რა შემთხვევაში განიხილება მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხი1290 2014.03.19
რა შემთხვევაში განიხილება მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხი
მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისათვის აუცილებელია კანონით დადგენილი რამდენიმე მოთხოვნის დაკმაყოფილება. აღნიშნულისათვისდაცული უნდა იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 72-ე, 73-ე და 98-ე მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნები. კერძოდ, პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისათვის მსჯავრდებულმა ფაქტობრივად უნდა მოიხადოს: 1. ნაკლებად მძიმედანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ნახევარი; 2. მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ორი მესამედი; 3. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ სამი მეოთხედი; 4. სამი მეოთხედი სასჯელისა, რომელიც დანიშნული ჰქონდა პირს, რომელიც წინათ პირობით ვადამდე გაათავისუფლეს, ხოლო პირობით ვადამდე გათავისუფლება გაუქმდა შემდეგ გარემოებათა გამო: ა) ჯიუტად თავი აარიდა პირობით ვადამდე გათავისუფლებისას მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულებას; ბ) ჩაიდინა გაუფრთხილებლობითი დანაშაული, რა დროსაც პირობით ვადამდე გათავისუფლების გაუქმების ან ძალაში დატოვების საკითხს წყვეტს სასამართლო; გ) ჩაიდინა განზრახი დანაშაული. მსჯავრდებულის მიერ ფაქტობრივად მოხდილი თავისუფლების აღკვეთის ვადა არ უნდა იყოს 6 თვეზე ნაკლები. მსჯავრდებული უვადო თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან შეიძლება გათავისუფლდეს, თუ მან ფაქტობრივად მოიხადა თავისუფლების აღკვეთის ოცდახუთი წელი. რაც შეეხება არასრულწლოვან მსჯავრდებულებს, მათი პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისათვის საჭიროა მსჯავრდებულს ფაქტობრივად მოხდილი ჰქონდეს: ა) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ერთი მესამედი; ბ) მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ნახევარი; გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ორი მესამედი.