ოჯახური ძალადობა - სტატისტიკა და კანონმდებლობა2357 2014.11.20
ოჯახური ძალადობა - სტატისტიკა და კანონმდებლობა
ოჯახური ძალადობის თემასთან დაკავშირებით ბოლო დროს ჩვენს ქვეყანაში არასასურველი ტენდენცია ფიქსირდება, რაც ვლინდება იმაში, რომ საკმაოდ ხშირად გვესმის ოჯახის წევრზე განხორციელებულ დანაშაულებრივ ქმედებებზე ინფორმაციები. საზოგადოებისთვის რეალური სურათის წარმოდგენა შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენცია უფროა, თუმცა ჩვენ შევეცდებით ამ თემის ირგვლის სტატისტიკა და კანონმდებლობა მიმოვიხილოთ, რამაც, შესაძლოა, დაინტერესებული მკითხველი საკმარისი ინფორმაციით აღჭურვოს პრობლემის უკეთ გასააზრებლად და მის საწინააღმდეგოდ ქმედითი ნაბიჯების მოფიქრებისთვის. ზოგადად, ოჯახური ძალადობა ის თემაა, რომელსაც არც სამშობლო აქვს და არც სქესის თუ ასაკის ნიშნის სპეციალური სუბიექტი ჰყავს, ამდენად, შესაბამისი ფაქტები ხდება თითქმის ყველა ქვეყანაში, განურჩევლად მშპ-სა თუ განათლების დონისა. ამასთან, ის, რომ ოჯახში მოძალადე ყოველთვის მამაკაცია, არ შეესაბამება სინამდვილეს და მოძალადის სტატუსს ოჯახის სხვა წევრებიც ირგებენ. საერთოდ, ძალადობას სხვადასხვა, მათ შორის, ფსიქოლოგიური თუ სოციალური, აგრეთვე, ეკონომიკური ასპექტი შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ ჩვენ მხოლოდ სამართლებრივ ასპექტსა და ფაქტებზე გავამახვილებთ ყურადღებას. პირველ რიგში, მოვიყვანოთ რამდენიმე სტატისტიკური მონაცემი:

  • ოჯახური ძალადობის ფაქტების 95% შემთხვევებში მსხვერპლი არის ქალი ან ბავშვი, ხოლო მოძალადე - მამაკაცი;
  • ყოველი მესამე ქალი მსოფლიოში არის ცემის, სექსუალური ან სხვა სახის ძალადობის მსხვერპლი;
  • მოცემული წლის მანძილზე ქალების 6-10% ოჯახური ძალადობის მსხვერპლია;
  • ფეხმძიმე ქალების 4-12%-მა განაცხადა, რომ ფეხმძიმობის განმავლობაში ცემდნენ;
  • ოჯახური ძალადობა 19-44 წლის ქალთა სიკვდილის ყველაზე ხშირი მიზეზია;
  • 7668 გამოკითხული დაქორწინებული ქალიდან (გამოკითხვა ჩაატარა USAID-მა 2001 წელს), 30%-მა მიუთითა, რომ ვერბალური ძალადობის მსხვერპლია იყო, 20%-მა - ფიზიკური ძალადობის, ხოლო 10%-მა - სექსუალური ძალადობისა თანაცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე. მხოლოდ 1%-მა მიმართა ამის გამო პოლიციას.
  • საქართველოში ოჯახური ძალადობის შემთხვევების მხოლოდ 10%-ია გაცხადებული პოლიციაში;
  • 2005 წელს 1000 ქალის გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ მათი 22,2% ერთხელ მაინც ყოფილა ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი, 5% - სისტემატური ძალადობისა, ხოლო 25,5% სექსუალური ძალადობის მსხვერპლი საკუთარი ქმრების მხრიდან.

რაც შეეხება საკითხს საკანონმდებლო მოწესრიგებას, ამ მხრივ გვაქვს "ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ" საქართველოს კანონიდა სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლი, რომელიც 2012 წლის ივნისში დაემატა კოდექსს და ასე გამოიყურება: მუხლი 1261. ოჯახში ძალადობა1. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლიაამ კოდექსის 117-ე,118-ეან120-ე მუხლითგათვალისწინებული შედეგი,−ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე.2. იგივე ქმედება, ჩადენილი:ა) წინასწარი შეცნობით ორსული ქალის, არასრულწლოვნის ან უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ;ბ) არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;გ) ორი ან მეტი პირის მიმართ;დ) პირთა ჯგუფის მიერ;ე) არაერთგზის, −ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან ორას საათამდე, თავისუფლების შეზღუდვით ვადით ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

შენიშვნა:ამ მუხლის მიზნებისათვისოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. მნიშვნელოვანია, რომ ზემოთქმული კანონი და ეს მუხლი ერთსა და იმავე საკითხს აწესრიგებს და დავაც იყო იმასთან დაკავშირებით, რომელი უფრო მოქნილი და ეფექტიანია ოჯახურ ძალადობასთან რეალურად საბრძოლველად და იყო თუ არა საჭირო სისხლის სამართლის კოდექსში ამგვარი მუხლის ჩაწერა. ფაქტია, რომ ეს თემა ქართული რეალობისთვის ძალიან მტკივნეულია და ცუდი არაფერი უნდა იყოს იმაში, დამატებითი რეგულაციები, რეალური სამოქმედო ბერკეტები თუ იქმნება, ამასთან, ხსენებული კანონიც ცვლილებებს განიცდის დროდადრო და შესაბამისი ორგანოების აშკარა დაინტერესება იგრძნობა ამ მხრივ უკეთესი საკანონმდებლო მოწესრიგების უზრუნველსაყოფად. თუმცა ჯერჯერობით კონკრეტული პასუხის გარეშე რჩება კითხვა იმაზე, რა ხილვადი შედეგი მოიტანა საკანონმდებლო ცვლილებებმა საქართველოში ოჯახური ძალადობის ფაქტების შემცირების კუთხით? დაბოლოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოლოდროინდელი ოფიციალური სტატისტიკა: სულ 2007-2014 წლების (იანვარ-ივნისი) პერიოდში დაფიქსირდა ძალადობის 1102 ფაქტი, მათში მონაწილე 2223 პირით.მოძალადეებს შორის სჭარბობენ მამაკაცები - 1014, ხოლო ქალების რაოდენობა შეადგენს 82-ს. აღნიშნულ პერიოდში ოჯახური ძალადობის მსხვერპლი გახდა 1010 ქალი და 117 მამაკაცი.ოჯახური ძალადობის სახეებიდან საქართველოში ჭარბობს ფიზიკური (47,2%) და ფსიქოლოგიური ძალადობა (42,8%), ხოლო დანარჩენ ოჯახურ ძალადობებზე მთლიანად მოდის - 10%.2013-2014 წწ. (6 თვეში) ოჯახური ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით დევნა დაიწყო სსკ 11 პრიმა და 126 პრიმა მუხლებით 310 პირის მიმართ, აქედან 289 -მამაკაცი და 21 - ქალი.დაზარალებულად ცნობილია 468 პირი, აქედან მამაკაცი - 96, ქალი - 372.