საქართველოს გზებს Tomtom-ის სპეციალური კამერებით აღჭურვილი ავტომობილი გადაიღებს881 2016.12.20
საქართველოს გზებს Tomtom-ის სპეციალური კამერებით აღჭურვილი ავტომობილი გადაიღებს
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სამუშაო ვიზიტით სანავიგაციო სისტემების მსოფლიო ლიდერი კომპანია Tomtom-ის პროექტის მენეჯერი, ჯემ ერასლანი ეწვია. სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა დაგეგმილ და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო Tomtom-ს პერიოდულად გეოგრაფიულ მონაცემებსა და შესაბამის განახლებებს მიაწვდის, „ტომტომი“ კი მათ ელექტრონული რუკების მობილურ და ვებ-აპლიკაციაში, ავტომობილების ბორტკომპიუტერების სანავიგაციო სისტემებსა და სხვა პროდუქტებში გამოიყენებს. საპილოტე პროექტი ბათუმსა და თბილისში 2017 წლის პირველ ნახევარში დასრულდება. თანამშრომლობის ფარგლებში, Tomtom-ის ტექნიკური ჯგუფი საქართველოში ჩამოვა და წინა და უკანა ხედვის კამერებით აღჭურვილი ავტომობილის გამოყენებით საჯარო რეესტრს სავალე სამუშაოების წარმოებაში მნიშვნელოვან მხარდაჭერას გაუწევს. შედეგად, გამართული სანავიგაციო სისტემა და დეტალური ციფრული ტურისტული რუკა ნებისმიერ მოხმარებელს გაუმარტივებს ადგილმდებარეობის იდენტიფიცირებას, დანიშნულების ადგილამდე მისასვლელი ოპტიმალური მარშრუტის შერჩევას, დროისა და მანძილის მინიმალური დანახარჯებით. გლობალურ სანავიგაციო სისტემებში საქართველოს შესახებ სივრცითი მონაცემების ინტეგრაცია მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის შესრულების ნაწილია, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის პოპულარიზაციასა და ტურიზმის განვითარებას. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და სანავიგაციო სისტემების მსოფლიო ლიდერ კომპანია Tomtom-ს შორის კონტაქტები შარშანდელი წლიდან გააქტიურდა. საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის პრიორიტეტებიდან გამომდინარე, ეს კონტაქტები გაღრმავდა და ორ ორგანიზაციას შორის თანამშრომლების ხელშეკრულებას ხელი 2016 წლის 1 დეკემბერს მოეწერა. Tomtom სანავიგაციო სისტემებისა და ელექტრონული რუკების მწარმოებელი უმსხვილესი კომპანიაა, რომლის წარმოებული სანავიგაციო რუკები ფარავს მსოფლიოს 135 ქვეყანას და 4 მილიარდზე მეტ მოსახლეს. მის მიერ ხორციელდება 52 ქვეყნის საგზაო მოძრაობის ინტენსივობის შესახებ ინფორმაციის გავრცელება რეალურ დროში. Tomtom-ის პროდუქტები მოიცავს ისეთ მონაცემებს, როგორიცაა ადმინისტრაციული ერთეულების საზღვრები, განაშენიანების არეალები, დაცული ტერიტორიები, ტურისტული ღირსშესანიშნაობები, სატრანსპორტო ქსელი, მოძრაობის ინტენსივობა და სხვა.