შპს "საფინანსო კომპანია საქართველოს" ფაქტობრივ მმართველებს პატიმრობა შეეფარდათ761 2016.12.20
შპს "საფინანსო კომპანია საქართველოს" ფაქტობრივ მმართველებს პატიმრობა შეეფარდათ
2016 წლის 18 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიამ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა, საფინანსო კომპანია საქართველოს საქმეზე ბრალდებულების მერაბ ფ.-სა და თამაზ ლ.-ს მიმართ, აღკვეთის ღონისძიების სახედ დაპატიმრების გამოყენების თაობაზე. მერაბ ფ.-სა და თამაზ ლ.-ს ბრალად ედებათ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით, სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვა, თუ ეს ნივთი ან ქონებრივი უფლება იმყოფებოდა გამფლანგველის მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში. საქმის მასალების თანახმად, შპს ,,საფინანსო კომპანია საქართველოს“ დირექტორმა თამაზ ლ.-მ, მერაბ ფ.-ს ორგანიზებით, ნაცვლად იმისა, რომ ეწარმოებინა მომგებიანი საქმიანობა, არამიზნობრივად გახარჯა კომპანიაში მოქალაქეთა მიერ ანაბრების სახით შეტანილი თანხები. შედეგად, მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი მიადგა კომპანიის 2 648 მეანაბრეს და მათ მიმართ კომპანიის დავალიანება შეადგენს 76 000 000 ლარს. სასამართლომ, განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობა, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, გაეცნო წარმოდგენილ მასალებს და მიიჩნია, რომ ბრალდებულების მიმართ სახეზეა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების როგორც ფორმალური, ასევე ფაქტობრივი საფუძვლები. სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების შერჩევისას მხედველობაში მიიღო ბრალდებულების მხრიდან მიმალვის, მტკიცებულებათა განადგურებისა და გამოძიებისთვის ხელის შეშლის მაღალი რისკების არსებობა. აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2017 წლის 30 იანვარს 15:00 საათზე გაიმართება. წყარო: tcc.gov.ge