რა უნდა ვიცოდეთ ბანკთან ურთიერთობისას?864 2016.06.13
რა უნდა ვიცოდეთ ბანკთან ურთიერთობისას?
თანამედროვე სამყაროში საბანკო სისტემას უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია. საზოგადოების უმეტესი ნაწილი სხვადასხვა საბანკო პროცედურებით სარგებლობს, თუმცა მათგან ყველაზე ხშირად გამოყენებადი მაინც სამომხმარებლოსესხებია. საკითხის აქტუალურობიდან გამომდივარე, ვფიქრობთ, საზოგადოებისათვის საინტერესო იქნება რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტზე განხილვა. ეს კი თავის მხრივ, მომხმარებელს დაეხმარება თავი აარიდოს ბანკთან ურთიერთობისას წარმოშობილ კონფლიქტურ სიტუაციებს. ერთ-ერთ ყველაზე პრობლემურ თემას ვადაგადასული სესხების თემა წარმოადგენს. ხშირ შემთხვევაში მოვალემ არ იცის რა უფლება-მოვალეობები გააჩნია მას და როგორ უნდა მოიქცეს იმ შემთხვევაში, თუ ბანკი ვადაგადასული სესხის გამო მისი ქონების რეალიზაციას იწყებს. საზოგადოებაში გაბატონებული შეხედულებით, ბანკს ნებისმიერ შემთხვევაში აქვს ამის უფლება, თუმცა საკანონმდებლო ნორმები განსხვავებულად განმარტავენ საკითხს. საკრედიტო მოთხოვნის დაკმაყოფილების საშუალებად ხშირად მომხმარებელი იპოთეკით ტვირთავს უძრავ ნივთს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე–300 მუხლის მე-2 ნაწილი სწორედ ამ საკითხს განიხილავს და მიუთითებს რომ :“ თუ მოვალე გააჭიანურებს იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას, იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთი შეიძლება გადავიდეს კრედიტორის (იპოთეკარის) საკუთრებაში, თუ კრედიტორი და მოვალე ამის თაობაზე ერთობლივი განცხადებით მიმართავენ საჯარო რეესტრს.“ ამ შემთხვევაში კრედიტორად გვევლინება ბანკი და შესაბამისად, ბანკის საკუთრებაში უძრავი ნივთი მხოლოდ იმ შემთხვევაში გადავა თუ ხელშეკრულების მონაწილე ორივე მხარიე თანხმობას განაცხადებს ამაზე. იმ შემთხვევაში თუ მოვალე არ შეასრულებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს, არ გადაიხდის შესაბამის თანხას, მაშინ ბანკი უფლებამოსილია მოითხოვოს ქონების რეალიზაცია. საბანკო თემის გარშემო, აგრეთვე, საინტერესოა ხანდაზმულობის ვადა სახელშეკრულებო ურთიერთობისას. სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის გათვალისწინებით: „სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა ექვს წელს“ მას შემდეგ, რაც ხანდაზმულობის ვადა ამოიწურება, მოვალე ვალდებული არაა შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება. ერთ-ერთ მოქნილ მექანიზმს საბანკო სისტემაში, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს ვადებულება უფრო მარტივი გზებით შეასრულოს წარმოადგენს რესტრუქტურიზაცია. ანუ, მძიმე მდგომარეობის არსებობის შემთხვევაში, ბანკი გამონაკლისის სახით ცვლის სესხის მომსახურების პირობებს და არგებს მას მოვალის შესაძლებლობებს - დაფაროს გატანილი კრედიტი. ასეთ შემთხვევას შეიძლება ადგილი ჰქონდეს მაშინ, როცა ბანკის კლიენტის ფინანსური მდგომარეობა სწრაფად უარესდება და მას არანაირი საშუალება არ აქვს დაფაროს აღებული თანხა. პრაქტიკაში, რესტრუქტურიზაციის გავრცელებულ ფორმას წარმოადგენს კლიენტისათვის ვალდებულების შესრულებისათვის ვადის დამატება. გარდა ამისა, საბანკო ხელშეკრულებები თავი მხრივ გარკვეულ ხარვეზებსაც შეიცავს. მათ მიერ გაწერილი პირობები მეორე მხარეს ხშირად უსამართლო მდგომარეობაში აყენებს. მაგალითად: ბანკი უფლებას იტოვებს მსესხებლის მიერ აღებულ კრედიტთან დაკავშირებით ნაკისრი ვალდებულების მიმდინარეობის შესახებ, დამატებითი შეთანხმების გარეშე, დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია გასცეს და ხელმისაწვდომი გახადოს ნებისმიერი მესამე პირისთვის. საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე დიდ პრობლემას აღნიშნული საკითხის რეგულირებისას წარმოადგენს კლიენტის მხრიდან საკუთარი უფლება-მოვალეობების არ ცოდნა. მიგვაჩნია, საბანკო დაწესებულების წარმომადგენლები მოწოდებული უნდა იყვნენ მომხმარებლისათვის მაქსიმალურად ნათელი და გასაგები გახადონ ხელშეკრულების ყველა პირობა და უზრუნველყონ კლიენტის ინფორმირება მათთვის საინტერესო საკითხების შესახებ.