რა შემთხვევაში ანაზღაურდება მორალური ზიანი?2904 2016.05.25
რა შემთხვევაში ანაზღაურდება მორალური ზიანი?
საქართველოს კანონმდებლობა იცნობს, როგორც ქონებრივი, ასევე არაქონებრივი, მორალური ზიანის ანაზღაურებასაც. კერძო სამართლით გათვალისწინებული სხვადასხვა ურთიერთობების შედეგად შეიძლება ადგილი ჰქონდეს მორალურ, სულიერ ტანჯვას, მაგრამ მისი ანაზღაურება დაიშვება მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში, ე.ი. კანონი პირდაპირ ადგენს, თუ კონკრეტულად რომელი სიკეთის ხელყოფის შემთხვევაში შეიძლება მოითხოვოს დაზარალებულმა არაქონებრივი ზიანისათვის ანაზღაურება. ამდენად, კანონის მიზანია, შეამციროს, შეზღუდოს ამ ნორმით გათვალისწინებული შედეგის დაუსაბუთებელი გაფართოება, რათა უზრუნველყოფილი იქნეს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა და წესრიგი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლი განამრტავს: არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც. ნათელია, აღნიშნული ნორმით ადამიანის ჯანმრთელობა წარმოადგენს ერთ-ერთ დაცულ სიკეთეს, რომლის ხელყოფითაც შესაძლოა დაზარალებულმა არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს. ამასთან, აუცილებელ პირობას წარმოადგენს ისიც, რომ ჯანმრთელობის დაზიანებას თან ერთვოდეს დაზარალებულის სულიერი ტანჯვა თუ ფსიქიკური სტრესი. მორალური ზიანის დადგენა, ქონებრივ ზიანთან შედარების უფრო რთულია, რადგან იგი უკავშირდება ფიზიკურ ან სულიერ ტანჯვას, რასაც ფულადი ექვივალენტი არ გააჩნია. მორალური ზიანი გამოითვლება „გონვრული“ და „სამართლიანი“ ანაზღაურების სახით და მისი ფარგლების დადგენა სასამართლოს კომპეტენციაა.