ფოტოგამოფენა "გოგონა დაიბადა" გაეროს მოსახლეობის ფონდის ინიციატივით ჩატარდება810 2016.11.24
ფოტოგამოფენა "გოგონა დაიბადა" გაეროს მოსახლეობის ფონდის ინიციატივით ჩატარდება
2016 წლის 25 ნოემბერის, 17 საათზე, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის საგამოფენო დარბაზში დინა ოგანოვას ფოტოგამოფენა „გოგონა დაიბადა“ გაიხსნება. ფოტოგამოფენა გაეროს მოსახლეობის ფონდის (#UNFPA) საქართველოს ოფისის ინიციატივით, გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში, შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით მომზადდა და ეძღვნება 16 დღიან კამპანიას ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ. გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის საზიანო პრაქტიკა საქართველოში ჯერ კიდევ ფართოდ გავრცელებულ პრობლემას წარმოადგენს. ამ პრაქტიკის შედეგად საქართველოში უფრო მეტი ბიჭი იბადება, გოგონების რაოდენობა კი მცირდება. მტკიცებულებებზე აგებული საზოგადოებრივი დისკუსიის წამოწყებისა და ტენდენციების შესწავლის მიზნით, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისმა 2014 წელს ჩაატარა კვლევა, რომელმაც ცხადყო, რომ გენდერული ნიშნით სქესის შერჩევა მჭიდრო კავშირშია კულტურულ და რელიგიურ, ასევე ქალაქსა და სოფლად ცხოვრების თავისებურებებთან. ამ მხრივ მნიშვნელოვანია რამდენიმე გადამწყვეტი ფაქტორის არსებობა, მათ შორისაა ოჯახებში ვაჟებისადმი უპირატესობის მინიჭება. სტატისტიკის თანახმად, ერთი შვილის ყოლის შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეების 46% ბიჭს ამჯობინებს, 45%-სთვის სქესს მნიშვნელობა არა აქვს, ხოლო გოგონას ყოლას მხოლოდ 9% არჩევდა. ამჟამად საქართველოში დაბადებულ ყოველ 100 გოგონაზე საშუალოდ 110 ბიჭი მოდის, მაშინ, როცა დაბადებისას სქესთა შეფარდების ნორმალური ბიოლოგიური დონე მაქსიმუმ 100/106 შეიძლება იყოს. აღნიშნული შეფარდება მესამე და მეტი შვილის შემთხვევაში მნიშვნელოვნად იზრდება და 100/140-ს აღწევს. გამოთვლებით დადგინდა, რომ ასეთი პრაქტიკის გამო 1990 წლიდან 2010 წლამდე საქართველოში დაახლოებით 25 000 გოგონა არ დაიბადა. თუ ტენდენცია შენარჩუნდა, 2050 წლისთვის მათი რიცხვი 80 000-ს მიაღწევს. გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის პრაქტიკა ნეგატიურ გავლენას ახდენს ქვეყნის დემოგრაფიულ მდგომარეობასა და უსაფრთხოებაზე. გრძელვადიან პერსპექტივაში, შედეგად მივიღებთ ძალადობის გაზრდას, ეკონომიკურ რეგრესს და შობადობის შემცირებას. ამ პროცესის შესაჩერებლად, უმნიშვნელოვანესია პრობლემის აღიარება და საზოგადოებრივი დისკუსიის დაწყება იმ სოციალური ნორმებისა და ქცევების შესაცვლელად, რომელსაც გენდერული ნიშნით სქესის შერჩევამდე მივყავართ. წყარო:UNFPA Georgia