"OK&CG"-მა შემოსავლების სამსახურს დავა მოუგო1310 2017.03.18
"OK&CG"-მა შემოსავლების სამსახურს დავა მოუგო
საადვოკატო ბიურომ OK&CG შემოსავლების სამსახურს სასამართლო დავა მოუგო. დავა მოსარჩელის მხრიდან შემოსავლების სამსახურისგან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით დაიწყო. სასამართლომ გაიზიარა ჩვენი იურისტების არგუმენტაცია იმის თაობაზე, რომ მოსარჩელეს მართლაც მიადგა მატერიალური ზიანი შემოსავლების სამსახურის კანონსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად და დააკისრა მას ამ ზიანის ანაზღაურება. აღსანიშავია ისიც, რომ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სასამართლოში საქმის დაწყებამდე, მოსარჩელე ითხოვდა შემოსავლების სამსახურის მიერ მასზე დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას და ჩამორთმეული ქონების დაბრუნებას, რადგან მიიჩნევდა, რომ მისი დაჯარიმებისას არ მოხდა ფაქტების გადამოწმება. საქალაქო სასამართლომ ამ შემთხვევაშიც დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა, გააუქმა დაკისრებული ჯარიმა და შემოსავლების სამსახურს დაავალა მოსარჩელისთვის ჩამორთმეული ქონების დაბრუნება. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შემოსავლების სამსახურმა გაასაჩივრა ჯერ სააპელაციო, შემდეგ კი უზენაეს სასამართლოში. ორივე ინსტანციამ უცვლელად დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ჯარიმის გაუქმებისა და ქონების დაბრუნების შესახებ, თუმცა სასამართლოს სამივე ინსტანციაში საქმის დასრულების შემდეგ, რაც საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია,მოსარჩელისთვის ჩამორთმეული საქონელი აღარ იყო გამოსაყენებლად ვარგისი. შესაბამისად, მოსარჩელემ შემოსავლების სამსახურისგან ამჯერად იმ ზიანის ანაზღაურება მოითხოვა, რომელიც მას საქონლის დაზიანებისა და დანიშნულებისამებრ გამოყენების შეუძლებლობის გამო მიადგა და მისი მოთხოვნა დაკმაყოფილდა. ამჯერად შემოსავლების სამსახურს დაკისრებული აქვს მოსარჩელის მიმართ ფინანური ვალდებულების შესრულება. მიღებული პრაქტიკის თანახმად, შემოსავლების სამსახური,პერსპექტივის არარსებობის მიუხედავად, მაღალი ალბათობით, ამ გადაწყვეტილებასაც გაასაჩივრებს ზემდგომ ინსტანციებში. საადვოკატო ბიურო OK&CG-ის გუნდი და მოსარჩელის ინტერესების დამცველი ადვოკატი დავით მუმლაძე მზად არიან ბოლო ინსტანციამდე დაიცვან კლიენტის ინტერესი. ჩვენ გვჯერ, რომ სააპელაციო და უზენაესი სასამართლო ამჯერადაც უცვლელად დატოვებს საქალაქო სასამართლოს მიერ მოსარჩელის სასარგებლოდ გამოტანილ გადაწყვეტილებას.