რეკომენდაცია პრობაციასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე1997 2016.10.25
რეკომენდაცია პრობაციასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე
რას გულისხმობს შინაპატიმრობა? შინაპატიმრობა ნიშნავს არასრულწლოვანისათვის დღე-ღამის განსაზღვრულ პერიოდში თავის საცხოვრებელ ადგილას ყოფნის ვალდებულების დაკისრებას. ვის შეიძლება შეეფარდოს შინაპატიმრობა და რამდენი ხნით? შინაპატიმრობა შეეფარდება ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩამდენ არასრულწლოვანს 6 თვიდან 1 წლამდე ვადით. როგორ ხორციელდება შინაპატიმრობის აღსრულებისას არასრულწლოვანის კონტროლი? შინაპატიმრობის აღსრულებისას არასრულწლოვანის კონტროლი ხორციელდება როგორც წესი ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების გამოყენებით, ხოლო თუ ტექნიკურად შეუძლებელია ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების გამოყენება, მაშინ კონტროლი ხორციელდება მსჯავრდებულის საცხოვრებელ მისამართზე პრობაციის ოფიცრის გაუფრთხილებელი (მოულოდნელი) ვიზიტებით. რა შემთხვევაშია შესაძლებელი ვადამდე პირობითი მსჯავრის მოხსნა და რა პროცედურების გავლაა ამისთვის საჭირო? თუ პირობით მსჯავრდებული გამოსაცდელი ვადის არანაკლებ ნახევრის გასვლის შემდეგ ყოფაქცევით დაამტკიცებს თავის გამოსწორებას, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისია მსჯავრდებულის მიმართ კონტროლისა და დახმარების განმახორციელებელი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას, პირობით მსჯავრდებულისათვის პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და ნასამართლობის მოხსნის შესახებ. აღნიშნული საკითხის გადასაწყვეტად, მსჯავრდებულმა საჭიროა წერილობითი განცხადებით მიმართოს პრობაციის ბიუროს უფროსს პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და ნასამართლობის მოხსნის თაობაზე. იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებული გასამართლებულია ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენისათვის (სსკ-ის 273-ე და 276-ე მუხლებით) სავალდებულოა განცხადებას თან ერთვოდეს ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ექსპერტიზის დასკვნა, ასევე თუ დამატებით სასჯელად მსჯავრდებულს განსაზღვრული აქვს ჯარიმა, ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ვარ პირობით მსჯავრდებული და გამოცხადების დღე მიწევს ყოველი კვირის ხუთშაბათი დღე. იმ შემთხვევაში თუ ჩემი გამოცხადების დღე დაემთხვევა დასვენების დღეს, როდის მომიწევს პრობაციის ბიუროში გამოცხადება? იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებულის გამოცხადების დღე ემთხვევა საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილ უქმე ან დასვენების დღეს, მსჯავრდებული თავისუფლდება ამ დღეს პრობაციის ბიუროში გამოცხადების ვალდებულებისაგან და მას ეკისრება მომდევნო გამოცხადების დღეს პრობაციის ბიუროში რეგისტრაცია. მოგახსენებთ, რომ პირობითი სასჯელის ვადა მეწურება 2010 წლის 10 აპრილს, შაბათ დღეს. 11 აპრილს (კვირას) მსურს გამგზავრება აზერბაიჯანში. გთხოვთ განმიმარტოთ, ხომ არ შეექმნება რაიმე სახის პრობლემა სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას? "არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, თუ პირობითი მსჯავრის ვადის დასრულება ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, მსჯავრდებული თავისუფლდება წინა სამუშაო დღეს, რის თაობაზედაც ეძლევა ცნობა გათავისუფლების შესახებ. ვარ პირობით მსჯავრდებული. ვსაჭიროებ გადაუდებელ ოპერაციას გერმანიის ერთ-ერთ კლინიკაში. როგორ მოვიპოვო საზღვარგარეთ გამგზავრების უფლება? არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ" საქართველოს კანონის მე- 14 მუხლის მიხედვით, საზღვარგარეთ გამგზავრების თაობაზე თქვენს წერილობით განცხადებას განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს პრობაციის ბიუროს უფროსი პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსთან წერილობითი შეთანხმებით. პრობაციის ბიუროს უფროსის გადაწყვეტილება გეცნობებათ წერილობით, პრობაციის ბიუროს უფროსის მიერ განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს 10 სამუშაო დღისა. საზღვარგარეთ გამგზავრების უფლების მოპოვების შემთხვევაში, გეკისრებათ საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის საფასურის გადახდა შემდეგი ოდენობით: ა) ერთ თვემდე ვადით გამგზავრებისას – 600 ლარი; ბ) ერთიდან სამ თვემდე ვადით გამგზავრებისას – 1200 ლარი; გ) სამიდან ექვს თვემდე ვადით გამგზავრებისას – 2000 ლარი; დ) ექვსიდან ცხრა თვემდე ვადით გამგზავრებისას – 2700 ლარი; ე) ცხრიდან თორმეტ თვემდე ვადით გამგზავრებისას – 3400 ლარი. მსჯავრდებულის განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მის მიერ პრობაციის ეროვნული სააგენტოს ანგარიშზე საფასურის ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენისთანავე, პრობაციის ბიუროს უფროსი გასცემს საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვას. წყარო: პრობაციის ეროვნული სააგენტო