როგორ იცავს კანონმდებლობა ცხოველთა უფლებებს საქართველოში3190 2016.05.17
როგორ იცავს კანონმდებლობა ცხოველთა უფლებებს საქართველოში
ცხოველების უფლებების დაცვა ადამიანის მორალურ-ეთიკური კულტურიდან გამომდინარეობს. თანამედროვე, პროგრესული საზოგადოება ვალდებულია დაიცვას ცხოველთა უფლებები და უარი თქვას მათ მიმართ სასტიკ მოპყრობაზე. სამწუხაროდ, საქართველოს კანონმდებლობა ამ კუთხით არც ისე მდიდარია. ამასთან, საზოგადოების სამოქალაქო თვითშეგნებაც ნაკლებადაა ორიენტირებული იმისკენ, რომ შეამციროს ცხოველების მიმართ ძალადობა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მხოლოდ ერთი მუხლი ეხება ცხოველებისადმი სასტიკ მოპყრობას და განმარტავს: ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია, აგრეთვე ცხოველის წვალება, -ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) ჯგუფურად; ბ) არაერთგზის; გ) მცირეწლოვნის თანდასწრებით, -ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. მიუხედავად ამ მუხლში განტკიცებული დებულებისა, ამგვარი ქმედებისათვის დამნაშავე იშვიათად ისჯება, რაც შესაძლოა ჩვენი კანონმდებლობის ნაკლოვანებადაც მივიჩნიოთ. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში არა ერთი კამპანია დაიწყო იმისათვის, რომ პრობლემის არსი საზოგადოებისათვის უფრო ნათელი და გასაგები გამხდარიყო. ამ კუთხით სხვადასხვა არასამთვრობო ორგანიზაციამ აქტიური მუშაობა დაიწყო. ცხოველთა უფლებების კომიტეტის ერთ–ერთი მიზანია საკანონმდებლო ცვლილებებისთვის ბრძოლა და შეძლებისდაგვარად ამ ცვლილებების მიღწევა, საზოგადოებაში ჰუმანური მიდგომების დამკვიდრება, რაც ხელს შეუწყობს განხილული პრობლემების მასშტაბების შემცირებას. ცხოველთა უფლებების მსოფლიო დეკლარაციის პრეამბულაში განხილულია რამდენიმე მსიშვნელოვანი ასპექტი, რომლის შესრულებაც ნებისმიერი სახელმწიფოს და შესაბამისად, მისი მოქალაქეების მოვალეობას წარმოადგენს. დეკლარაცია მიუთითებს, რომ ყველა ცხოველს აქვს უფლება მოეპყრან პატივისცემით, აკრძალულია ცხოველებზე ისეთი ექსპერიმენტები, რომლებიც იწვევენ მათ ფიზიკურ, ან ფსიქოლოგიურ ტანჯვას, გამოფენები, დემონსტრაციები, აგრეთვე ფილმები ცხოველთა მონაწილეობით არ უნდა ლახავდნენ მათ ღირსებას და არ უნდა შეიცავდნენ ძალადობის ელემენტებს, ხოლო საგანმანათლებლო სახელმწიფო ორგანოები ადრეული ასაკიდან უნდა უზრუნველყოფდნენ მოქალაქეთა მიერ ცხოველებზე დაკვირვების, მათი გაგების და მათდამი ჰუმანურად მოპყრობის ცოდნასია და უნარ-ჩვევებსის გაღრმავებას.