საკონსტიტუციო სასამართლომ სავალდებულო სამხედრო სამსახური არ გააუქმა!1025 2016.11.02
საკონსტიტუციო სასამართლომ სავალდებულო სამხედრო სამსახური არ გააუქმა!
საკონსტიტუციო სასამართლოს განხილვაში იყო საქმე "საქართველოს მოქალაქე გიორგი კეკენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ." დავის საგანს წარმოადგენდა„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობის არმქონე მამაკაცებს აკისრებს სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ვალდებულებას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით. კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ იყო გამხდარი „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადება მისი იმ ნორმატიული შინაარსით, რომელიც სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობის არმქონე მამაკაცებს სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ვალდებულებას აკისრებს. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ დასახელებული ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს, რომლითაც დაცულია კანონის წინაშე თანასწორობის ძირითადი უფლება. მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმა დისკრიმინაციულია არა იზოლირებულად, არამედ ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტთან ერთად, რომლის თანახმადაც, სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობის არმქონე ქალები გათავისუფლებული არიან სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ვალდებულების, შესაბამისად, სამხედრო ვალდებულების მოხდისაგან. მოსარჩელე მხარის მითითებით, ქალები, რომელთაც არ გააჩნიათ სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობა და ამავე კატეგორიის მამაკაცებიწარმოადგენენ თანასწორ სუბიექტებს სამხედრო აღრიცხვისა და სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის მიმართ. ეს პირები სადავო ნორმის ძალით,გაუმართლებლად,არათანასწორ მდგომარეობაში იმყოფებიან, რითაც, ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით თითოეული ადამიანისათვის გარანტირებული კანონის წინაშე თანასწორობის უფლება. საკონსტიტუციო სასამართლო საქმეში აღნიშნავს რომ დიფერენცირებული მოპყრობის დისკრიმინაციულობის შეფასებისა და დადგენისას მიმართავს შემდეგ ძირითად მიდგომას: „დიფერენცირებული მოპყრობისას ერთმანეთისგან უნდა განვასხვაოთ დისკრიმინაციული დიფერენციაცია და ობიექტური გარემოებებით განპირობებული დიფერენციაცია. განსხვავებული მოპყრობა თვითმიზანი არ უნდა იყოს. დისკრიმინაციას ექნება ადგილი, თუ დიფერენციაციის მიზეზები აუხსნელია, მოკლებულია გონივრულ საფუძველს. მაშასადამე, დისკრიმინაცია არის მხოლოდ თვითმიზნური, გაუმართლებელი დიფერენციაცია, სამართლის დაუსაბუთებელი გამოყენება კონკრეტულ პირთა წრისადმი განსხვავებული მიდგომით. შესაბამისად, თანასწორობის უფლება კრძალავს არა დიფერენცირებულ მოპყრობას ზოგადად, არამედ მხოლოდ თვითმიზნურ და გაუმართლებელ განსხვავებას“ 2016 წლის 30 სექტემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა,რომლის მიხედვითაც აღნიშნული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.