აპოლოგიაში" გადმოცემულია სოკრატეს სიტყვა, რომელიც მან სასამართლოზე წარმოთქვა. ამ სიტყვიდან იკვეთება, რომ მან პირმოთნეობას და მსაჯულთა გულის მოგებას ამჯობინა მტკიცედ მდგარიყო იმ პოზიციაზე, რომ ყველა ბრლდება აბსურდულია და რომ არც უნდა განიხილებოდეს ამგვარი რამ მის წინააღმდეგ. მის სიტყვაში ბევრი მნიშვნელოვანი საკითხია, რომელთა განხილვითაც სოკრატემ კიდევ ერთხელ დაუმტკიცა ათენელებს საკუთარი უპირატესობა და ის, რომ ნამდვილად იშვიათი შესაძლებლობების მოაზროვნე იყო. ამის მიუხედავად, 280-მა მსაჯულმა მიიჩნია, რომ იგი დამნაშავე იყო, ხოლო 220-მა უდანაშაულოდ ცნო. ამდენად, უმრავლესობამ გადაწყვიტა სოკრატეს ბედი.

ბრალმდებლებმა სასჯელის ზომად სიკვდილით დასჯა განუსაზღვრეს სოკრატეს. სასამართლო ელოდა ფილოსოფოსისგან წინააღმდეგობას და გადასახლების მოთხოვნას სიკვდილით დასჯის ნაცვლად, მაგრამ სოკრატემ მოითხოვა ათენის საჯარო სასადილოში უფასო კვება, რაც ჯილდო უფრო იყო, ვიდრე სასჯელი და ამ "თავხედობით" განაწყენებულმა მსაჯულებმა მისი სიკვდილის დასჯაზე გადაწყვეტილება დიდი მონდომებით მიიღეს.

სწავლეულთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ სოკრატეს დამნაშავედ ცნობა და მისი სიკვდილით დასჯა ათენელი ფილოსოფოსის წინასწარ განზრახული არჩევანი იყო. რეალურად, ეს მართლაც ასეა, რადგან არც ერთი ბერკეტი, რაც დამდგარი შედეგის საწინააღმდეგოდ შეეძლო გამოეყენებინა, სოკრატეს არ გამოუყენებია. მეტიც, მას საპყრობილედან, სადაც სიკვდილით დასჯამდე იყო მოთავსებული, შეეძლო გაქცევა, მაგრამ არც ეს გააკეთა. მან ათენის კანონები უფრო მაღლა დააყენა, ვიდრე საკუთარი სიცოცხლე და მიიჩნია, რომ კანონის საწინააღმდეგოდ არ უნდა წასულიყო, თუნდაც შინაგანი წინააღმდეგობა ჰქონოდა მის მიმართ.

წყარო