მიტანის სერვისის, Wolt-ის კურიერს, რომელმაც მომხმარებელი ქალის ტელეფონის ნომერი პირადი მიმოწერის მიზნით გამოიყენა, 10 დღით მიტანის სერვისის განხორციელების უფლება შეეზღუდება, რის შემდეგაც ტრენინგი და ტესტირება ჩაუტარდება.
Wolt-ის კურიერის მიერ რამდენიმე დღის წინ მომხმარებლისთვის მიწერილმა sms-შეტყობინებამ, „სხვათა შორის, ძალიან კარგად გამოიყურებოდით“, საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ვიღაცები ფიქრობენ, რომ ეს უბრალოდ უწყინარი კომპლიმენტი იყო და მერე რა მოხდაო, ნაწილს კი მიაჩნია, რომ კურიერის ქმედება მომხმარებლის პერსონალური მონაცებემის უხეში დარღვევაა.
მოდი, გავყვეთ სამართლებრივად.
რა არის პერსონალური მონაცემები?
პერსონალური მონაცემები არის ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომლითაც შესაძლებელია პირის იდენტიფიცირება. მაგალითად: თქვენი სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ფოტო, ვიდეო ჩანაწერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, საბანკო ანგარიშის ნომერი, სოციალური ქსელის ანგარიში, პირადი მიმოწერა. პერსონალური მონაცემია ასევე ინფორმაცია თქვენი სამუშაო ადგილის, შემოსავლების, ოჯახური მდგომარეობის შესახებ და სხვა.
ზოგადად, დღეს, ტექნოლოგიური პროგრესის კვალდაკვალ მონაცემების დაცვა რომ თანამედროვე მსოფლიოს უდიდესი გამოწვევაა, ამაზე საადვოკატო ბიურო „OK&CG“ ადრეც წერდა. საერთაშორისო კვლევების თანახმად, ერთი ადამიანის მონაცემები საშუალოდ 250-დან 1000-მდე ბაზაშია რეგისტრირებული, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით კი მილიონობით ადამიანის შესახებ ინფორმაციის დამუშავებას სულ რამდენიმე წუთი სჭირდება.
დაარღვია თუ არა კურიერმა მომხმარებლის მიმართ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონი?
როგორც საადვოკატო ბიურო „OK&CG“-ს იურისტები განმარტავენ, „როცა მომხმარებელი კერძო კომპანიას პერსონალურ მონაცემებს - როგორიცაა ტელეფონის ნომერი, მისამართი - გადასცემს კონკრეტული მიზნით, ამ შემთხვევაში, მიზანი შეკვეთის ადგილზე მიტანაა. თუ კომპანია ან მისი თანამშრომლები ამ მონაცემებს, მომხმარებლის ნებართვის გარეშე, გამოიყენებენ რაიმე სხვა მიზნით, ეს არის პერსონალური მონაცემების შესახებ კანონის დარღვევა. კომპანიამ უნდა უზრუნველყოს, რომ მსგავსი ფაქტი არ მოხდეს და მაქსიმალურად დაიცვას მომხმარებლის მიერ, კონკრეტული მიზნით მისთვის გაზიარებული პირადი მონაცემები. კურიერმა კონტრაქტის დადების დღიდან უნდა იცოდეს, რომ ეს ეკრძალება.“
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებელი ამბობდა, რომ შეკვეთის მიტანის შემდეგ ვოლტის კურიერმა მასთან პირად ნომერზე კომუნიკაცია სცადა. როგორც ქალის მიერ გასაჯაროებულ სქრინში ჩანს, კურიერმა მისწერა „სხვათა შორის ძალიან კარგად გამოიყურებით“.
როდიდან ითვლება პირი უფლებაუნარიანად? ქმედუნარიანად?
რომელია ქურდობა? ძარცვა? ყაჩაღობა?
რა არის ნასყიდობის ხელშეკრულება?
რა არის საკუთრების უფლება და რას მოიცავს მისი შინაარსი?
რა არის დელიქტი და რა წინაპირობები აქვს?
უძრავი ქონების ადვოკატის როლი კალიფორნიაში
"ბავშვი სათავეა, დასაწყისია დიდის ადამიანისა"
სანამ ხელშეკრულებას ხელს მოაწერთ...
რა არის ქონება? მოძრავი და უძრავი ნივთი?
"სიყვარული თუ გაქრება, მზე იტირებს და..."