ქსელური მარკეტინგი - ლეგალური ბიზნესი თუ აფიორა?2080 2015.11.05
ქსელური მარკეტინგი - ლეგალური ბიზნესი თუ აფიორა?
როდესაც ქვეყანაში უმუშევრობის დონე ასეთი მაღალია, ალბათ, სამსახურის პოვნის მიზნით, ერთხელ მაინც, ყველას დაურეკავს მსგავს კომპანიებში. თანამდებობრივი წინსვლა და მზარდი ანაზღაურება - აი რას სთავაზობენ ისინი თანამშრომლებს. ქსელური მარკეტინგი, მრავალდონიანი მარკეტინგის შემადგენელი ნაწილია, რომელიც თავის მხრივ ტრადიციული მარკეტინგისგან ძალიან განსხვავდება. ქსელურ მარკეტინგში დასაქმებული გაყიდვების აგენტები თვითდასაქმებული დილერები არიან. მათ არ გააჩნიათ ფიქსირებული ხელფასი და ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად გაასაღებენ კომპანიის პროდუქციას. დიდი მნიშვნელობა არ აქვს ოჯახის წევრებს მიჰყიდიან, მეზობლებს თუ თავად დაიტოვებენ, მთავარია კომპანიას ფული შეუვიდეს. ამ სისტემაში დასაქმებულ პირებს, როგორც წესი, არ აქვთ მაღალი შემოსავალი, რადგან მათ უკვე ჰყავთ ზემდგომი პირები, რომლებსაც უხდიან პროცენტს გაყიდული პროდუქციიდან. ყველაზე დიდ მოგებას ნახულობს ის ვინც, პირამიდის თავშია, ხოლო ყველაზე მეტად დაზარალებულია უკანასკნელ საფეხურზე მყოფი თანამშრომელი. დღეისათვის საქართველოში რამოდენიმე კომპანიაა, რომელთა მუშაობა მრავალდონიან მარკეტინგს განეკუთვნება. მაგალითად: MLM technology, BBS holding, Winalite და კიდევ სხვა პატარ-პატარა კომპანიები. ჩვეულებრივ მსგავს კომპანიებში მოხვედრა დიდ სირთულეს არ წარმოადგენს. მთავარია იყო ენერგიული, კომუნიკაბელური, 18-35 წლამდე. სამუშაო გამოცდილება და უმაღლესი განათლება არ არის აუცილებელი. სამსახურში მიღება მოიცავს რამოდენიმე ეტაპს: გასაუბრება, ტრენინგი, რომელიც საშუალოდ 20-35 ლარი ღირს, მოგვიანებით კი საჭიროა გაყიდო 600 ლარის პროდუქცია და გარკვეული ,,ქულების“ დაგროვებგის შემდეგ მოიყვანო ახალი თანამშრომლები. როგორც წესი, აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობას თანამშრომლების 90% მალევე ანებებს თავს. მთავარი მიზეზი კი ისაა, რომ ვერ ახერხებენ პროდუქტის გასაღებას და შესაბამისად ანაზღაურებასაც ვერ იღებენ. სოციალურ ქსელებში საკმაოდ ხშირად წერენ მსგავსი პრობლემებით ადამიანები. მათ აინტერესებთ იურისტები აზრი მსგავს ფაქტებზე. სამართალი კი აი რას გვეუბნება: ქსელური მარკეტინგი არცერთ ქვეყანაში არაა აკრძალული, ქსელური მარკეტინგი არ არის არალეგალური პირამიდა. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ბილ გეითსმა ერთ-ერთ ინტერვიუში ქსელური მარკეტინგი დაასახელა ყველაზე სრულყოფილ და ყველაზე შემოსავლიან ბიზნესად. და მაინც საინტერესოა, მიმართავს თუ არა ხალხი აღნიშნულ ვაკანსიებს. ამ ფაქტის გასარკვევად ნეტგაზეთმა 2010 წელს ჩაატარა კვლევა 19-25 წლამდე სტუდენტებში. შედეგები კი ასეთია: გამოკითხული 200 რესპოდენტის აზრით ქსელურმა მარკეტინგმა დღეს საქართველოში პოპულარობა დაკარგა, 77%-ს არ სჯერა მრავალდონიან მარკეტინგში დასაქმების, 5%-ს არ სმენია მსგავსი დასაქმების შესახებ, ხოლო 18%-ს სჯერა ჯერ კიდევ, რომ ქსელური მარკეტინგი უმოკლესი გზაა გამდიდრებისკენ. რას გირჩევთ ჩვენ? ნუ მიიღებთ მსგავს გადაწყვეტილებებს სწრაფად, გაეცანით სამუშაო პირობებს საფუძვლიანად და მხოლოდ შემდეგ მოაწერეთ ხელი ხელშეკრულებას. უფრო კონკრეტული მითითებების მისაღებად, თქვენ შეგიძლიათ გაიაროთ ონლაინ კონსულტაცია ჩვენს იურისტებთან myadvokat.ge-ზე. წყარო: http://www.netgazeti.ge/GE/39/business/3813/