არის თუ არა აბორტი ქალთა კონსტიტუციური უფლება?2544 2015.04.06
არის თუ არა აბორტი ქალთა კონსტიტუციური უფლება?
ამერიკის შეერთებულ შტატებში XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმე ეხებოდა აბორტის თემას, რომლის ფარგლებშიც დღის წესრიგში დადგა საკითხი, რამდენად კონსტიტუციური იყო კანონმდებლობაში ის ნორმა, რომელიც ქალებს ფეხმძიმობის შეწყვეტის უფლებას აძლევდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს აუცილებელი იყო დედის სიცოცხლის გადასარჩენად. ზოგადად, აბორტს განიხილავენ ჩანასახის სიცოცხლის უფლების ჭრილში, ამჯერად გთავაზობთ საკითხზე მსჯელობას დედის კონსტიტუციური უფლების თვალსაზრისით. 1970 წელს ამერიკის შტატში, ტექსასში, რაიონულმა სასამართლომ განიხილა საქმე(Roe v. Wade), რომელიც აღიძრა ნორმა ელ მაკქორვის სარჩელის საფუძველზე, რომელიც წარმოდგენილი იყო ჯეინ როს სახელით ანონიმურობის დაცვის მიზნით. საქმეში მოპასუხე იყო ჰენრი ვეიდი, რომელიც წარმოადგენდა ტექსასის შტატს.

ნორმა აცხადებდა, რომ მისი ფეხმძიმობა ძალადობის შედეგი იყო და მოითხოვდა ტექსასის სისხლის სამართლის იმ ნორმების კონსტიტუციურობის შემოწმებას, რომლებიც აბორტს მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდიდა ლეგალურს, თუ იგი აუცილებლობას წარმოადგენდა სამედიცინო თვალსაზრისით დედის სიცოცხლის გადასარჩენად. მოსარჩელეს სურდა ფეხმძიმობის შეწყვეტა სათანადო პროცედურით ექიმის დახმარებით, რაც შეუძლებელი იყო, რადგან მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა ორსულობის გაგრძელების შემთხვევაში. მოსარჩელეს მითითებით, აღნიშნული ნორმები ეწინააღმდეგებოდა კონსტიტუციურ ნორმას, რომელიც მისი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას იცავდა. ადგილობრივმა სასამართლომ საქმე მოსარჩელის სასარგებლოდ გადაწყვიტა, მაგრამ ვერ აიძულა შტატი, შეეცვალა კანონი.

ეს საქმე მივიდა შტატების უზენაეს ინსტანციამდე, სადაც სასამართლომ იმსჯელა და 1973 წლის 22 იანვარს ხმათა უმრავლესობით გადაწყვიტა, რომ სისხლისსამართლებრივი ნორმა აბორტთან დაკავშირებით უნდა გაუქმებულიყო. სასამართლომ დაადგინა, რომ პირადი ცხოვრების უფლება ფუნდამენტური უფლებაა და საკმარისად ფართოა იმისთვის, რომ მოიცვას ქალის გადაწყვეტილება, შეწყვიტოს თუ არა ფეხმძიმობა. ამდენად, ამერიკის კონსტიტუციის მიხედვით, აბორტის უფლება ფუნდამენტურ უფლებად ჩაითვალა.

ამ გადაწყვტილებამ გამოიწვია მთელი ქვეყნის მასშტაბით დაუსრულებელი დებატები, რომელიც დღესაც გრძელდება. იდეური დაპირისპირება ამ საკითხთან დაკავშირებით საკმაოდ დიდია და შეიძლება ითქვას, რომ აბორტთან დაკავშირებული მოსაზრებების ორი მიმართულებიდან არც ერთის მხარესაა უმრავლესობა, რაც კამათის მომავალშიც გაგრძელების მოლოდინს ქმნის. სადავო საკითხებია, რა პირობების დადგომის შემთხვევაში უნდა იყოს აბორტი ლეგალური, ვინ უნდა წყვეტდეს ამას, სასამართლომ რითი უნდა იხელმძღვანელოს კონსტიტუციური უფლებების დარღვევის შეფასებისას და რამდენად უნდა იქნეს გათვალისწინებული რელიგიური და მორალური შეხედულებები ამ საკითხის ირგვლივ?

აღსანიშნავია, რომ აბორტის თემა მთელი თავისი პრობლემებით ჩვენშიც აქტუალურია. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, უკანონო აბორტი აკრძალულია, ხოლო ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონში არის შემდეგი ჩანაწერი: "თორმეტ კვირაზე მეტი ხანგრძლივობის ორსულობის შემთხვევაში აბორტი ნებადართულია მხოლოდ სამედიცინო და სოციალური ჩვენებების მიხედვით. სამედიცინო ჩვენებების ჩამონათვალს ადგენს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო. სოციალური ჩვენებები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით."

სავარაუდოდ, საკითხის კომპლექსურობიდან გამომდინარე, ეს თემა კიდევ დიდ ხანს იქნება საკამათო უნივერსალური გადაწყვეტის მოლოდინში.

წყარო