საქმეთა განხილვის ვადები სასამართლოში 1493 2016.12.05
საქმეთა განხილვის ვადები სასამართლოში
საქმეთა განხილვის სისწრაფე პირდაპირ აისახება მართლმსაჯულების ეფექტურობაზე. ეს დაკავშირებულია, ერთი მხრივ, საქმეთა განხილვის კანონით დადგენილ ვადებზე და მეორე მხრივ სასამართლოსა და მხარეთა მიერ ეფექტურად დაგეგმილი საქმიანობის შედეგად ამ ვადების შემოკლებაზე. საქმეთა განხილვის კანონით დადგენილი ვადებია სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე: პირველი ინსტანციის სასამართლოში სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეები განიხილება სარჩელის სასამართლოში შესვლიდან 2 თვეში. თუმცა, განსაკუთრებით რთული კატეგორიის საქმეებზე სასამართლოს გადაწყვეტილებით ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს 5 თვემდე. საქმის განხილვის ანალოგიური ვადები მოქმედებს სააპელაციო სასამართლოშიც. გამონაკლის შემთხვევებში სასამართლო საქმეს განიხილავს არაუგვიანეს 1 თვისა ისეთი კატეგორიის საქმეებზე,როგორიცაა: დავა ალიმენტის გადახდის თაობაზე, დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის სიკვდილით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეები, ასევე დავები შრომითი ურთიერთობებიდან და "საცხოვრებელუ სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ." საქართველოს უზენაეს სასამართლოში საქმეები განიხილება საქმის სასამართლოში შესვლიდან 6 თვის ვადაში. სისხლის სამართლის საქმეებზე: პირველი ინსტანციის სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეებზე განხილვის კონკრეტული ვადა დადგენილი არ არის. განხილვის ვადა საქმის სირთულის მიხედვით განისაზღვრება. პირველი ინსტანციის სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ ბრალდებულის საპატიმრო ვადით, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს, პირის დაკავებიდან პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანამდე. პირველი ინსტანციის სასამართლო პრიორიტეტულად განიხილავს იმ სისხლის სამართლის საქმეს, რომელშიც ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა. სააპელაციო სასამართლო საქმეს განიხილავს სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობიდან 2 თვის ვადაში,ხოლო საჩივრის დასაშვებობის საკითხს წყვეტს საჩივრისა და საქმის მიღებიდან 10 დღის ვადაში. საქართველოს უზენაეს სასამართლოში საქმეები განიხილება სისხლის სამართლის საქმის სასამართლოში შესვლიდან 6 თვის ვადაში. სასამართლოში საქმის განხილვა მიმდინარეობს თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე. სასამართლოს ეკრძალება როგორც ერთი, ისე მეორე მხარისათვის სასარგებლო მტკიცებულებების დამოუკიდებლად მოპოვება და თავისი ინიციატივით გამოკვლევა. სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ და მხოლოდ მხარეების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე. თქვენ გეკისრებათ როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი მტკიცების ტვირთი.