ფსიქოაქტიური ნივთიერებები - გადაჭრილი პრობლემა (?)2219 2014.11.26
ფსიქოაქტიური ნივთიერებები - გადაჭრილი პრობლემა (?)
დიდი ხანი არაა გასული, რაც ფსიქოაქტიურ ნივთიერებების თემა საკმაოდ მწვავედ იდგა დღის წესრიგში. ეს, მეტწილად, გამოწვეული იყო იმით, რომ ისეთი ნივთიერების მოხმარებამ, როგორიცაა ე.წ. ბიო, ადამიანის გარდაცვალებაც კი გამოიწვია, როგორც საინფორმაციო სააგენტოები წერდნენ. აღნიშნული შემთხვევის შემდეგ სახელმწიფო ორგანოებმა გარკვეული ზომების მიღებაზე დაიწყეს ფიქრი და დღეს, ამ პერიოდის შემდეგ უკვე შეგვიძლია მიმოვიხილოთ, რა გაკეთდა ამ მიმართულებით და რამდენად იქონია ამან სასურველი ეფექტი? ცნობილი მოვლენების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოპოლიტიკა, შეიძლება ითქვას, მნიშვნელოვნად გააუმჯობესა. პარლამენტმა ახალ გამოწვევას შესაბამისი კანონით უპასუხა, რომელსაცახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ კანონიეწოდა. აღნიშნული კანონით მოხდა კრიმინალიზება იმ ნივთიერებების, რომელთა შეძენა იქამდე საკმაოდ მარტივად იყო შესაძლებელი.

განსაკუთრებული აქტუალობით წინა პერიოდში და დღესაც ბიო ნარკოტიკი სარგებლობს. იგი მთელ რიგ ქვეყნებში ნარკოტიკულ ნივთიერებათა სიაშიც არაა და ქართველი მომხმარებლები მარტივად ახერხებდნენ მის გამოწერას ონლაინ მაღაზიებიდან. ბიო ნარკოტიკის გახშირებულმა მოხმარებამ საკმაოდ მძიმე შედეგი მოიტანა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გავრცელების აღკვეთის კამპანია დაიწყო, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა სხვადასხვა ღონისძიება, ისინი, ძირითადად, ეძღვნებოდა ცნობიერების ამაღლებას ახალგაზრდებში ამ თემის ირგვლივ. გარდა ამისა, შსს-ის ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში მოხდა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის სახელმწიფო კომისიის რამდენჯერმე შეკრება და მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა. როგორც მითითებულია,აღნიშნული სახელმწიფო კომისიის ფუნქციაა განახორციელოს მუდმივი დაკვირვება ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და შესაბამისი კანონმდებლობის აღსრულებაზე.

ზოგადი განმარტებით,ნებისმიერი ნივთიერება, რომელიც მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე და ცვლის ფსიქიკურ მდგომარეობას, წარმოადგენს ფსიქოაქტიურ ნივთიერებას. ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს მიეკუთვნება ალკოჰოლი, თამბაქო, კოფეინი, ნარკოტიკები და ის მედიკამენტები, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ ფსიქიკურ მდგომარეობაზე. "ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ კანონში" მითითებულია, რომახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება გულისხმობს ამ კანონის დანართებით განსაზღვრული ნივთიერებას ან მინარევს, რომელსაც მოხმარების შემთხვევაში ადამიანის სხეულში ფსიქოაქტიური ზეგავლენის გამოწვევა შეუძლია.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცალკეა გამოყოფილი ნარკოტიკული საშუალებების თავი, რომლის 260-ე მუხლში 2014 წლის აპრილში ცვლილებაა შესული და 260-ე მუხლს დამატებული აქვს 1-ლი პრიმა ნაწილი შემდეგი შინაარსით:

"11. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე." რაც შეეხება კანონს "ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ", მისი მე-4 მუხლით განსაზღვრულია შემდეგი დანაწესი: მუხლი 4. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების უკანონო ბრუნვის აკრძალვა 1. აკრძალულია ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა, გასაღება, საქართველოში უკანონოდ შემოტანა, საქართველოდან უკანონოდ გატანა ან ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვა. 2. სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი, საექსპერტო და კრიმინალისტიკური საქმიანობების განხორციელების მიზნით ნებადართულია ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გამოყენება, საქართველოში შემოტანა ან საქართველოდან გატანა. 3. სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი, საექსპერტო და კრიმინალისტიკური საქმიანობების განხორციელების მიზნით ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გამოყენების, საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის ნებართვაზე ვრცელდება ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების ნებართვებისთვის დადგენილი წესი. 4. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების უკანონო ბრუნვა იწვევს კანონით დადგენილ პასუხისმგებლობას. კიდევ ერთი კანონი, რომელიც ამ თემას უკავშირდება, არის "ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპულინივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ" საქართველოს კანონი.ამ კანონისმე-14 და 32-ე მუხლებისა და V-VI თავების მოქმედება ვრცელდება ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზეც. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ახალი ფსიქოაქტიური საშუალებების მოხმარება დასჯადი არაა.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, სახელმწიფოს პოლიტიკა ფსიქოაქტიურ ნივთიერებთან დაკავშირებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია და, შსს-ის მონაცემებით, ამ დრომდე რამდენიმე შემთხვევაა გამოვლენილი, სადაც ბიო ნარკოტიკის ამოღება მოხდა. ამასთან, მსგავსი ნივთიერებების მოხმარებით გამოწვეული ჯანმრთელობის დაზიანების და გადაცვალების შემთხვევებიც ნაკლებად არის საინფორმაციო სააგენტოების მიერ მოწოდებული.

შესაბამისად, შეიძლება დავასკვნათ, რომ სახელმწიფო ორგანოების მიერ პრობლემის გონივრული გადაწყვეტა იქნა შემუშავებული, თუმცა რამდენადაც სტატისტიკურად და მკაფიოდ ჯერჯერობით არაფერი დასტურდება, კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშაა ამგვარი მოქმედებების ეფექტიანობა, რაც, ალბათ, კვლავ გარკვეული პერიოდის შემდეგ უნდა შეფასდეს.