აშშ-ს ყალბი საელჩო 10 წელი ფუნქციონირებდა791 2016.12.07
აშშ-ს ყალბი საელჩო 10 წელი ფუნქციონირებდა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა აფრიკის სახელმწიფო განას დედაქალაქ აკრაში , 10 წლის განმავლობაში მოქმედი ფიქტიური “აშშ-ს საელჩოს” შესახებ განცხადება გააკეთა. “საელჩო” განას სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის და განაში მოქმედი ამერიკის ნამდვილი საელჩოს ჩარევის შედეგად დაიხურა. ყოველ ორშაბათს, სამშაბათსა და პარასკევს 7.30-დან 12.00-მდე ფიქტიური საელჩოს შენობის თავზე ამერიკის დროშას აღმართავდნენ, ინტერიერის ელემენტები კი (ბარაკ ობამას პორტრეტი და სხვ.) უწყების ოფიციალურ სტატუსზე მიანიშნებდა. სინამდვილეში, სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ორგანიზაციას თურქეთის და განას კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები ხელმძღვანელობდნენ, ასევე ადგილობრივი ადვოკატი. თანამშრომლებად თურქეთის ინგლისურენოვანი მოქალაქეები ყავდათ დასაქმებული. ორგანიზაციის ხელმძღვანელები ქრთამების მეშვეობით ახერხებდნენ შემოწმებებისგან თავის დახსნას, ასევე ნამდვილი დოკუმენტების ბლანკების მოპოვებას. ინფორმაცია ცრუ საელჩოს არსებობის შესახებ აშშ-ის ნამდვილი საელჩოს თანამშრომელმა შეიტყო. მან საქმეში პოლიცია, სპეცრაზმი და ქვეყნის საგამოძიებო ბიურო ჩართო, ასევე კანადის საელჩოს თანამშრომლები. აღმოჩნდა, რომ ყალბი საელჩო თავისი მომსახურების რეკლამირებას ფლაერებით და პლაკატებით ეწეოდა. ამასთან ისინი მომსახურებას არა მხოლოდ განას, არამედ მეზობელი ტოგოს და კოტ-დ’ივუარის მოსახლეობას სთავაზობდნენ. ქუჩიდან გასაუბრებაზე “საელჩოში” მოხვედრა არ შეიძლებოდა: ამის ნაცვლად ბანდის წევრებს კლიენტები დასავლეთ აფრიკის შორეული მიდამოებიდან ჩამოყავდათ განაში და ახლომდებარე სასტუმროებში აბინავებდნენ. ვიზის გაცემის (როგორც ნამდვილი, ისე ყალბი) და სხვა სახის მომსახურება$6000 ჯდებოდა. ყალბი დოკუმენტები ტანსაცმლის მაღაზიაში მზადდებოდა-გამოძიება ვარაუდობს, რომ იქ საწარმოო საკერავი მანქანა იდგა, რომლითაც ყალბი პასპორტები იკერებოდა. მოსყიდულმა იურისტმა დეტექტივებს შენობის ჩხრეკა აუკრძალა იმ მიზეზით, რომ იქ მოქმედებები სისხლის სამართლის სხვა საქმეზე მიმდინარეობდა, რაც სიცრუე აღმოჩნდა. განხილვის დროს დაკავებულები გირაოს გადახდის შემდეგ გამოუშვეს , მათ კი წარმოების გადამალვა მოახერხეს. რამდენიმე ეჭვმიტანილი ძებნაშია. რეიდების დროს აღმოჩნდა, რომ ქვეყანაში ნიდერლანდების ყალბი საელჩოც მოქმედებდა.