როგორ უნდა მოიპოვოს პირობით მსჯავრდებულმა საზღვარგარეთ გამგზავრების უფლება1578 2014.03.18
როგორ უნდა მოიპოვოს პირობით მსჯავრდებულმა საზღვარგარეთ გამგზავრების უფლება
საქართველოს კანონმდებლობით პირობით მსჯავრდებულს აქვს ქვეყნის დატოვების უფლება, თუმცა აღნიშნულისათვის აუცილებელია შესაბამისი ნებართვა. "არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მიხედვით, საზღვარგარეთ გამგზავრების თაობაზე, პირობით მსჯავრდებულის წერილობით განცხადებას პრობაციის ოფიცრის შუამდგომლობით განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს პრობაციის ბიუროს უფროსი პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსთან წერილობითი შეთანხმებით. პრობაციის ბიუროს უფროსის გადაწყვეტილება პირობითმსჯავრდებულს ეცნობება წერილობით, მის მიერ განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს 10 სამუშაო დღისა. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ წერილობით განცხადებას პრობაციის ბიუროს უფროსი განიხილავს დაჩქარებული წესით 2 სამუშაო დღის ვადაში, მსჯავრდებულის მიერ დაჩქარებული მომსახურების საფასურის – 200 ლარის პრობაციის ეროვნული სააგენტოს ანგარიშზე ჩარიცხვის საფუძველზე. საზღვარგარეთ გამგზავრების თაობაზე მსჯავრდებულისათვის უარის თქმის შემთხვევაში დაჩქარებული მომსახურების საფასური უკან არ ბრუნდება. საზღვარგარეთ გამგზავრების შემთხვევაში პირობით მსჯავრდებულს ეკისრება გამგზავრების ნებართვის საფასურის გადახდა შემდეგი ოდენობით: ა) ერთ თვემდე ვადით გამგზავრებისას – 600 ლარი; ბ) ერთიდან სამ თვემდე ვადით გამგზავრებისას – 1200 ლარი; გ) სამიდან ექვს თვემდე ვადით გამგზავრებისას – 2000 ლარი; დ) ექვსიდან ცხრა თვემდე ვადით გამგზავრებისას – 2700 ლარი; ე) ცხრიდან თორმეტ თვემდე ვადით გამგზავრებისას – 3400 ლარი. მსჯავრდებულის განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მის მიერ პრობაციის ეროვნული სააგენტოს ანგარიშზე საფასურის ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენისთანავე, პრობაციის ბიუროს უფროსი გასცემს საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვას. ამ მუხლით დადგენილი წესით, მსჯავრდებულის საზღვარგარეთ ყოფნისას შესაძლებელია გაგრძელდეს საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის ვადა, თუ პრობაციის ბიუროში წარდგენილი იქნება შესაბამისი საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, მსჯავრდებულის პირადი ნომრისა და დანიშნულების მითითებით.