საგადასახადო კოდექსში ცვლილებები ძალაში შევიდა1114 2017.07.14
საგადასახადო კოდექსში ცვლილებები ძალაში შევიდა
პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, გადასახადის შემცირებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის დადგენილი თანხის ოდენობა 50,000 ლარიდან 100,000 ლარამდე გაიზარდა. ამასთან, გადასახადი განსაკუთრებით დიდ ოდენობად ჩაითვლება, თუ თანხა დღეს არსებული 100,000 ლარის ნაცვლად, 150,000 ლარს აღემატება.ცვლილებით ასევე გაუქმდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ქმედებებისთვის, რომლებიც თავისი შინაარსით საგადასახადო სამართალდარღვევას წარმოადგენს, როგორიცაა სასაქონლო ზედნადებთან და არააქციზური საქონლის მარკირების დაკავშირებული დარღვევები. კერძოდ, სისხლის სამართლის დანაშაულად აღარ ჩაითვლება: სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარი - თუ საქონლის ღირებულების თანხა აღემატება 10 000 ლარს; სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის მარკირების ნიშნის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია ან გადაზიდვა - თუ არააქციზური საქონლის ღირებულება აღემატება 2000 ლარს.იზრდება საგადასახადო დავალიანების თანხის ზღვარი 5000 - დან 50 000 ლარამდე, რომლის გადახდის 1 წლის ვადით გადავადებაც (გრაფიკის გაკეთება) შესაძლებელი იქნება საგადასახადო ორგანოში უზრუნველყოფის წარდგენის გარეშე.გარდა ამისა, საგადასახადო კოდექსში შეტანილმა ცვლილებებმა სრულყო საბაჟო პროცედურები და შემსუბუქდა სანქციები. კერძოდ, საბაჟო პროცედურების დარღვევისთვის პირველ შემთხვევაზე ფულადი ჯარიმის ნაცვლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება შემდეგ შემთხვევებში:• ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონელზე წარდგენილ საბაჟო დეკლარაციაში არასწორი მონაცემის შეტანა;• საგადასახადო ორგანოს თანხმობის გარეშე საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიერ საბაჟო კონტროლის ზონის დატოვება, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის გადატვირთვა ან გადმოტვირთვა;• მცირდება სპეციალურ სავაჭრო კომპანიის მიერ საქმიანობის წესის დარღვევისთვის გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა 50 პროცენტიდან 10 პროცენტამდე;• საბაჟო საწყობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევისთვის გათვალისწინებული ჯარიმა 4000 ლარიდან მცირდება 2000 ლარამდე. ასევე, ნახევრდება ამავე ქმედების განმეორებით ჩადენისათვის განსაზღვრული ჯარიმის ოდენობაც და პირი დაჯარიმდება 12000 ლარის ნაცვლად 6000 ლარით.