ევთანაზია - გვაქვს თუ არა სიკვდილის უფლება?5436 2015.12.03
ევთანაზია - გვაქვს თუ არა სიკვდილის უფლება?
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 110-ე მუხლის მიხედვით ევთანაზია არის: მკვლელობა მსხვერპლის დაჟინებული თხოვნით და მისი ნამდვილი ნების შესაბამისად, ჩადენილი მომაკვდავის ძლიერი ფიზიკური ტკივილისაგან გათავისუფლების მიზნით. სიტყვა ევთანაზია ბერძნული წარმოშობისაა და მშვიდ, ბედნიერ, უშფოთველ სიკვდილს ნიშნავს. ევთანაზიის ორ სახეს განასხვავებენ: პასიურს და აქტიურს. აქტიური ნებაყოფლობითი ევთანაზია გულისხმობს უკურნებელი დაავადების ტერმინალურ სტადიაზე მყოფი ავადმყოფის მიმართ ისეთი პრეპარატის გამოყენებას, რომელიც დააჩქარებს მის სიკვდილს. რაც შეეხება პასიურ ევთანაზიას, ის გულისხმობს დამხმარე თერაპიის შეწყვეტას, რასაც იმავე შედეგამდე მივყავართ, მაგრამ არა დაჩქარებით. საქართველოში პასიური ევთანაზია კანონით დაშვებუილია. ადამიანს აქვს უფლება, თავისი ნება პასიური ევთანაზიის განხორციელებასთან დაკავშირებით გამოხატოს წერილობით. გადაწყვეტილების მიღების მომენტში ავადმყოფი უნდა მოქმედებდეს დამოუკიდებლად, საღი გონებით და მისი მიზანი უნდა იყოს ძლიერი ტკივილებისაგან თავის დაღწევა. საინტერესო ფაქტია, რომ ,,პაციენტის შესახებ უფლებების კანონი“ უშვებს პასიური ევთანაზიის გამოყენებას, ხოლო ,,ჯანმრთელობის შესახებ კანონის“ 151-ე მუხლი ცალსახად უკრძალავს ექიმებს და სამედიცინო პერსონალს ევთანაზიის გამოყენებას. თითქოს ჩიხში ვექცევით ამ ორი ნორმის გააზრების შემდეგ, მაგრამ პასუხი მარტივია. კანონით დასჯადია მხოლოდ აქტიური ევთანაზია. ევთანაზიის ქონის უფლება დისკუსიას იწვევს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ ადამიანს გააჩნია თავისუფალი ნება და მას უნდა ჰქონდეს უფლება თავად განსაზღვროს იცოცხლებს თუ არა. მაგალითად, კანადის უზენაესმა სასამართლომ ევთანაზია დააკანონა. განჩინებაში კი განმარტავენ, რომ ევთანაზიის დანაშაულად ცნობა არღვევს თავისუფლებისა და უფლებების შესახე ქარტიას. ასევე აღნიშნავენ, რომ მძიმე ავადმყოფ პაციენტებს უნდა ჰქონდეს არჩევანის უფლება, თავად გადაწყვიტონ, სურთ თუ არა მედიკოსების დახმარება სიცოცხლის დასრულებაში. სტრასბურგის სასამართლოამ ევთანაზიის ფაქტი სიცოცხლის ხელყოფად აღიარა. აშშ-სა და ევროპაში ჩატარებული კვლევების მიხედვით, ევთანაზიის განხორციელების მიზანი ტკივილის შემსუბუქება, მხოლოდ აღნიშნული შემთხვევების ერთ მესამედში აღინიშნება. ევთანაზიის მოწინააღმდეგენი თვლიან, რომ ხშირად გადაწყვეტილების მიღების მიზეზი პაციენტის მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობაა: დერესია, კონტროლის დაკარგვის შიში, სიმძიმის შეგრძნება ან სხვაზე დამოკიდებულების შეუგუებლობა. ნებაყოფლობითმა ევთანაზიამ შეიძლება გამოიწვიოს არასათანადო საფრთხე ჟანდაცვის სფეროში დასაქმებულთა მიმართ. მორალური თვალსაზრისით, ევთანაზიას განიხილავენ როგორც მკვლელობის ერთ-ერთ სახეს. ნებაყოფლობითი ევთანაზია ხშირად უარყოფილია, როგორც ადამიანის სიცოცხლის სიწმინდის დარღვევა. ზოგიერთი თეოლოგი ნებაყოფლობით ევთანაზიას ცოდვილ ქმედებად, ანუ გაუმართლებელ მკვლელობად მიიჩნევს. ასევე ვარაუდობენ იმასაც, რომ ნებაყოფლობითი ევთანაზიის ლეგალიზებამ შეიძლება გამოიწვიოს განუკურნებელი დაავადებების განკურნების ახალი გზების ძიების მოშლა.