იუსტიციის სახლის ახალი სერვისი სოციალურად დაუცველი მშობლებისთვის!858 2016.10.20
იუსტიციის სახლის ახალი სერვისი სოციალურად დაუცველი მშობლებისთვის!
„კეთილი იყოს შენი მობრძანება“ იუსტიციის სახლის ახალი პროექტია, რომელიც 17 ოქტომბერს ამოქმედდა. სერვისი სოციალურად დაუცველ ოჯახებში (100000-მდე ქულა) დაბადებული ბავშვებისთვის არის განკუთვნილი და ის საქართველოს 19-ვე იუსტიციის სახლში ჩვილის დაბადების მოწმობასთან ერთად გაიცემა. სერვისი სპეციალური შეფუთვით პირველადი დანიშნულების ნივთების, ჰიგიენური საშუალებებისა და გაერო-ს ბავშვთაფონდის (UNICEF) მიერ რეკომენდებული საკვები დანამატის საჩუქრად გადაცემას ითვალისწინებს. ამ პროექტისადმი ინტერესის ნიშნად ღონისძიებაში საფრანგეთი-საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ანტუან ბარდონი მონაწილეობდა, რომელმაც იმედი გამოთქვა, რომ ბავშვებზე მორგებულ ამგვარ სერვისებს ქველმოქმედი დამფინანსებლები გამოუჩნდებიან; სპეციალური საჩუქარი შედგენილია კვლევის საფუძველზე და დაკომპლექტებულია ახალშობილი ბავშვისთვის პირველადად საჭირო ნივთებით და 180 ცალი საკვები დანამატის ვიტამინებით, რომლებიც „UNICEF“-ის სტანდარტით კვების დეფიციტის აღმოფხვრისთვის არის აუცილებელი. სტატისტიკური მონაცემებით, დღეს საქართველოში 100 000 ბავშვზე მეტი კვების დეფიციტის მქონეა, რაც ხელს უშლის მათ ფიზიკურ და ინტელექტუალურ განვითარებას; ამ დეფიციტის აღმოფხვრა კი ურთულესია ორი წლის ასაკის შემდეგ. „ჩვენი გრძელვადიანი მიზანი პარტნიორების მოზიდვა, სასაჩუქრე პაკეტის გამდიდრება და დაბადების მოწმობასთან ერთად გაცემაა არა მხოლოდ იუსტიციის სახლებში, არამედ ჩვენი სისტემის ყველა ტერიტორიულ სამსახურსა და საზოგადოებრივ ცენტრში, სადაც მოქალაქე დაბადებას არეგისტრირებს. პროექტის პოპულარიზაციასთან ერთად, სოციალურად დაუცველ მშობლებს ბავშვის დაბადებამდე ბევრად ადრე ეცოდინებათ, რომ დაბადების რეგისტრაციისას, დაახლოებით, 60 ლარის ღირებულების პირველადი მოხმარების საგნებს მიიღებენ და მოცემულ თანხას ბავშვისათვის საჭირო სხვა ხარჯების დასაფინანსებლად მიმართავენ. ამ გზით იუსტიციის სახლი ყოველი სოციალურად დაუცველი ახალშობილის მეგობარი გახდება“, − განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა.