სისხლის სამართლის კოდექსში  არჩევნებთან დაკავშირებით ცვლილებები შედის887 2016.06.17
სისხლის სამართლის კოდექსში არჩევნებთან დაკავშირებით ცვლილებები შედის
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილა. მათი განმარტებით,საარჩევნო უბანზე, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე წინასაარჩევნო აგიტაციის ან წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, ჯარიმით ან ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით დაისჯება. განმეორებით ან ჯგუფურად ჩადენილ ქმედებებზე კი სასჯელის ზომა კიდევ უფრო მკაცრდება. აღნიშნულ სასჯელის ნორმას „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის“ ახალი, 1621მუხლი ითვალისწინებს, რომელიც მთავრობის ინიციატივის წესით მომზადდა. კანონპროექტი ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრებს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ალექსანდრე ბარამიძემ გააცნო. მომხსენებელმა ინიცირებული ცვლილება არჩევნებში მონაწილეობისა და ნების თავისუფალი გამოვლინების უფლების დამცავ საკანონმდებლო მექანიზმად შეაფასა და რაც წინასაარჩევნო კამპანიის და არჩევნების მიმდინარეობისას ძალადობის ერთგვარი პრევენციული ზომა იქნება. მანვე კომიტეტს საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი გააცნო. წარმოდგენილი ცვლილებით, არჩევნების დღეს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოთხოვნით შესაძლებელი ხდება პოლიციის გამოძახება არა მხოლოდ კენჭისყრის შენობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე კენჭისყრის ჩატარების საფრთხის შექმნის შემთხვევაში, არამედ მაშინაც თუკი საფრთხე საზოგადოებრივ წესრიგსაც შეექმნება. მინისტრის პირველმა მოადგილემ განმარტება იმ შეკითხვებზეც გააკეთა, რომლებიც საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან კანონპროექტის ინიცირებისას დაისვა. საკითხი ეხება საარჩევნო უბნებზე პოლიციის გამოჩენას და კენჭისყრის პროცესზე მათ გავლენას. ალექსანდრე ბარამიძის განცხადებით, პოლიციის გამოძახების საჭიროება მხოლოდ რეალურად შექმნილი ექსცესის დროს დგება და იგი წესრიგს არათუ კენჭისყრისთვის გამოყოფილ შენობაში, არამედ მის მიმდებარე ტერიტორიაზე დაამყარებს.