Notice: Undefined variable: UB in /datastore/web/myadvokat.ge/htdocs/libs/Functions.php on line 616

Notice: Undefined variable: UB in /datastore/web/myadvokat.ge/htdocs/libs/Functions.php on line 630
მემკვიდრის სავალდებულო წილი 4320 2018.10.29
მემკვიდრის სავალდებულო წილი

საქართველოს კანონმდებლობა კანონით განსაზღვრულ პირებს ანიჭებს სავალდებულო წილის მოთხოვნის უფლებას, მიუხედავად ანდერძის არსებობისა. ხშირად სავალდებულო წილის მოთხოვნაზე უფლებამოსილი პირები არ არიან ინფორმირებულნი ამ უფლების შესახებ, რის გამოც იზღუდება მათთვის კანონით მინიჭებული უფლებების რეალიზაციის შესაძლებლობა.

მამკვიდრებლის შვილებს, მშობლებსა და მეუღლეს, ანდერძის შინაარსის მიუხედავად, ეკუთვნით სავალდებულო წილი, რომელიც უნდა იყოს იმ წილის ნახევარი, რაც თითოეულ მათგანს კანონით მემკვიდრეობის დროს ერგებოდა.

სავალდებულო წილის მოთხოვნის უფლება წარმოიშობა სამკვიდროს გახსნის მომენტიდან. სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე ან პირის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღე. სავალდებულო წილის მოთხოვნის უფლება გადადის მემკვიდრეობით.

თითოეული მემკვიდრის სავალდებულო წილის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ყველა კანონით მემკვიდრე, რომლებიც მოწვეული იქნებოდნენ სამკვიდროს მისაღებად, ანდერძი რომ არ ყოფილიყო. ანდერძით მემკვიდრეები მხედველობაში არ მიიღებიან.

გასათვალისწინებელია, რომ პირი, რომელსაც აქვს სავალდებულო წილის მიღების უფლება, მოვალეა სავალდებულო წილში ჩათვალოს ყველაფერი, რაც მამკვიდრებლისაგან მიიღო მის სიცოცხლეში – იმაზე მითითებით, რომ მიღებული ჩაითვალოს სავალდებულო წილში.

თუ ანდერძით გათვალისწინებულია არა მთელი სამკვიდრო, მაშინ სავალდებულო წილი პირველ რიგში გამოიყოფა ანდერძით გაუთვალისწინებელი, ხოლო, თუ ეს საკმარისი არ იქნება, შეივსება ანდერძით გათვალისწინებული ქონებიდან.

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, თუ მამკვიდრებელმა აჩუქა ნივთი მესამე პირს, მაშინ სავალდებულო წილზე უფლების მქონე პირს შეუძლია მოითხოვოს მისი შევსება იმ თანხით, რომლითაც გაიზრდება მისი სავალდებულო წილი, თუკი გაჩუქებული ნივთი სამკვიდროში შევა. საჩუქარი ანგარიშში არ ჩაითვლება, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის საჩუქრის გადაცემიდან 10 წელია გასული.

თუ სავალდებულო წილის მიღების უფლების მქონე პირს ეანდერძა ქონება, რომელიც იმ წილის ნახევარზე ნაკლებია, რომელსაც იგი კანონით მემკვიდრეობისას მიიღებდა, მაშინ მას შეუძლია მოითხოვოს ის წილი, რომლითაც ანდერძით მიღებული მისი წილი ნაკლებია იმ წილის ნახევარზე, რასაც კანონით მემკვიდრეობისას მიიღებდა.

სავალდებულო წილის მიღების უფლების მქონე მემკვიდრეს შეუძლია უარი თქვას მის მიღებაზე, მაგრამ ეს არ გამოიწვევს სხვა თანამემკვიდრეების სავალდებულო წილის გაზრდას. მისი წილი გადადის ანდერძით მემკვიდრეებზე.

სავალდებულო წილის მიღება ან მის მიღებაზე უარის თქმა უნდა მოხდეს სამკვიდროს მიღების ან მასზე უარის თქმისათვის დადგენილ დროში.

იმ მემკვიდრის წილი, რომელსაც სავალდებულო წილის მიღების უფლება ჩამოერთვა, გადადის ანდერძით მემკვიდრეებზე.

სხვა სიახლეები
05 ივნ

ოთარ კაჭკაჭაშვილი: ექსკურსიების მოწყობა მხოლოდ სპეციალიზებულ ორგანიზაციებს უნდა შეეძლოთ

22 მაი

ოთარ კაჭკაჭაშვილი: თითქმის ყველა წამყვან ბიზნესში მონოპოლიზების ნიშნები შეიმჩნევა

18 მაი

ოთარ კაჭკაჭაშვილი: ტურიზმის სფეროდან შემოსული თანხა სხვა ქვეყნებში გაედინება

16 მაი

ოთარ კაჭკაჭაშვილი: შრომით კანონმდებლობაში ბევრი ლაფსუსია

25 თებ

მეუღლეთა თანასაკუთრება-რა შეიძლება, ჩაითვალოს მეუღლეთა საერთო ქონებად კანონმდებლობის თანახმად?

02 თებ

ვალდებულების შეწყვეტის სხვა საფუძვლები

31 იან

შესაძლებელია თუ არა, საპროცესო შეთანხმებით, ბრალდებული სრულად განთავისუფლდეს სასჯელისგან?

24 იან

რას ითვალისწინებს თხოვების ხელშეკრულება ?

14 იან

„საპროცესო შეთანხმების იძულებით ან დაშინებით დადება დაუშვებელია“

09 იან

აფექტში ჩადენილი დანაშაული