საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას განსაკუთრებული პირობების შემოღება1891 2020.03.24
საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას განსაკუთრებული პირობების შემოღება

 

 საომარი ან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას საქართველოს ფინანსთა მინისტრს შეუძლია გამოსცეს ბრძანება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში განსაკუთრებული პირობების შემოღების შესახებ. ბრძანებაში მიეთითება განსაკუთრებული პირობების მოქმედების ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 90 დღეს.

 თუ განსაკუთრებული პირობების მოქმედების ვადა თავდაპირველად 90 დღეზე ნაკლები იყო, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს 90 დღემდე. განსაკუთრებული პირობების მოქმედების ვადის 90-ზე მეტ დღემდე გაგრძელება შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით.

 

 განსაკუთრებული პირობების მოქმედებისას საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია გააგრძელოს საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადები.

 საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენის გადავადების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში საქართველოს ფინანსთა მინისტრის განსაზღვრული ბრძანება უნდა ითვალისწინებდეს საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენის გადავადების წესს, ფორმასა და პროცედურებს. ბრძანება უნდა მოიცავდეს:

ა) იმ გადასახადის გადამხდელთა განსაზღვრის პირობებს, რომლებიც აკმაყოფილებენ საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენის გადავადების კრიტერიუმებს;

ბ) გადასახადებს, რომლებზედაც გავრცელდება საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენის გადავადება;

გ) პროცედურებს, რომელთა საშუალებითაც გადასახადის გადამხდელები ამ მუხლის საფუძველზე შეძლებენ საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენის გადავადების მოთხოვნას და გადავადების უფლების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრებას.

 

 განსაკუთრებული პირობების მოქმედებისას საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია გადაავადოს ცალკეული გადასახადის მიხედვით გადასახადის გადახდა.

 ცალკეული გადასახადის მიხედვით გადასახადის გადახდის გადავადების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში საქართველოს ფინანსთა მინისტრის განსაზღვრული ბრძანება უნდა ითვალისწინებდეს გადასახადის გადახდის გადავადების წესს, ფორმასა და პროცედურებს. ბრძანება უნდა მოიცავდეს:

ა) იმ გადასახადის გადამხდელთა განსაზღვრის პირობებს, რომლებიც აკმაყოფილებენ გადასახადის გადახდის გადავადების კრიტერიუმებს;

ბ) გადასახადებს, რომლებზედაც გავრცელდება გადასახადის გადახდის გადავადება;

გ) პროცედურებს, რომელთა საშუალებითაც გადასახადის გადამხდელები ამ მუხლის საფუძველზე შეძლებენ გადასახადის გადახდის გადავადების მოთხოვნას და გადავადების უფლების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრებას.

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრს განსაზღვრული ბრძანებით უფლება აქვს, მიიღოს გადაწყვეტილება ამ კოდექსით დადგენილი მიმდინარე გადასახდელების გადახდის ვალდებულების გადავადების შესახებ. ამ შემთხვევაში ბრძანება უნდა მოიცავდეს: 

ა) გადასახადებს (მოგების, საშემოსავლო ან/და ქონების), რომლებზედაც გავრცელდება მიმდინარე გადასახდელების გადახდის ვალდებულების გადავადება;

ბ) პროცედურებს, რომელთა საშუალებითაც გადასახადის გადამხდელები ამ მუხლის საფუძველზე შეძლებენ მიმდინარე გადასახდელების გადახდის ვალდებულების შეჩერების მოთხოვნას და შეჩერების უფლების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრებას.

 

1. განსაკუთრებული პირობების მოქმედებისას პირს (გადასახადის გადამხდელს) უფლება აქვს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე გამოქვითოს:

ა) საომარი მოქმედებების შედეგად განადგურებული და დაზიანებული ფასეულობა, რომელმაც დაკარგა ღირებულება ან რომელსაც შეუმცირდა ღირებულება, – შემცირებული ღირებულების ოდენობით;

ბ) ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული აქტივების ღირებულება, ხოლო თუ პირი იბრუნებს შესაძლებლობას, ამ აქტივების მიმართ განახორციელოს მესაკუთრის ან/და მოსარგებლის უფლებამოსილება, იგი ვალდებულია აქტივების ღირებულება შეიტანოს თავის ერთობლივ შემოსავალში.

2. აქტივების ჩამოწერის შესახებ გადასახადის გადამხდელი საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარადგენს განცხადებას.